“სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი ერთია - ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც უფრო მძაფრი სახელიც შეიძლება დაერქვას: რევანშის სურვილი. ამ ყველაფრის საფუძველი კი ამ ძალას იმ პოლიტიკამ მისცა, რასაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებდა. თავის დროზე რომ ეგოთ პასუხი ყველაფრისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა. კოაბიტაცია რომ არ ყოფილიყო ამ საშინელი ფორმით, დღეს `ნაციონალური მოძრაობა" ამდენს ვერ გაბედავდა. ზოგადად კი პოლიტიკურმა ელიტამ თვითონ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, პროცესები შესაძლოა საკმაოდ რთულად წარიმართოს...” / “რაც შეეხება ქვეყნიდან სააკაშვილის გაშვებას, ამას ნამდვილად ველი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მოთხოვნით ან ექიმების კონსილიუმის დასკვნით საჭირო გახდეს მისი რომელიმე მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა”.
“ვფიქრობ, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამ დროებით კი განმუხტა ვითარება, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” არ გაჩერდება, თუნდაც იმიტომ, რომ თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად გააგრძელებს სახელმწიფოს რყევას. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულად შეიძლება წარიმართოს პროცესები. დღეს საზოგადოება პოლარიზებულია, მედიის ნაწილი და პოლიტიკოსები კი ამას კიდევ უფრო ამძაფრებენ. როცა პოლარიზაცია ღრმავდება, მუდმივად არის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ამისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე, ძალისხმევა და სწორი გადაწყვეტილებები სჭირდება ხელისუფლებას, თუმცა, ვფიქრობ, გაუჭირდება, რადგან მეორე მხარე ამ დაპირისპირებაზე შეგნებულად წამსვლელია. ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა მას არიან მიკედლებული, ეს არ სურთ, მაგრამ მათ სურვილზე არაფერი იქნება დამოკიდებული. მით უფრო გარეშე ძალები, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული, ამ სცენარის განვითარებას აუცილებლად წააშველებენ ხელს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“სააკაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნება იყო შეცდომა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი რუსთავიდანაც რომ გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, რადიკალიზმის ხარისხის გაზრდას ოპოზიცია მაინც შეეცდებოდა, რადგან ეს იყო მისი გეგმა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაწერის ჩვენებამ უფრო დაძაბა ვითარება. გახსოვთ, ალბათ, მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმა ჯერ კიდევ სააკაშვილის რუსთავში ყოფნისას არსებობდა, მაგრამ გამოვიდა ნიკა გვარამია და განაცხადა, ამას აპირებენ და არის საფრთხე ოსურმა სპეცრაზმმა მოიტაცოსო. ახლა რატომღაც ასე აღარ ფიქრობს, უკვე ისე ლაპარაკობს გორის ჰოსპიტალზე, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ის საოცარი სცენარი არ შეეთხზა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რასაკვირველია, ხელისუფლებამ დააგვიანა, დაუშვა შეცდომები, მაგრამ მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მან “ნაციონალური მოძრაობის” გაწერილი პროგრამით მოქმედება დაიწყო. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა. დღეს მთელი საინფორმაციო სივრცე გადაფარა იმ დღის წესრიგმა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა და ხელისუფლებაც ამას აჰყვა. ჯერ გაიძახოდნენ, სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ფეიკშიმშილობააო, მერე თვითონვე განაცხადეს, შიმშილობს და მის ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნასო და ა.შ. ტერმინოლოგიის თუ მოქმედების რომელი ერთი ლაფსუსი გამოვყო. მაგრამ ხელისუფლების შეცდომები მთავრდება იმ სურვილებსა და გეგმებთან, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს - ისინი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს კი კარგს არაფერს ნიშნავს ქვეყნისთვის”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგი გამონათქვამები ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთელი ჩვენი პოლიტელიტა არის პასუხისმგებელი. ის პოლიტელიტა, რომელიც არ უწევს ანგარიშს არც საზოგადოებას და არც ქვეყნის ხვალინდელ დღეს. დიახ, ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციაც უკიდურესად თავხედურად იქცევა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” ითხოვს, რომ გამოვიდნენ და კონკრეტულ დაზარალებულებს მოუხადონ ბოდიში. შეიძლება საზოგადოების ერთი ნაწილი ამით არ დაკმაყოფილდეს, მაგრამ ეს იქნება ერთი ნაბიჯი თანხმობისკენ. “ნაციონალური მოძრაობისთვის” საზოგადოება კვლავაც არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მათ მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი არის “ბიომასა”. არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი ტერმინია, მათგან მაქვს მოსმენილი”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, პანდემია, ინფლაცია, ფასების ზრდა, საიდანაც საზოგადოების ყურადღების გადატანა ხელისუფლების ინტერესშიც არის...” - პასუხობს:
“სამწუხაროდ, ჩანს ამის ნიშნებიც. ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქცია მტრის ხატად და მისი დისკრედიტაციით გადაწყვიტა ქულების დაწერა. ასე იქცეოდა წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს დღეს ისე აღარ მუშაობს. ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების მომხრეა, მეორე ნაწილი კი მისი მოწინააღმდეგეა და “ნაცმოძრაობას” ემხრობა, მაგრამ გაჩნდა დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. სულ არ აინტერესებთ მათი გაუთავებელი კინკლაობა”...
