არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გაუგებარი სვლების დასახასიათებლად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასეთი ტერმინი შემოგვთავაზა - „ოპოზიციის გრეჩიხიზაცია“.
რეალურად, ოპოზიცია დაბნეულია. ერთნი ამბოხებას და ხავერდოვან რევოლუციებს გვთავაზობენ, მეორენი ქუჩას არ გავეკარებითო, მესამენი პრობლემის გადასაჭრელად შარლ მიშელს ელოდებიან…
პარალელურად, პოლიტიკით განხიბვლის პერიოდი დაუდგათ ამ გაუგებრობაში შემოსულ ადამიანებს. შვილის ხათრით გაპოლიტიკოსებული ანზორ მელია „ამ ყაჩაღებთან ყოფნას“ არ აპირებს, ტოვებს პოლიტიკას და ექიმობას უბრუნდება. გამორიცხული არ არის, პოლიტიკას სხვა ძალებიც ჩამოსცილდნენ.
მიმდინარეობს თუ არა ოპოზიციაში გრეჩიხიზაცია?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ასეთი პროცესები მართლაც მიმდინარეობს ოპოზიციაში, რადგან, უნდათ თუ არა, მაინც მოუწევთ მარცხთან შეგუება. ახლა ერთგვარი ინერცია კიდევ აქვთ შენარჩუნებული, გრძელდება საარჩევნო ციებ-ცხელება, უარს ვერ ამბობენ თავიანთ ჟინზე, რომ წარმატება მოიპოვონ. დავით ზარდიაშვილის აზრით, ერთხანს ინერციით ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საბოლოო შემაჯამებელი ოქმი როცა გამოქვეყნდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, საკრებულოები როცა დაიწყებენ საქმიანობას, მერები შეუდგებიან ფუნქციების შესრულებას, არავითარი აზრი ქუჩის პროტესტს აღარ ექნება.
ანალიტიკოსის განმარტებით, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“, არც თავისთავად არ მოხდება მისი მარგინალიზაცია, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა ამომრჩევლის 45%, რომელმაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები წარადგინონ პოლიტიკაში, ოღონდ არა ექსტრემისტული პოლიტიკის მეშვეობით, რასაც ნაცები აკეთებენ, არამედ მათი ალტერნატივა უნდა შეიქმნას.
„გარკვეული ცვლილებები ამ თვალსაზრისით საჭიროა, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებიცაა საჭირო, მაგალითად, მედიის შეზღუდვა იმ მიმართულებით, რომ პროფესიული ჟურნალისტიკა და პარტიული პროპაგანდა აუცილებლად გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ეს იმდენად ნათელია, რომ ამაზე თვითონ ნაცებიც კი ლაპარაკობენ. სულ ახლახანს ისიც კი თქვეს, თურმე ეუთო-ოდირის შეფასება იმიტომაა პოზიტიური, რომ საქართველოში თავისუფალი ჟურნალისტიკაა და ისინი ვერ ბედავენ, არჩევნები უსამართლოდ გამოაცხადონო. ნაცები თვითონვე ამბობენ ამ ორმხრივ სისულელეს. ჯერ ერთი, არჩევნები არ გაყალბებულა და შეფასებაც ადეკვატური იყო ოდირის მხრიდან, მაგრამ ნაცები ოდირს სწამებენ იმას, რომ იმ მოტივით, რომ ჩვენთან ზელიბერალური ჟურნალისტიკაა, ის ვერ ბედავს არჩევნები უსამართლოდ გამოაცხადოს. ამას მოფიქრება ხომ უნდა? მთავარია, რომ ადამიანების 45%-ს, რომლებსაც არ სურთ ეს ხელისუფლება და მის წინააღმდეგ აძლევენ ხმას, რაიმე კონსტრუქციული შესაძლებლობები გააჩნდეთ პოლიტიკაში ჩართვისთვის და არა ექსტრემისტული ნაცების მეშვეობით“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გახარიათი, ხაზარაძით, ან რომელიმე სხვა ძალით ჩაანაცვლონ ნაცები, უბრალოდ, საჭიროა, შეიქმნას პოლიტიკაში მონაწილეობისა და ჩართულობის უფრო ქმედითი და ეფექტური მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ უნდა წახალისდეს მცირე პარტიების გამსხვილება და მათი ინიციატივები. პარტიული დაფინანსებაც არ უნდა იყოს მარტო საბაზისო დაფინანსება, არამედ დაფინანსება პარტიების აქტიურობის მიხედვით უნდა ხდებოდეს. კერძოდ, თუკი პარტიას რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, ეს უნდა წახალისდეს და დაფინანსდეს კიდეც.
დავით ზარდიაშვილი ამ მხრივ გერმანიის გამოცდილებას გვთავაზობს. მაგალითად, გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ რომელიმე ბიზნესმენი როცა ფულს ურიცხავს, ვთქვათ, ასი ათას ევროს, ამ ასი ათასი ევროდან 10% მიდის საერთო ყულაბაში, რომელსაც ჰქვია პარტიების განვითარების ფონდი. ეს ფონდი გრანტებით მუშაობს, ანუ პარტიებს აძლევენ გარკვეულ თანხას თავიანთი აქტივობის შესაბამისად, რომელ აქტივობასაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვს. ამით პარტიულ-პოლიტიკური სისტემა დაზღვეულია პოლარიზაციისგან.
„ასეთ შემთხვევაში, პატარა პარტიები, გინდა თუ არა, ნაცებს კი არ მიებმებიან, არამედ საკუთარი ნიშა ექნებათ და განვითარდებიან. ასე რომ, დამფინანსებლებს შეუძლიათ, თვითონვე შექმნან საბჭო და თავად გადანაწილდება გრანტები. პარტიას რომ ფულს სწირავ, გასაგებია, მისი მხარდამჭერი ხარ, გარკვეული პოლიტიკური მიზანი გაქვს და ფულს იხდი ამ მიზანში, ამის ერთ-ერთი საშუალებაა პარტიების განვითარების ფონდი. ასევეა აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება, როცა საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილი მიდის არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ხდება ძირითადად მათი დაფინანსება და ადამიანი როცა იხდის საშემოსავლოს (ადგილობრივ გადასახადს), იქ პირდაპირ უთითებს, არასამთავრობოებიდან რომელს გადაურიცხოს საშემოსავლოს 1%. არ არის საჭირო უცხოური გრანტები და სოროსის დაფინანსება, თვითონ ამომრჩეველი წყვეტს ამას. ასეთი მოქნილი სისტემებია საჭირო, რათა, საბოლოო ჯამში, საჯარო პოლიტიკის დენაციფიკაცია მოხდეს. უნდა შეიქმნას ამ პოლიტიკური ექსტრემიზმის ალტერნატივა, რომ პოლიტიკური აქტივობა პოზიტიურად განხორციელდეს. რამე კი არ უნდა დაანგრიოს პოლიტიკამ, არამედ რაღაც უნდა შექმნას. დღეს კი რა გამოდის? ჩვენ ვაფინანსებთ პოლიტიკას, რომელიც გვანგრევს“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.