30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა, მან და მისმა პარტიამ ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. იგი ერთადერთი იყო, რომელსაც საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის ყველა დიპლომატი ერთნაირი ინტრესით ხვდებოდა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართულ პოლიტიკაში მის მნიშვნელობას.
მანამდე თავად სტუმრობდა შეერთებულ შტატებს, საიდანაც ასევე კმაყოფილი დაბრუნდა, რადგან დარწმუნდა, რომ დასავლეთი მზადაა საქართველოს დახმარების ხელი კვლავ გაუწოდოს. თავად კი, დასავლეთის მისით დაინტერესებას არჩევნებში მიღწეული შედეგებით ხსნის, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ თვითკმაყოფილებით ტკბობამდე ჯერ, ბევრი აშორებს.
არჩევნებამდე მისი მთავარი საზრუნავი სარჩევნო გარემოს შეცვლა და მძლავრი პარტიული სტრუქტურის შექმნაა, რომელმაც მომავალ საპარლამენტო არჩენებზე ქვეყნის მმართველობა უნდა აიღოს ხელში. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ სურვლებია და მანამდე ორი რთული წელი აქვს გასალევი. მოახერხებს თუ არა მტკიცედ იაროს მიზნამდე და მართებული იყო თუ არა ის მოლოდინები, რაც მის საქართველოში ჩამოსვლამდე გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში, ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს.
ახლა კი, პრესა.გე გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, რომელშიც შევეცადეთ ყველა ის კითხვა დაგვესვა, რომელიც მისი მისამართით ისმის ქართულ საზოგადოებაში და ვფიქრობთ, ყველა კითხვაზე, მეტ–ნაკლებად, ამომწურავი პასუხი მივიღეთ.
შეიძლება ითქვას, პარლამენტი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცებს და აამოქმედებს კონსტიტუციის ახალ მოდელს, რომელსაც, როგორც პოლიტიკური სპექტრი და ექსპერტები საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გამოიყენებს. რატომ პასიურობდით ამ საკითხთან დაკავშირებით? გარდა ამისა, როგორც ამბობთ, თქვენი მთავარი ამოცანა საარჩევნო გარემოს შეცვლაა, მაგრამ აქვს კი გარემოს შეცვლას მნიშვნელობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ბერკეტები კვლავ ამ ხელისუფლების ხელში იქნება მოქცეული?
–ჯერ ერთი, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მუშაობა მართლაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ, ძირითად ოპოზიციურ ძალებთან, ვისთანაც საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ვსაუბრობთ, ასევე გვქონდა საუბარი, როგორი რეაგირება მოგვეხდინა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და უახლოეს დღეებში ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ ამ საკითხს.
თუმცა, მანამდე გეტყვით, ჯერ ერთი, ამ საკითხზე საერთო სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს და არ გვინდა საზოგადოებას შესაძლებლობა წავართვათ, რომ კარგად დაინახონ რა ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
ვინ დაეკითხება საზოგადოებას, რა ცვლილების გატარება სურს მიხეილ სააკაშვილს?
–ამის სურვილი რომ არ ჰქონდათ, ზაფხულის პერიოდს ამიტომ დაამთხვია ხელისუფლებამ ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ჩვენ, სექტემბრიდან დავიწყებთ საკონსტიტუციო ცვლილების ამ ფორმაზე მსჯელობას.
მაგრამ, პარლამენტმა რომ სექტემბრამდე უყაროს კენჭი ამ ცვლილებებს?
–ვერ უყრიან, ეს პროცესი შემოდგომაზეც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს კონტროლი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პარლამენტში. ამიტომ, საზოგადოება კარგად დაინახავს რასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ შესაძლოა, თანხვედრაც გვქონდეს სახელმწიფო კომისიასთან, როგორ უნდა დაბალანსდეს და როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. როგორი უნდა იყოს ურთიერთშეკავების პრინციპი პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელისუფლებებს შორის.
