იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამედიცინო, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას, საზოგადოების და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები და რეაქციები მოჰყვა.
ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებამ, ვინც არ უნდა ყოფილი ის, - ექსმაღალჩინოსანი თუ ვინმე სხვა, „ქართული ოცნების“ იმიჯზე, გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია და ადამიანების იმ კატეგორიაშიც კი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, თანაგრძნობა გამოიწვია.
ხელისუფლებამ ამ კადრების გავრცელება შემდეგ იმით ახსნა, რომ ოპონენტების მხრიდან არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამით მმართველ პოლიტიკურ ძალას სურდა, რომ საპირისპირო დაემკიცებინა, - „ქართული ოცნების“ რეალური გათვლა სწორედ ეს იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ წინასწარ ვერ განსაზღვრა, რა უარყოფითი რეაქცია მოყვებოდა ამას.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ კადრების გავრცელებამ, არა თუ დადებითად, უარყოფითად იმოქმედა „ქართული ოცნების“ იმიჯზე. მისი თქმით, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ოპონენტებმა ხელისუფლებას „შეცდომა დააშვებინეს“.
„ჩვენი ფსიქოლოგიიდან და კულუტურული თავისებურებებიდან გამომდინარეობს ერთგვარი ემპათია მსხვერპლის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც შენი ოპონენტი. ამიტომაც, ამან ხელისუფლების იმიჯზე არცთუ დადებითად იმოქმედა. მან შეიძლება „გული მოფხანა“ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას, მაგრამ თუ შევაჯამებთ იმ რეაქციებს, რაც ამ დროისთვის გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, უარყოფითი უფრო მეტია ხელისუფლებისთვის, ვიდრე დადებითი.
ხელისუფლება უბრალოდ დააყენეს ასეთი აუცილებლობის წინაშე: გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, დავაშვებინებთ ხელისუფლებას შეცდომას. რადგანაც ვრცელდებოდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია სააკაშვილის შესახებ, მის შიმშილობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის უკანასკნელ საათებს ითვლის, ვიღაცამ ჩათვალა, რომ საჭიროა, საზოგადოებას ვუთხრათ რეალური მდგომარეობა, თუმცა, ის ვეღარ გათვალეს, რომ ასეთი კადრების გასაჯაროება საზოგადოების ფსიქიკაზე რა გავლენას იქონიებდა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა რეაქციები ვიხილეთ გავრცლებული კადრებით, მის გავლენას გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს. როგორც მან for.ge-ს უთხრა, შესაბამის უწყებას ჯერ გარკვეული განმარტება უნდა გაეკეთებინა და შემდეგ გაევრცელებინა ის.
„სასიამოვნო და გასახარი ამ კადრებში, რაც გავრცელდა, რა თქმა უნდა, არ არის. თუ ამ ყველაფერს მივუდგებით ემოციურად, ბუნებრივია, რომ გვექნება ნეგატიური დამოკიდებულება. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება ასეთ რამეს აკეთებს, წინასწარ უნდა განმარტოს, რატომ აკეთებს და რატომ დგამს ასეთ ნაბიჯს. ამ ყველაფერმა, პირველ რიგში, იმუშავა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. დღეს გამოკითხვა რომ ჩაატარო, ეს ემოციური დამოკიდებულება ამ გამოკითხვაში აისახება, მაგრამ ერთი კვირის თავზე, ეს ისევ ისე დალაგდება, როგორც არის. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას დიდი გავლენა არ ექნება.
ხელისუფლება ამას უნდა მიხვდეს, როდესაც ასეთი კადრების გავრცელება ხდება, „პოსტფაქტუმ“ კი არ უნდა გააკეთოს განმარტებები, არამედ წინასწარ უნდა გააკეთოს განცხადება, რატომ აკეთებს. მაშინ, ეს ნეგატიური ფონი მოიხსნებოდა. „ისე არ არის, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ“, - ჯერ ეს განცხადება უნდა გაკეთებულიყო, შემდეგ უნდა ეჩვენებინათ ეს კადრები. ნამდვილად არ არის სასიამოვნო, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, ძალადობის ფაქტის გაშუქება, არასდროს არის მომგებიანი ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, ამ შემთხვევაში სხვა დამოკიდებულება გაჩნდებოდა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ამ კადრების გავრცელება მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა.
„თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში, ამ დროს, მან ჩვენს თანამშრომლებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. სწორედ ამ მიზნით პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი. (კადრები ასახავს) ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანებას“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.