„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადასაყვანის მოთხოვნით, პერმანენტულ აქციებს იწყებს და ამბობს, რომ მიტინგები იქნება მთელ თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ მას ექსპრეზიდენტის ბედი ნაკლებად ადარდებს. ამასთან, დიდი ხანია აქტიურად მიდის საუბარი იმაზეც, რომ მათ შორის გარკვეული სახის დაპირისპირება არსებობს.
ნიკა მელიას გუშინდელი განცხადებებიდან დასამახსოვრებელი იყო ფრაზა: „ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო“.
მისი თქმით, შეკრება და აქციების გამართვა მოხდება დილიდან და ბრძოლა იქნება დამღლელი.
„შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება - ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის. ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა თქვენს და სხვა ადამიანებისგან, არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის, გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის შესაძლოა უთანხმოების შესახებ გამოთქმულ აზრს იზიარებს და For.ge-სთან ამბობს, რომ გარკვეული დაპირისპირება, სავარაუდოდ, მაშინ დაიწყო, როდესაც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში დადგა.
მისი თქმით, საბოლოოდ არც ის არის გამორიცხული, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყოს და მის თანამოაზრეებთან ერთად ცალკე დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა.
„უთანხმოება შეიძლება არსებობდეს ახლა კი არა, დასაბამიდან. იყო მოსაზრება, რომ პარტიის თავმჯდომარედ სააკაშვილს სხვა პირი, ვარშალომიძე სურდ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მელია გადაწყვიტა. ერთმანეთს დაუპირისპირდა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ამ ჯგუფის სურვილი, დაპირისპირების სიმბოლო კი ნიკა მელია გახდა. სწორედ იმ ეტაპიდან შეიძლება საუბარი შეუთავსებლობაზე. შემდეგ სააკაშვილმა აღარ შეიმჩნია მელიასთან დაპირისპირება და მშვიდობიანი ურთიერთობა გააგრძელა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მშვიდობიანობა ბოლომდე არ იქნება, მით უმეტეს, რომ არც მელია ავლენს დიდ მხარდაჭერას სააკაშვილის მიმართ, განცხადებების დონეზეც და საჯარო გამოსვლებითაც.
როდის „აფეთქდება“ მათ ურთიერთობაში არსებული პრობლემები და როდის გამოვა დღის სინათლეზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ პრობლემები არსებობს, უნდა დავიჯეროთ.
მელიასთვის ყველაზე სწორი იქნება, მის მხარდაჭერებთან ერთად, რომლებმაც გადაწყვიტეს თავმჯდომარედ მისი არჩევა, პარტიიდან გამოსვლა, თუმცა, არის მეორე მომენტი, რომ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაახლოებით იმდენად შედეგიანი იქნება, რამდენადაც სხვა ჯგუფები. პარტიები, რომელშიც არ იგულისხმება მიშა სააკაშვილი, იმ პარტიებს ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. გარეთ გასული მელიაც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებს.
თუმცა, მელია „ნაცმოძრაობაში“ არ იყო მაშინ, როდესაც ამ პარტიამ ხალხს თავი დაამახსოვრა დანაშაულებრივი მოქმედებებით. ამდენად, ამ მხრივ მელიას ფიგურა თავისუფალია. იგი გარისკავს თუ გავა, მაგრამ მგონია, რომ პარტიაში მიშასთან შეჯიბრს მას დამოუკიდებლად გასვლა უნდა ერჩივნოს, მაგრამ, თუ ჩაწყნარდა სააკაშვილის თემა და ის ჩარჩა ციხეში, არ არის გამორიცხული, რომ ამ პარტიის ლიდერობა მოახერხოს მელიამ. თუმცა, შესაძლოა, მიშამ ციხიდანაც ამ პარტიის განწყობები წარმართოს იქით, რომ მელია ჩაანაცვლონ სხვა ფიგურით“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-თან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება დღეს ვისაუბროთ მათ შორის რაიმე სახის დაპირისპირებაზე:
„ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამას სჭირდება მყარი არგუმენტები. მელიას განცხადებით, არსად შეჭრას არ აპირებენ და მშვიდობიანი აქციები იქნება, ეს ყველაფერი ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში. მელია დიდი ხანია პარტიის თავმჯდომარეა და არანაირი უთანხოება სააკაშვილთან არ ყოფილა. მაგალითად, უთანხმოებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ შევეხებით „ევროპულ საქართველოს“, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო. თუმცა, დღეს სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოება რომ ყოფილიყო, მაშინ ნიკა მელია არ იქნებოდა პარტიის თავმჯდომარე. მელია პარტიის სათავეშია და იბრძვის. ამ შემთხვევაში, მათ შორის რაიმე სახის უთანხმოებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.