თუმცა, აქ მთავარი სხვა მომენტია – დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ვერ უნდა მოირგოს ეს კონსტიტუცია ისე, რომ სააკაშვილს საშუალება მიეცეს ისევ გააგრძელოს ხელისუფლების სათავეში ყოფნა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ შევედით ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ამისგან დამცავი ჩანაწერი ყოფილიყო.
რომელიც არ იქნა გაზიარებული...
–ესეც არ არის ტრაგედია, რადგან სექტემბერში ამ თემას ისევ დავუბრუნდებით.
სხვათა შორის, თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკაც კი გამოითქვა და ბევრს არარეალურად მიაჩნია კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება.
–ეს არის ზედაპირული მიდგომა. ისევე როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაშია, რატომ ვზღუდავთ ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო ვადას ზედიზედ, მხოლოდ ორი ვადით? –იმიტომ, რომ განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული კულტურა არ არის განმტკიცებული, დიდი საფრთხეა, რომ მმართველმა გუნდმა და მმართველმა პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს და ამით ავტორიტარიზმისკენ გადადგას ნაბიჯი. იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც, ჩვენი შეთავაზებაა 5 წლით ვადაამოწურულ პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს პრემიერის თანამდებობაზე. 5 წლის შემდეგ, ბუნებრივია, მას ექნება შესაძლებლობა დაბრუნდეს პოლიტიკაში.
თქვენ ახსენეთ, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი. ეს გულისხმობს თუ არა იმ ურთიერთობებს, რომელსაც ხშირად თქვენ ბრალად გიყენებენ, კერძოდ, საუბარია, რომ თქვენ ხშირი ურთიერთობები გაქვთ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფ პირველ და მეორე პირებთან...
–ჯერ ერთი, ჩვენ საპარლამენტო პარტია ვართ – წარმომადგენელი გვყავს პარლამენტში და ეს ვიგულისხმე, როცა ვსაუბრობდი პროცესებზე კონტროლს.
მე კი ვიგულისხმე გაქვთ თუ არა ახლო და ხშირი ურთიერთობები დავით ბაქრაძესთან, ნიკა რურუასთან და სხვებთან?
–დავით ბაქრაძესთან და სხვა ადამიანებთან, ვინც დღეს არიან მთავრობაში მე ვინარჩუნებ პირად ურთიერთობებს. ჩემთვის პოლიტიკა და პიროვნული ურთიერთობები ერთმანეთს ხელს არ უშლის, რა თქმა უნდა თუ ადამიანმა ქვეყანას არ უღალატა. პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციების ქონა ჩემთვის არ არის ბარიერი პირადი ურთიერთობები შევინარჩუნო. რა თქმა უნდა, ურთიერთობები მაქვს, მათ სიხშირეზე რა მოგახსენოთ, მაგრამ როდესაც აუცილებლობა არსებობს, ისინი მე მიკავშირდებიან და მე მათ ვუკავშიდები. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა ზეწოლები მიმდინარეობდა ჩვენს წარმომადგენლებზე. როდესაც პოლიციური სამსახურები ზღუდავდნენ ჩვენს მოქალაქეებს (ეს მხოლოდ ჩვენს პარტიას არ ეხებოდა), განსაკუთრებულად ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ ურთიერთობა, ასე გაგრძელდება მომავალშიც და ეს ასეც უნდა იყოს.
როცა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არსებობს, მისი იგნორირება, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, არის წინდაუხედაობა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიღაცა უნდა ჩაანაცვლოს, არამედ ეს უნდა იყოს ურთიერთობა იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის რაიმე ტიპის ინცინდენტი. ეს არის ის ურთიერთობები, რასაც მე ვინარჩუნებ.
