ტრიბუნაზე ერთი კაცი იდგა. და არეულად ლაპარაკობდა გმირზე… თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა…
ლაპარაკობდა გმირზე, რომელიც საქართველოში ყველასათვის ძვირფასია… გმირზე, რომელიც მართლაც ჩვენი ეპოსის თუ წარსულის საუკეთესო წარმომადგენლების მსგავსად თავისი სიკვდილით ამაღლდა და მარადისობაში გადაინაცვლა… გმირზე, რომელმაც არ დაიჩოქა და თავი მიწას არ დაადო… წამებულ გმირზე, რომელიც მტერმა ვერაფრით დააშინა და ვერ გატეხა… გმირზე, რომელიც მსოფლიომ მებრძოლი, დაუმორჩილებელი, გმირული საქართველოს სიმბოლოდ აღიქვა…
მაგრამ, ვაი რომ, ამას ლაპარაკობდა სუბიექტი, რომელიც ასევე ცნობილ სიმბოლოდ იქცა – უსირცხვილობის, უნამუსობის, ლაჩრობის, ძალადობის, უსამართლობის, მომხვეჭელობის, ეგოიზმის, და ფლიდობის სიმბოლოდ!.. და როცა ლაპარაკობდა იმაზე, როგორ ვერაფრით დააჩოქა მტერმა გიორგი ანწუხელიძე, როგორ ვერაფრით დაადებინა ვაჟკაცს მიწაზე თავი, მახსენდებოდა საკუთარი დაცვის წინ მარდად მორბენალი კურდღელი, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი (მაშინ, როცა არავინ – ქალები, მოხუცები, უცხოელები – არ გაქცეულან!), მაგონდებოდა მიწაზე გართხმულიც და დაჩოქებულიც, და მხოლოდ ერთ რამეზე შეშფოთებული – „ჟურნალისტები მოაშორეთო!“, რომ ბღაოდა – რადგან ხვდებოდა, ისტორიისთვის მის მიერ რუდუნებით შექმნილი სწორუპოვარი ლიდერის და მამაცი მხედართმთავრის იმიჯს თვითონ რომ წააყარა სამუდამოდ მიწა…
ჰოდა, ახლა, კარიერის უსახელო დასარულის ჟამს, ეს სუბიექტი ყველანაირად ეპოტინება ყველაფერს, რაც კი წმინდაა. ცდილობს წმინდა სიმბოლოებზე შეიწმინდოს თავისი ბინძური ხელები და ქართველი ხალხისათვის თავდადებული გიორგი ანწუხელიძისთვის გმირის მედლის გადაცემით სურს, დაგვავიწყოს, თავად ვინ და რა არის… ფიქრობს, გმირის მეუღლისა და შვილებისათვის გადაცემული ჯილდოს ფასად გმირის სახელთან შეზიარებას შეძლებს თავადაც…
და სწორედ ამიტომაც დასჭირდა გმირის შვილების ხელში ატატება და მათი გულში ჩაკვრა! ძალიან სჭირდება, რომ თავისი გახვრეტილ შაურად ქცეული იმიჯი რაიმე წმინდას ამოაფაროს – დაღუპული გმირის სურათს, დაღუპული გმირის დედის და მეუღლის ცრემლებს, დაღუპული გმირის შვილების უმანკო სახეებს! იმის იმედი აქვს, რომ ამ ბრძანებულების გამოცემით და კიდევ ერთი „პერფორმანსით“ გადაფარავს თავის მრავალ უგვანო საქციელს თუ კრიმინალურ ქმედებას – 2008 წლის აგვისტოში, 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს, ლაფანყურის დადგმულ ოპერაციას, წართ,ეულ ქონებებს, ხალხისთვის მოპარულ და მითვისებულ მილიარდებს, ციხეში ჩაყრილი ათასობით ადამიანის გამწარებულ ცხოვრებას, მოპარულ არჩევნებს, სიცრუით გაჟღენთილ ამაოებას…
ცდილობს ამას ისევე დიდი გულმოდგინებით, როგორც ცდილობდნენ სხვა სისხლიანი კრიმინალები, ისევე გულმოდგინედ და ძალადგაღიმებულები რომ იტატებდნენ და გულში იკრავდნენ ბავშვებს, ისევე რომ არიგებდნენ ჯილდოებს იმ განწირული გმირებისთვის, ვინც თავად მიატოვეს და უღალატეს…
არა მგონია, რომ მოვტყუვდეთ ისევ… მართალია, მან საკმაო ხანს ატყუა მთელი ხალხი… და არის პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც თავად სურს კვლავაც მისი ტყუილების ხიბლში გაატაროს მთელი სიცოცხლე… მაგრამ როგორც სხვებმაც ვერ შეძლეს, ისიც ვერ შეძლებს მთელი სიცოცხლე ატყუოს მთელი ერი, და მთელი მსოფლიო…
გიორგი ანწუხელიძის სახელს და დიდებას იგი ვერასოდეს შესწვდება. და წესით იმას უნდა ხვდებოდეს, რომ რაც უფრო იშვითად დაიწყებს ქართველ გმირებზე საუბარს, მით უკეთესი იქნება მისთვის, რადგან ამ გმირებთან მიმართებაში იგი მხოლოდ საოცრად უსახური ანტიპოდია – იმის გამოც, როგორ „უყვარს“ საქართველო, და იმის გამოც, როგორ იცხოვრა…