"ეს არის სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების, კონტრელიტეტის ბრძოლა ძალაუფლებისა და ფულისათვის", - ასე აფასებს დღევანდელ ვითარებას 2003-2008 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, 2008-2012 წლებში კი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" პეტრე მამრაძე. მისი თქმით, ამ ხალხის უკან მულტიმილიონერები დგანან და რამდენიმე ტელეარხის გაკონტროლებით არ უჭირთ "ტელეკარტინკის" შექმნა.
- "ტელეკარტინკა" სააკაშვილის ტერმინია, ის ხშირად ამბობდა, მთავარია "ტელეკარტინკა" და მერე აკეთე, რაც გინდა.
- როგორია დღეს ეს "ტელეკარტინკა"?
- შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების დროს შეიქმნა 21-ე საუკუნის ე.წ. შულავერის კომიტეტი. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ბიძამ, რომელსაც რუსული პრესა დღემდე კა-გე-ბეს გენერლად მოიხსენიებს, განაცხადა, უნდა შეიქმნას კომიტეტი, რომელიც აიღებს ხელში ძალაუფლებას, უნდა იყოს სრული დაუმორჩილებლობა, არავითარი შერიგება, არავითარი თანამშრომლობა და ა.შ.
მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შარშან 60% აიღო პარტიული სიით. ასეთი შედეგით შეეძლო გაერთიანება და პარლამენტში ნაყოფიერი მუშაობა, მაგრამ უარი თქვეს. მას შემდეგ ერთ მხარეს არის დაკომპლექტებული მთავრობა, დაკომპლექტებული პარლამენტი, კრიზისის ნიშნები არსად შეინიშნება, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და გეგონება, მეორედ მოსვლაა: ვიღაცა კიბეზე გორავს, ვიღაცა კივის... საბედნიეროდ ასეთი "ტელეკარტინკა" ბოლო დროს ძველებურად ვეღარ მუშაობს. ოპოზიციამ ვერც შარშან შეკრიბა ხალხი და ვერც წელს.
იცით, სააკაშვილისთვის რა იყო განაჩენი? როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ტელევიზიით გამოცხადდა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია, ტელევიზიებმა აჩვენეს მისი დაკავება და არც ერთი კაცი არ გამოვიდა ქუჩაში სპონტანურად, გულის კარნახით. სააკაშვილის თანამზრახველებმაც იციან, რომ ხალხის ასეთი დამოკიდებულება მისთვის განაჩენია. საბოლოოდ, ძალიან ცუდი "კარტინკა" გამოვიდა არაჟანთან ერთად შემოპარული უკრაინის მოქალაქის მონაწილეობით. ამის შემდეგ განვითარებული ყველა მოვლენა საღ აზროვნებას სცილდება. მე შესწავლილი მაქვს შიმშილობის სპეციფიკა. პოლიტიკური შიმშილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა მხოლოდ წყალი უნდა სვას. მშრალი შიმშილობაა, როდესაც ორ-სამ დღეში ადამიანი დეჰიდრაციით კვდება. შიმშილობის რეკორდია 40 დღე, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ადამიანი ისეთ დღეში ვარდება, განძრევაც არ შეუძლია, მხოლოდ წევს, წამოდგომასა და დაჯდომაზეც კი ლაპარაკი ზედმეტია. სააკაშვილი სითხესთან ერთად მინერალებსა და ელექტროლიტებს იღებს, ამიტომ მისი შიმშილობა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ეს უფრო გასახდომი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრმა დაიკლო წონაში. იმ საკვებს, რომელსაც სააკაშვილი ჭამდა და რასაც ზოგიერთი საკვებ დანამატს უწოდებს, ზედ აწერია: "ბოსტნეული ხბოს ღვიძლთან ერთად".
- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ დასავლური ღირებულებების ერთგული სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია, თუმცა მის დაპატიმრებაზე დასავლეთს სათანადო რეაგირება არ ჰქონია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ცნობილ უკრაინულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "სააკაშვილი ბრიუსელისა და ვაშინგტონის საყვარელი პიროვნება აღარ არის". რატომ მიატოვა სააკაშვილი დასავლეთმა?
- სააკაშვილი არ არის დასავლეთის მეგობარი, ის მტერია. სწორედ მან გამოიწვია კავკასიური ომი. ხომ ნახეთ, დასავლეთმა სააკაშვილის შიმშილობასაც არ მიაქცია ყურადღება. იცით, რატომ? იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ქვეყანაში შემოიპარა. ამას გარდა, ხომ საინტერესოა შიმშილობა რისთვის გამოაცხადა?! მე რომ გამოვაცხადო, ახალი სახლი მინდა, ძველში უკვე 70 წელია ვცხოვრობ და მომბეზრდა-მეთქი, მომაქცევს ვინმე ყურადღებას? გთხოვთ, მითხრათ, რატომ "შიმშილობს" სააკაშვილი, რას ითხოვს?
- ამ ეტაპზე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, თუმცა შიმშილობა გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. მიიჩნია, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და სამართლიანად ვერ განსჯის.