სხვათა შორის, თქვენ ზუსტად იმის გამო გაკრიტიკებენ, რომ სააკაშვილისგან ხელისუფლების გადმობარებას ელოდებით, თუმცა თქვენი ოპონენტები იმასაც დასძენენ, რომ „სააკაშვლის მეტი საქმე არ აქვს.“ ისე კი მართლაც საინტერესოა, თქვენთვის მხოლოდ სააკაშვილია მხოლოდ პრობლემა? დაისჯებიან თუ არა ის პირები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის დანაშაულში ამხელს დღევანდელი საზოგადოება თუ ოპოზიცია?
–მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ პიროვნული ცვლილებები, ან, თუნდაც სააკაშვილის ცვლილება ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოიტანს. ჩენს ქვეყანაში სისტემური ცვლილებაა გასაკეთებელი. მე ვაპირებ ხელისუფლება ავიღო არჩევნებით და ამის შემდეგ, ხელისუფლების ელიტის ცვლილება მოხდება ჩვენს ქვეყანაში.
ამ ხელისუფლებას მუდმივად დანაშაულებრივ ხელისუფლებად მოიხსენიებენ, როგორ ფიქრობთ, ისინი თუნდაც არჩევნების გზით დათმობენ პოზიციებს?
–ჯერ ერთი, ჩვენ რევანშზე არ ვსაუბრობთ და თუ ვინმეს მიერ, რაიმე კრიმინალი იყო ჩადენილი, ეს არ იქნება მომავალი ხელისუფალის განსასჯელი. დამოუკიდებელი სასამართლო გაარკვევს ვის რა ბრალი მიუძღოდა. რაც შეეხება ბიუროკრატიას, რომლის სტაბილურობა აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ის იქნება შენარჩუნებული. საშუალო და მაღალი დონის ბიუროკრატია ეს ის ძალაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ბიუროკრატიამ, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე მთავრობაში საკმაო გამოცდილება დააგროვა.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველი ახალი პოლიტიკური ცვლილების შემდეგ მთლიანად იწმინდებოდეს ბიუროკრატია, მთლიანად მიდიოდეს ბიუროკრატიული აპარატი, რომ შემდეგ ახლის შექმნას წლები მოვანდომოთ.
თქვენ პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას ახლა იწყებთ და ამისთვის გჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა. თუმცა, თქვენს წინააღმდეგ უკვე იმხელა პიარი მუშაობს, როგორ მოახერხებთ იმის დამტკიცებას, რომ არ ხართ „სისტემური ოპოზიცია“?
–მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საქმით, ჩვენი აქტიურობით და პრინციპულობით, რომელიც არასდროს არ გვაკლდა, მაგრამ ვიყავით ყოველთვის წინდახედული და ჩვენი საზოგადოება არასდროს წაგვიყვანია ისეთი მიმართულებით, საითაც არ ვიცოდით რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა შემდგომში. ეს არჩევნებიც ამის დასტურია. იმ შედეგებზე, რაც ამ საარჩევნო გარემოში მივიღეთ და იმ შეცდომებზე დაყრდნობით, რაც ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დავინახეთ, ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის განვითარებას, არსებული მხარდამჭერების კონსოლიდირებას და მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდას.
ჩვენთვის პარტიული მშენებლობა არის ერთ–ერთი პრიორიტეტი და დამერწმუნეთ, რომ ამას ალიანსური რეჟიმის გარეშე უკეთ გავაკეთებთ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას ყოფილი ალიანსის სხვა წევრებთან, გვაქვს ერთნაირი მიდგომები საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით და ასე გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას მომავალშიც.
თქვენი პარტიის წევრებმა საკრებულოში თანამდებობები მიიღეს. პოლიტიკაში თუ შეიძლება წყენაზე ვილაპარაკოთ, ასეთი წყენა იყო „რესპუბლიკელებში“, რადგან პოლიტიკაში საკმაოდ გამოცდილ თინა ხიდეშელს მხოლოდ რიგითი წევრობა ხვდა წილად. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ თქვენი წევრებისთვის შეეთავაზებინათ თანამდებობები და არა სხვა თქვენი თანამებრძოლისთვის და უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი თქვენს გიგი უგულავასთან შეხვედრას?
