დრამერ ჯონ ჰაისმანის ქმნილება Colosseum- მა, გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობის პერიოდში, ორი სახის ჯაზ როკი შეასრულა, რომელთაგან პირველი ბლიუზურ საფუძველზე აწყობილ ტრადიციულ ჯაზურ სვლებს როკ იმპროვიზაციულ გიტარასთან და მრავალფეროვან (ზოგჯერ კლასიკურ) ჰამონდთან ახამებდა, ხოლო მეორე (გარი მურისა და დონ ეირის პერიოდისა) კი, კლასიკურ ჯაზ-როკ ფიუჟენს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, მსმენელთათვის და უპირველეს ყოვლისა თვით ჯონ ჰაისმანისათვის, უფრო ახლობელი პირველი მიმართულება აღმოჩნდა.
აქედან გამომდინარე, ამჯერად 1994 წელს შემდგარი განსაკუთრებული „რეიუნიონის“ შესახებ მოგითხრობთ, რომელმაც შეძრა სრულიად ბრიტანული ჯაზ როკისა და რიტმ ენდ ბლიუზის მოყვარულთა სამყარო, ასმენინებს და აცქერინებს რა დღემდე გემოვნებიანი და იმპროვიზაციული მუსიკის გურმანებს იმ საოცარ კონცერტს, რომელსაც საფუძველად ჯგუფის ერთ–ერთი წევრის – პიანისტ დეივ გრინსლეიდის 50 წლის იუბილე დაედო.
Colosseum –მა საუკეთესო შემადგენლობით, მხოლოდ ორი წელიწადი (1970–1971) იარსება, დატოვა მანჩესტერის უნივერსიტეტის დარბაზში ჩაწერილი საოცარი ლაივ ალბომი და შემდეგ კი თითქოს საბოლოოდ დაიშალა.
მაგრამ ნურას უკაცრავად; Colosseum, რომელიც ჯგუფის ლიდერ – დრამერ ჯონ ჰაისმანის აზრით, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს პირველი ჯაზ როკ ბენდია, რადგან თუნდაც Chicago–ს ჯაზური ყაიდის სოლოებისაგან განსხვავებით, როკული ხასიათის გიტარ სოლოებს ასრულებს, სცენაზე თურმე კიდევ უნდა გამოჩენილიყო და თანაც როგორ!
დეივ გრინსლეიდის იუბილეზე, ვირტუოზი ინსტრუმენტალისტების ხუთეული, მომღერალ ქრის ფარლოუსთან ერთად, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გადაეშვა იმპროვიზაციაში; მუსიკოსებმაც იგრძნეს, რომ ასეთი დაკვრის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა და გადაწყვიტეს, რომ კვლავ შეკრებილიყვნენ. ჯონ ჰაისმანს არ ეჯერა, რომ კოლექტივი იმ დროს კვლავაც აქტუალური იქნებოდა, მაგრამ მისი მენეჯერის გზავნილებს, თურმე ევროპის 30–მდე წამყვანი დარბაზი სიამოვნებით გამოეხმაურა და საქმეც დაიძრა. როგორ არ გავიხსენოთ აქ სტივენ ტაილერის დიდებული სიტყვები: „მადლობა ღმერთს, რომ მძლავრი აკორდებისათვის დატოვა მცირეოდენი ადგილი სამყაროში“.
მძლავრი აკორდებისა რამ მოგახსენოთ, მაგრამ გასული საუკუნის 90–იან წლებში, თუ მოიძებნებოდა ტრადიციული ბრიტანული ჯაზ როკის მოყვარული უამრავი ადამიანი, ჰაისმანი ნამდვილად არ ელოდა.
ყველაფერი იმთავითვე ნათელი იყო. Colosseum –მა თავის დროზე იმდენად ცოტა ხანს იარსება, რომ მუსიკოსები მართლაც რომ „დამშეულნი“ იყვნენ უშრეტი საიმპროვიზაციო გასაქანის მქონე კომპოზიციების კიდევ მრავალნაირად წარმოსადგენად. საქმე ისაა, რომ რეპერტუარმა სახეცვლილება მხოლოდ ამ თვალსაზრით განიცადა და არანაირი „თანამედროვე“ ტენდენციები მას არ შეჰმატებია. ამის დამადასტურებელია სწორედ ის ზემოთხსენებული ორდისკიანი ლაივ ალბომი Colosseum Lives – The Reunion Concerts, რომლის DVD ვერსიაც იხილა მზის სინათლემ. ამასთან ერთად, ექვსეულს თავიდან არც ახალი სიმღერების მოგონებაზე უზრუნია. ძველიც საკმარისი იყო მსმენელის წინაშე წარსადგენად.
კონცერტს მძლავრი, და ტემპიანი შემყვანი For Those About To Die ხსნის, გიტარისტ კლემ კლემპსონისა და საქსოფონისტ დიკ ჰეკსტოლ–სმიტის შთამბეჭდავი სოლოებით, ხოლო მისი დასრულებისთანავე მსმენელთა წინაშე ჯონ ჰაისმანი შემდეგი სიტყვებით წარადგენს ქრის ფარლოუს: „ახლა სცენაზე გამოჩნდება ადამიანი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ჯგუფი; აი ისიც, ბრიტანული ბლიუზისა და როკ’ნ’როლის უდიდესი წარმომადგენელი – მომღერალი ქრის ფარლოუ!“
და იწყება ბლიუზი Skelington ხანგრძლივი გიტარ სოლოთი და ტრადიციული იმპროვიზაციული ჩანართებით სხვადასხვა კლასიკური როკ კომპოზიციებიდან, შემდეგ კი Tanglewood 63’, რომელშიც ვიოლინოს გასაღები ხელთ უკვე დიკ ჰეკსტოლ-სმიტს უპყრია და მუსიკოსიც, რომელიც ინსტრუმენტს თითოეული უჯრედით შეიგრძნობს, ბლუზურ ენაზე ამეტყველებს მას, აჩვევს რა როკ მუსიკის ტრადიციული მოყვარულის ყურს, საქსოფონს...
ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი ისევე ვითარდება, როგორც იქამდე 23 წლის წინანდელ საკონცერტო ალბომში; ხასიათიც შენარჩუნებულია და ხელწერაც, მაგრამ მალე ბევრი რამ იცვლება, რადგან Valentine Suite-ის მსგავსი საკონცერტო შედევრი, მართლაც რომ თითზე ჩამოსათვლელია ზოგადად როკ მუსიკის ისტორიაში. ინსტრუმენტული კომპოზიცია სამი ნაწილისაგან შედგება. ულამაზესი ვოკალ ფონური ჩანართებიც აქ პრაქტიკულად ინსტრუმენტულ ანსამბლში ჯდება და ერთიან იდეას ამყარებს ჯერ მარკ კლარკის ბას გიტარ სოლოსთან, ხოლო შემდეგ კი დიკ ჰეკსტოლ-სმიტის საქსოფონის გავლით მოწოდებულ თემის კულმინაციურ მომენტთან... შემდეგ წამიერი პაუზა, დეივ გრინსლეიდის სოლო და საბოლოოდ კომპოზიციის მესამე ნაწილი, რომლის მთავარი შემოქმედიც გიტარისტი კლემ კლემპსონია. მისი ხანგრძლივი სოლოს ემოციურად „ამგდები“ დრამერი ჯონ ჰაისმანია, რომელიც შეუმჩნევლად უმატებს რიტმს, თანდათანობით აგიჟებს რა საკმაოდ ფლეგმატური გარეგნობის და როგორც ჩანს ხასიათის კლემ კლემპსონს. კომპოზიციის დასასრულისკენ სცენაზე ნამდვილი ინსტრუმენტული დუღილია, რასაც კულმინაციური გრანდიოზული ფინალი მოსდევს. მაყურებლის ოვაციებს ძალიან მშვიდად 1971 წლის ალბომის შემყვანი გახსნითი კომპოზიცია Rope Ladder To Moon მოჰყვება, რომელიც აქ ერთგვარი განმმუხტველია წინა - Valentine Suite-სა და მომდევნო დრამ სოლო Solo Colonia-ს შორის. ამის შემდეგ სცენაზე ორი ბლუზური კომპოზიცია სრულდება - ჯეკ ბრიუსისა და პიტი ბრაუნის Theme From An Imaginary Western და ტი ბონ უოლკერის Stormy Monday. აქ უკვე ქრის ფარლოუს ხმის ტემბრის მოყვარულები ღებულობენ უდიდეს სიამოვნებას, ინსტრუმენტულ ემოციური თვალსაზრისით კი კონცერტი კულმინაციურ მომენტს Lost Angeles-სა და Walking In The Park-ში უბრუნდება. ამ უკანასკნელს მსმენელი Graham Bond Organisation-ის პერიოდში გადაჰყავს, იმ კოლექტივში, რომლიდანაც იშვა 60-70-ების ბრიტანული მუსიკის ორი მონსტრი - ტრიო Cream და სექსტეტი Colosseum ...
2-საათიანი კონცერტის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს Colosseum ახალი სტუდიური ალბომების ჩაწერაზეც დაფიქრდა...
Bread And Circuses მსოფლიომ 1997 წელს იხილა, ხოლო მომდევნო Tomorrows Blues კი 2003 -ში. Tomorrows Blues, უპირველეს ყოვლისა ამავე სახელწოდების გამხსნელი კომპოზიციითაა გამორჩეული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიმღერას, Colosseum-ის არცერთ სხვა სიმღერასთან რაიმე ტიპის მსგავსებაც კი არ აკავშირებს. მეტიც, უცნაურია მისი განვითარებაც, რომელიც საბოლოოდ დიკ ჰეკსტოლ-სმიტის საქსოფონ სოლოს ირგვლივ იკვრება. დიდმა მუსიკოსმა სწორედ ამ - მარადიული ბლუზის აღმწერ დაუსრულებელი ხასიათის სოლოს გააყოლა საკუთარი სიცოცხლე და მისი ადგილი Colosseum-ში უკვე შვილმა - ბარბარა ტომპსონმა დაიმკვიდრა. 2005 წლის ლაივ ალბომი თითქოს აჩრდილია ჩვენს მიერ განხილული Colosseum Lives – The Reunion Concerts-ისა, მაგრამ ნუ დაიზარებთ და მეორეჯერაც მოუსმინეთ მას, Valentine Suite-ის განსხვავებულ ვერსიასთან ერთად, ბოლოს და ბოლოს აქ Tomorrows Blues-ის ათწუთიან საკონცერტო ვარიანტსაც შეხვდებით უკვე სრულიად გაჭაღარავებულ ქრის ფარლოუსთან ერთად.
ინგლისური ჯაზ როკ პლაცდარმი კი მოღვაწეობას დღემდე ეწევა და ასაკოვანი მუსიკოსები უკვე სამი თაობის ღირსეულ მსმენელებს ანიჭებენ სიამოვნებას გემოვნებიანი საკონცერტო რეპერტუარით.