“საინტერესოა, რომ დასავლური პოლიტიკური ცენტრებისგან ბოლო დღეებამდე პოლიტიკური განცხადებები არ მოგვისმენია. იყო ცალკეული ევროპარლამენტარის თუ სენატორის შეფასებები, მაგრამ ამას არ გასცდენია პროცესი. მახსოვს, ოპოზიცია ამით უკმაყოფილოც კი იყო. მეტიც, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მოჰყვა ეუთოს ხელმძღვანელობის ძალიან მწვავე რეაქცია. როგორც გაირკვა, სააკაშვილს ჰქონდა ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციები და მათ კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო. სააკაშვილს აქვს ფანტასტიკური უნარი, გამოიყენოს ვითარება თავის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, მისი მოკავშირეები ამას ემხრობიან თუ არა. სხვათა შორის, მას შესწევს უნარი ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებისა, რაც მისი პოლიტიკური კარიერისთვის ყველაზე დამღუპველი რამ არის”, - თვლის რესპონდენტი.
“მოკლედ, პოლიტიკური ცენტრები განცხადებებს ერიდებოდნენ. ვთქვი კიდეც, სანამ მათი განცხადებები არ იქნება, რაც უნდა ილაპარაკონ სააკაშვილის მომხრეებმა და რადიკალურმა ოპოზიციამ, არაფერი შეიცვლება-მეთქი. თუმცა ასე ვერ გაგრძელდებოდა და აუცილებლად იქნებოდა შეფასებები. საქმე ისაა, რომ დასავლეთს დღეს აინტერესებს დაბრუნება სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში და მისი საყრდენი აქ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველო იყოს. საბოლოოდ, განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აქტიურად დაიწყო მუშაობა აქაურმა საელჩომ. კელი დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანისკენ, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან სერიოზული საქმიანობა. შემთხვევითი ხომ არავის ჰგონია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო ვალდებულება, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც გადაიყვანდნენ სააკაშვილს, აქციებს არ მოაწყობდა ან ის, რომ ასე ულაპარაკოდ დათანხმდნენ მის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას? საბოლოოდ ყველაფერი დაჰბრალდა ელენე ხოშტარიას შიმშილობას, რომ დათმობაზე ერთიც და მეორე მხარეც თითქოს მისი ჯანმრთელობის რისკის გამო წავიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ამის უკან დგას აშშ-ის ადმინისტრაციის ძალიან სერიოზული გზავნილები ორივე მხარისთვის”, - განმარტავს ექსპერტი.
“რაც მოხდა, ეს იყო კულუარული მუშაობის შედეგი. ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან მისვლის გზას ვერ ვპოულობთ და ვერც კომპრომისს ვახერხებთ სხვისი ჩარევის გარეშე. რაც შეეხება ქვეყნიდან სააკაშვილის გაშვებას, ამას ნამდვილად ველი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მოთხოვნით ან ექიმების კონსილიუმის დასკვნით საჭირო გახდეს მისი რომელიმე მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა. აქვე ვიტყვი - სააკაშვილის წერილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში გადაყვანისას გაავრცელა, ცინიზმის პიკია. ხომ წერს, ჩემს აშენებულ ჰოსპიტალში ჩემი აშენებული ავტობანით გადამიყვანენო, ბარემ ისიც ეთქვა, რომ დღეს ეს ჰოსპიტალი იმ ადამიანის სახელობისაა, რომელიც მე გავაგდე ჯარიდანო - გიორგი აბრამიშვილი, ექიმი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაუშვეს ეროვნული გვარდიიდან”, - დასძენს არეშიძე.
“ნაცმოძრაობის” მესიჯბოქსი, რომ “სააკაშვილი პუტინის პატიმარია” გათვლილია საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებზე, რამაც, ჩემი აზრით, მიზანს მიაღწია. ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ჯგუფების მობილიზება მოახერხეს “ნაცმოძრაობამ” და მასთან აფილირებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და ეს ყველაზე დიდი ძალაა, რაც დღეს ამ პარტიას აქვს. ეს არის პროპაგანდისტული გზავნილები, რასაც ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა. რუსეთის ამოცანაა სამხრეთ კავკასიაში რაც შეიძლება მასშტაბურად დაბრუნდეს. ამას ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, ძალიან შეუწყო ხელი. მას სურს ისე დაბრუნება, რომ აქ დასავლეთისთვის ადგილი აღარ დარჩეს. ზუსტად ამ არდაბრუნების გეგმიდან გამომდინარე, კრემლი იძულებულია ჯერჯერობით შეურიგდეს თურქეთის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში. მოსკოვში კარგად იციან, რომ საქართველო დასავლეთის ერთადერთი საყრდენია ამ რეგიონში. ამიტომაც აქ დესტაბილიზაცია აწყობთ. მოკლედ, მთელ ამ პროცესებში რუსეთი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდება, თურქეთი - თავისას, ჩვენი პოლიტელიტა კი ისე იქცევა, რომ რაც შეიძლება გაუადვილოს მტერს ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება”, - დაასკვნის ექსპერტი.