–ქალბატონი თინა არა მხოლოდ თანამებრძოლია, ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მეგობრები ვართ და ასე გაგრძელდება – ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ პარტნიორებად. თინა საკრებულოში საკუთარ სიტყვას ყოველთვის იტყვის, იქნება ის თავმჯდომარის მოადგილე თუ რიგითი წევრი. თანამდებობებს ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარია ის ბერკეტები, რითაც საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაიძულებთ შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აიღეს საზოგადოების წინაშე. ჩვე ვაპირებთ ბიუჯეტის ხარჯვაზე და სოციალური საკითხების გადაწყვეტაზე კონტროლი ვაწარმოოთ და უშუალოდ ვიყოთ ჩართული პრობლემების გადაწყვეტაში. ამიტომ აგვირჩია ხალხმა და ამიტომ მოგვცა მანდადტი.
რაც შეეხება საკრებულოში თანამდებობების გადანაწილებას, ეს საკრებულოს შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებების ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაცხადებდით, რომ როდესაც შევალთ საკრებულოში, იქ გაჩნდება სივრცე პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ურთიერთობებისთვის. ჩვენ შევქმენით ფრაქცია და მათ თავად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციას „ახალი მემარჯვენე“ დავით საგანელიძე უხელმძღვანელებდა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი თინა და ქალბატონი ნათელა მაჭავარიანიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ ფრაქციასთან.
ცოტა ხნის წინ საქართველოში გახშირებულ ვიზიტებზეც მინდა გკითხოთ, თქვენ ყველა უცხოელ დიპლომატს შეხვდით და შეიძლება ითქვას, ასეთი შესაძლებლობა სხვა ოპოზიციურ ლიდერს არ მისცემია. უფრო მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ოპოზიციის ნაწილს საერთოდ ვერ ამჩნევენ, ვგულისხმობ „ეროვნულ საბჭოს.“ შესაძლოა, ოპოზიციის „დახარისხება“ გარედან ჩარევად არ შეფასდეს, მაგრამ იყო თუ არა ეს დასავლეთის მხრიდან ირიბი მითითება ქვეყნის შიდაპოლიტიკით დაინტერესებაზე?
–მე არ ვიცი ეს ჩარევად რამდენად ჩაითვლება, მაგრამ დასავლეთი – შეერთებული შტატები და ევროკავშირი წლების განმავლობაში დიდ ფინანსურ და პოლიტიკურ კაპიტალს დებდნენ საქართველოში და ბუნებრივია, მათ აღელვებთ ჩვენი ქვეყნის ბედი. თუმცა, არ მგონია ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად აწუხებდეთ, ძირითადი და გადამწყვეტი სიტყვა ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, მათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ქართული საზოგადოებაც ვეღარ ხედავს, რადგან მათ არ აქვთ ხედვა და არ აქვთ სწორი წარმოდგენა, როგორ უნდა განავითარონ საკუთარი პოლიტიკური ძალა და რა შესთავაზონ საზოგადოებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ბუნებრივია, ინტერესის და ყურადღების მიღმა დარჩებიან. ეს ბუნებრივი პროცესია, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ.
ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა თქვენსა და ნინო ბურჯანაძეს შორის პოლიტიკური დაპირისპირება. ამაზე საუბარი ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, იმ ფონზე, როცა ამერიკა და რუსეთი დაზავებას ცდილობენ, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში პრეზიდენტად ორივე ქვეყნისთვის მისაღები ფიგურა მოვიდეს. საუბრობენ იმაზეც, რომ ნინო ბურჯანაძე ევროპისთვის და რუსეთისთვის მისაღები ფიგურაა, ხოლო თქვენ ამერიკულ პროექტად განგიხილავენ. არის თუ არა ეს თქვენ შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი?