- დიახ, და აქ უნდა დავსვათ წერტილი. სააკაშვილის მმართველობის დროს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი წერდა, სასამართლო აღარ არის საქართველოში. ადამიანები მზად არიან ხელი მოაწერონ თუნდაც იმას, რომ ჯაშუშები არიან და საკუთარი ქონება ჩააბარონ სახელმწიფოს, ოღონდ კი თავიდან აიცილონ ციხეებში სასტიკი მოპყრობაო. სხვათა შორის, ბატონი ჰამერბერგი შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მოიწვია, მაგრამ მერე გარიყა იმის გამო, რომ დაწერა, ციხეებში ჯერ კიდევ არ არის დაცული ადამიანის უფლებებიო. 2012 წლის იანვარში გაეროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში მაინა კიანიმ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოში აღარ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ერთი და იგივე პირი დღეში ხუთ-ექვს საქმეზე გამოდის მოწმის სტატუსით. ამაზე პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობდა, გაატარეო! ეს ყველაფერი უცხოეთში იციან, ანგარიშებშიც არის ასახული. მათ იციან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა.
მიშას 1992 წლიდან ვიცნობ, 24 წლის ბიჭი იყო, რომ გავიცანი და საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა. მისი ტვინი უწყვეტ რეჟიმში გენერირებს პროვოკაციებზე. დღეს სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ ვირტუალური კრიზისი ნამდვილ კრიზისად გადააქციონ. საქართველოში სიტუაციის ასეთი არევა მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
- როგორ გგონიათ, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რა იყო?
- ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო. სააკაშვილი, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე, ისეა დამოკიდებული პოპულარობაზე, მისთვის მთავარია, მისი სახელი ისმოდეს საინფორმაციო გადაცემებში და მასზე წერდნენ გაზეთები. გაიხდის და შიშველი ირბენს სახურავებზე, ოღონდ კი მასზე ილაპარაკონ. სააკაშვილისთვის ტრაგედია იყო, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ვარშალომიძის მაგივრად ნიკა მელია გახდა. გახსოვთ, სამადაშვილის ფარული ჩანაწერი რომ გაავრცელეს, რას ამბობდა სააკაშვილზე, რამდენი ახალი, დასავლური განათლებამიღებული ახალგაზრდაა და ეს სააკაშვილი ისევ ძველ სახეებს გვტენისო. ის ოპოზიციონერი ლიდერები, ახლა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს რომ აწყობენ, სულ ასე ლანძღავდნენ, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, დაღუპა ამ გიჟმა ქვეყანაო. იცით, სინამდვილეში რამდენი მათგანი ვერ იტანს. "ნაციონალი" ლიდერების მიერ სააკაშვილის ლანძღვას არაერთხელ პირადადაც შევსწრებივარ.
- თუ სძულთ, რა რჯით, რატომ იბრძვიან მის გვერდით?
- პირადი გამორჩენის გამო. არსებობს ჩანაწერი, სადაც სააკაშვილისა და გვარამიას ოთხი თუ ხუთი წლის წინანდელი საუბარია. სააკაშვილი ეუბნება ნიკა გვარამიას, ააშენეთ სარკოფაგი "რუსთავი 2"-ის გარშემო. სასურველია მოკვდეს ქალიო, შემდეგ პაუზაა და აგრძელებს, სასურველია ორსული იყოსო. გვარამია ცდილობს აუხსნას, რომ ეს საქმე არ გამოვა. დიახ, ძნელია ფსიქოპატთან საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ხარ დამოკიდებული ფინანსურად.
- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოტივს დავუბრუნდეთ.
- ვარშალომიძის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ მელიას დანიშვნა "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ბუნტი. ამის შემდეგ მოხდა ის, რის ნახვასაც ერჩივნა ფეხებით ჩამოეკიდებინათ და დაბლიდან ცეცხლი შეენთოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების კადრებმა გადაფარა სააკაშვილი საერთაშორისო მასმედიაში. ამის მოთმენა აღარ შეეძლო და შექმნა გეგმა, რომლის საშუალებითაც ერთი დარტყმით გააუვნებლა ნიკა მელია როგორც ლიდერი და მეორე მხრივ, დააბრუნა თავისი სახელი და გვარი საინფორმაციო საშუალებებში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო, სააკაშვილი რომ ვერ დაეპატიმრებინათ და "ნაციონალების" მიტინგზე მოულოდნელად გამოჩენილიყო. ელდარ შენგელაია ამბობდა, სააკაშვილი სიტყვებით და ფრაზებით კი არა, სურათებით, კადრებით აზროვნებს ნამდვილი რეჟისორივითო. სააკაშვილს კადრებად ექნებოდა წარმოსახული, როგორ განვითარდებოდა იმ დღეს მოვლენები. ის დარწმუნებული იყო, რომ იმ დღეს მთავრობას ჩამოაქცევდა და დაიწყებდა სამოქალაქო დაპირისპირებას.
სააკაშვილზე უფრო ანტიდასავლური ლიდერი საქართველოს არასდროს ჰყოლია და არც ეყოლება. იგორ გიორგაძე, პუტინის საუკეთესო აგენტი, ვერ გააკეთებდა იმას რუსეთისთვის, რასაც სააკაშვილი გაუკეთებდა და დღესაც აკეთებს.