ოპოზიცია მცირერიცხოვან, მაგრამ პერმანენტულ აქციებს სახელმწიფო დაწესებულებებთან აგრძელებს. ენმ ირწმუნება, რომ ქუჩაში იმაზე მეტ ადამიანს გამოიყვანს, ვიდრე აქამდე გამოჰყავდა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში პერმანენტულმა აქციებმა ოპოზიციას ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანა. დღითიდღე აქციის მონაწილეების რიცხვი მცირდება და სავარაუდოდ, მოსახლეობას ოპოზიციის ბრძოლის ძველი მეთოდები აღარ მოსწონს. რას მოუტანს ოპოზიციას ყოველდღიური აქციები, რადგან რადიკალიზმი მოსახლეობას როგორც ჩანს აშინებს?
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ტატამზე ოპოზიცია იმის იმედით ადის, რომ ხელისუფლებას და სისტემას ჩამოშლის. სინამდვილეში, ეს აქტიური პროტესტი „ოცნებამ“ გამოიყენა ძალის დემონსტრირებისთვის, აქეთ დაღალა და გამოფიტა ოპოზიცია. მათი აზრით, არჩეული ტაქტიკური ხაზი, მაღალი ალბათობით, უშედეგოდ დასრულდება და ეს ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვას და მთ მიმართ მოსახლეობის უნდობლობას გაზრდის.
„13 ნოემბერს 5 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გელოდებით ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის ეს ვითარება და ასეთი ადამიანები აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან, რაც უკანასკნელმა დღეებმაც დაადასტურა. ვარყიოთ რეჟიმი მანამ, სანამ არ ჩამოვანგრევთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ 12 ნოემბერს ბრიფინგზე.
თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით კი 12 ნოემბერს ერთდროულად ორ ადგილზე აქცია პარალელურ რეჟიმში გაიმართა. მოთხოვნები უცვლელია: საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ამ ძირითად მოთხოვნებს იმ უწყებების ხელმძღვანელებთა შეხვედრაც დაემატა, სადაც საპროტესტო აქციები იმართებოდა.
ხმაური და დაპირისპირება იყო იუსტიციის სამინისტროსთან - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უწყებაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. რატი ბრეგაძესთან შეხვედრა ანი წითლიძეს და ლევან ხაბეიშვილს სურდათ.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი უწყებასთან მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მსვლელობით მივიდნენ.
„პროტესტი გაგრძელდება სულ - ყველა ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ უნდა შეწყდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, განსაკუთრებით, იმ კადრების გავრცელების შემდეგ, ამ ადამიანებმა უნდა გამოხატონ პროტესტი“, -აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
„მოვითხოვთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება უსაფრთხოდ და ექნება შესაბამისი, კვალიფიციური მკურნალობის და მონიტორინგის პირობები“, - აცხადებს „ლელოს“ წევრი ვახტანგ სურგულაძე.
ამის პარალელურად კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ავტომობილით სუს-ის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა. მას ავტომობილის საქარე მინაზე წარწერა ჰქონდა, სადაც ეწერა, რომ კომენტარს არ აკეთებდა და პრეს-ცენტრისთვის მიემართათ. ის პოლიციამ ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანა. იგივე აქცია-პერფრომანსი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა ქვეყნის სახვდასხვა ქალაქებში მოაწყვეს. აქაც პოლიციამ ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორი ჯგუფები, სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით არეულობის შექმნას აგრძელებენ.
მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრისა და პოლიციელების მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
დღეს, ქართული პოლიცია დგას სახელმწიფოს სამსახურში. ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა, მოახერხეს და შეძლეს წინა რეჟიმის პირობებში, პოლიციის მიმართ უნდობლობისა და შიშის ნაცვლად ხალხის ნდობა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა ეცადონ დესტრუქციული ძალები, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს. ისინი მზა რევოლუციურ რეცეპტებს იყენებენ, რომელიც უკრაინაში მაიდანის და ბელარუსიაში არშემდგარი რევოლუციის დროს გამოიყენებოდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არის სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, პოლიციის დაღლა და შეურაცხყოფის მიყენება, რათა ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება მოხდეს.
„არ მგონია, რომ ოპოზიციამ ამ მცირე პატარ-პატარა აქციებით რაიმე მიზანს მიაღწიოს. საქმე ისაა, რომ ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული. მათი მეთოდი უკვე ყველამ კარგად იცის, რადგანაც ეს არის მზა რევოლუციური რეცეპტი, რომელიც უკრაინასა და ბელორუსიაში უკვე გამოყენებულია. ესაა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მორალური წნეხი. ალბათ, დააკვირდებოდით რიგით პოლიციელებს რას ეუბნებიან. მათ ამცირებენ და უმტიკცებენ, რომ უფროსობა მილიონერები არიან, მათ კი მიზერულ ხელფასზე ამუშავებენ.
მათი გატეხვით უნდათ, რომ ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგონ. არადა პირიქით მოხდება, თუკი „ოცნება“ ნებისყოფას გამოიჩენს, თავად ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დაიღლებიან და გამოიფიტებიან. ეს აქციები დიდხანს ვერ გაძლებს, რადგანაც მას როცა შედეგი არ მოჰყვება მხარდამჭერები ნიჰილიზმში ვარდებიან. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს 2009 წელს რუსთაველის გამზირზე კარვები და უწყვეტი აქციები იყო. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა უფრო დიდი ჰქონდა, თუმცა ვერაფერი შეძლეს, რადგან სააკაშვილმა ყურადღება საერთოდ არ მიაქცია და საბოლოო ჯამში, დაღლილი ოპოზიცია თავად დაიშალა. ახლაც ასე მოხდება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის მცდელობა ქვეყანაში ცეცხლი დაანთონ და პოლიტიკური მუხტი აწიონ, ყოველდღიურად კრახით მთავრდება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ არის მომხრე ქუჩის დესტრუქციის და პიკეტირების. ამიტომაც ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ყოველდღიურ ე.წ. აქციებს უკვე ტრაგიკომიკური სახე აქვს.
„ოპოზიციის ე.წ. აქციებმა თავი უკვე მოსახლეობასაც კი მოაბეზრა. მეტროებთან შეკრებამ და ამ უაზრო გაწევ-გამოწევებმა სასაცილო სახე მიიღო. თავად ენმ-ის ამომრჩეველიც კი აღარ გამოდის და ცოტა ხანში 100 კაცსაც ვეღარ შეკრებენ. თუმცა კარგად გვახსოვს, რომ მელია იფიცებოდა, პრემიერის კანცელარიის ბლოკირებას მოახდენდა. თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც ფიზიკურად ცოცხალი ძალა არა ჰყავს, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდეს. საკუთარ ელექტორატსაც აღარ სჯერა მათი. ჩვენი პოლიცია კი სხვა პოლიციელებისგან განსხვავებით ლმობიერია და თმენის ძალიან მაღალ სტნადარტს ამჟღავნებს.
მაგალითად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სუს-ის შენობასთან რაც გააკეთა და როგორი პროვოკაციაც მოაწყო, ასეთი რამ საფრანგეთის ან ამერიკის უსაფრთხოების სამსახურთან ვინმემ რომ გაბედოს, ვნახავთ, როგორ პასუხს მიიღებენ. ამიტომ ეს უაზრო რადიკალიზმი და სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობაში ხელის შეშლა დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ეს მოსახლეობას არ მოსწონს და საბოლოო ჯამში ხელისუფლება კი არ დაიღლება და გამოიფიტება, თავად ოპოზიციის გამოფიტვა მოხდება“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.