–რაც უფრო კარგი და ნორმალური ურთიერთობა ექნება ორ ისეთ სუპერ–სახელმწიფოს, როგორიც რუსეთი და შეერთებული შტატებია, ჩვენ უფრო გაგვიადვილდება ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, საუბარია პოსტსააკაშვილისეულ პერიოდზე.
ამიტომაც, მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვინ იქნება საქართველოში პრეზიდენტი.
–აუცილებლად, ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი და წინდახედული პოლიტიკოსი, რომელიც საპარტნიოროდ და საურთიერთოდ იქნება ბევრად უფრო საიმედო, ვიდრე სააკაშვილია, ამაზე ორო აზრი არ არსებობს.
რაც შეეხება ჩემს დაპირისპირებას, მე არანაირად არ ვუპირისპირდები ქალბატონ ნინოს, მინდა წარმატებები ვუსურვო და ადამიანურად, მინდა ქალბატონი ნინო პოლიტიკაში, როგორც ერთ–ერთი ძლიერი ფიგურა დავინახო, მაგრამ დღემდე, მან ვერ წარმოადგინა რა ხედვა აქვს და საით უნდა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წაყვნა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ის ამას გააკეთებს. დანარჩენი მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ქალბატონ ნინოსთან. ჩემი მთავარი ამოცანაა საქართველო მოვამზადო პოლიტიკური ტრანზიციისთვის და ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მომავალ არჩევნებში დავამარცხო „ნაციონალური მოძრაობა“ და ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. შესაძლოა, ეს არ შედის ქალბატონ ნინოს გეგმებში, მაგრამ ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებენ რუსეთში ვოიაჟების გამო, რადგან ოპოზიციას არავითარი ბერკეტი არ აქვს რაიმე შეცვალოს. თუმცა, თქვენც ხშირად დადიხართ, ოღონდ შტატებში, მაგრამ ამის გამო არავინ გაკრიტიკებთ. ამ შემთხვევაში, რა განხვავებაა თქვენსა და თუნდაც, ბურჯანაძის მიზნებს შორის?
–გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ერთი მესამედი და აღიარა დამოუკიდებლად ჩვენი ტერიტორიები, დასავლეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ განსხვავებას თუ ვერ ვხედავთ, მაშინ რაზე ვილაპარაკოთ?
მეორე, რა ლეგიტიმურობის მატარებელია ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღადელი? ვის წარმოადგენენ ისინი? – არავის. მათ არც არჩევნებით მიუღიათ ეს ლეგიტიმურობა. ხელისუფლება არის პასუხისმგებელიც და ლეგიტიმურიც აწარმოოს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები. ამიტომ, ჩვენ ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ და შემდეგ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები.
მაშინ კითხვას სხვაგვარი ფორმულირებით ჩამოგიყალიბებთ – როდესაც თქვენ დასავლეთში ჩადიხართ, ბუნებრივია, თქვენ აცნობთ მათ თქვენს ხედვებს საით გინდათ ქვეყნის განვითარება წაიყვანოთ და აქედან გამომდინარე, ისინი გენდობიან, ან, არ გენდობიან. როდესაც იგივეს აკეთებს ნინო ბურჯანაძე, ეს რატომ არის მიუღებელი?
–კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და საქართველო უნდა წარმოაჩინოს არშემდგარ სახელმწიფოდ, ჩემი აზრით, სწორედ მის პოლიტიკას ემსახურები, როდესაც ელაპარაკები რუსეთის ოფიციალურ პირებს,მითუმეტეს, რომ რეალურ, თვისობრივ, ხელშესახებ ცვლილებას ვერ ახდენ. თუმცა, ჟირინოვსკის და სხვა პირებს აძლვ საშუალებას, რომ თქვან: საქართველოსთან ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია პროგრესს მივაღწიოთ, მაგრამ ვერ ველაპარაკებით სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ამიტომაც, ამითი გარკვეულწილად, უნდა გაიყინოს შესაძლო დარეგულირება ორმხრივი ურთიერთობებისა.
აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის და საკუთარი პოლიტიკის გასამართლებად იყენებენ ამ ურთიერთობებს თორემ, რა შედეგი დადგა რომელიმე ვიზიტის შემდეგ? ... ვერც დადგებოდა. ეს ყველაფერი პოზიციას უმყარებს რუსულ პოლიტიკას, ეს არის ამ საკითხზე ჩემი პირადი წარმოდგენა.
რაც შეეხება დასავლეთის ჩართულობას ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, განსაკუთრებით საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, ეს ხელშესახებ ცვლილებას მოგვიტანს ქართველებისთვის, რადგან ეს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ მომავალ არჩევნებზე. ამ განსხვავებას ვხედავ მე ჩემსა და მათ ვიზიტებს შორის.
როგორ ფიქრობთ, ირაკლი ალასანია რამდენად მისაღები ფიგურა იქნება საურთიერთოდ რუსეთის ხელისუფლებითვის? ბუნებრივია, მათი პრობლემა მხოლოდ სააკაშვილი არ არის...
–მე დარწმუნებული ვარ რუსეთის ფედერციის ხელისუფლება, ვინც იქნება ხელისუფლებაში იმ დროს, ძალიან პრაგმატულად მიუდგება ურთიერთობას საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან და ჩვენ ბუნებრივად გაგვიჩნდება საერთო სივრცე ურთიერთობისთვის. დასაწყისში, ჩემი აზრით, ეს იქნება დაკავშირებული ჩვენს საერთო ინტერესებთან ჩრდილოეთ კავკასიაში, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაღვივებასთან. ჩვენ ნუ დაგავიწყდება, რომ რუსეთის ფედერაციაში, მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და მათი ბედი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მათი ბედი კი ძალიან რთულია, როცა ასეთი ანტაგონიზმია რუსეთსა და საქართველოს შორის.
სათანამშრომლო სივრცე გაჩნდება, მაგრამ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ძალიან სწრაფად გადაწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, ღრმად მწამს, რომ ეს გარდაუვალია. ოღონ, ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, ადამიანური, კულტურული და სახალხო დიპლომატიური რესურსების გამოყენება.
როდესაც დასავლეთი მუდმივად გვირჩევს, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, ხოლო რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკება, რას ემსახურება დასავლეთის მხრიდან ჩვენი შეგონებები, როგორ უნდა შევრიგდეთ რუსეთთან, როდესაც ის არ გველაპარაკება?
–ეს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის შემდგომ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.
მაგრამ ისინი ახლა ჩამოდიან და ახლა კეთდება მოწოდებები...
–ახლა ჩამოდიან და იძახიან, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, თქვენ უნდა დადგეთ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცის გზაზე და დაიწყოთ ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკებები, რომელიც მალე არ დასრულდება და არ დასრულდება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ეს პროცესები ახლა უნდა დაიწყოს.
ანუ, ეს მინიშნებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს?
–რა თქმა უნდა.
თქვენთან შეხვედრები იმის მანიშნებელია, რომ მომავალ ხელისუფლებად განგიხილავენ? სიკორსკიმ თქვენთან და გიორგი თარგამაძესთან შეხვდრისას აღნიშნა, რომ ერთ–ერთი თქვენგანი, შესაძლოა, მომავალი ხელისუფლება გახდეს.
–არა მგონია, ეს მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია.
ბოლოს, ნელი ნავერიანზე მინდა გკითხოთ. როგორც ამბობენ, იგი დაისაჯა „ალიანსელობის“ და იმის გამო, რომ არ შეეპუა სვანეთში გოროზიას მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. თუ დაინტერესდით მისი ბედით?
–სწორია, ის ამის გამო დაისაჯა. თეა წულუკიანი, რომელიც ჩემი მრჩეველია ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით, ამ ვითარებას აკვირდება, ჩვენ ველოდებით რაღაც დეტალების დაზუსტებას და თუ დადასტურდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების, რომ დასაჯონ ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენ პოლიტიკურ რეაგირებასაც მივცემთ.