„ციხის ადმინისტრაცია და ხელისუფლება სააკაშვილის დღის წესრიგით რომ არ მოქმედებს, ეს არის წამება?! მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის მიმართ რაც ხდება, ამას წამება დავარქვათ თუ არა, ესეც კი საკითხავია. ეს „წამება“ ახლოსაც არ მივა სააკაშვილის დროინდელ წამებასთან“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
სააკაშვილის სასამართლო პროცესს ისტორიულ პროცესადაც მოიხსენიებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპრეზიდენტი განსასჯელის სკამზე არ იჯდა. ამან ოპოზიციას სათქმელი მისცა, რომ ხელისუფლებას ეშინია დასუსტებული, ნაშიმშილარი სააკაშვილის. რეალურად, რას გამოიწვევდა მისი დასწრება სასამართლო პროცესზე - ეს იქნებოდა მარცხი, თუ გამარჯვება დღევანდელი ხელისუფლების, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მოახერხა სააკაშვილის გასამართლება?
- გასაგებია, რომ სააკაშვილს საჯარო გამოსვლები ეხერხება, ის კარგი ორატორია და მისი გამოჩენა ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნიდა. სააკაშვილს ვინც იცნობს, მისი ბუნებიდან და პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე, ის აუცილებლად შეეცდებოდა, სასამართლო პროცესი ერთგვარ პოლიტიკურ შოუდ გადაექცია, შემდეგ ეს მედიასაშუალებებით გავრცელებულიყო და საკუთარი პიროვნების აქტუალიზაცია მოეხდინა. მეორე საკითხია წმინდა სამართლებრივი, მე არ ვიცი, რა არგუმენტები ჰქონდა ბრალდების მხარეს, შესაძლოა, ეს არგუმენტები არ ყოფილიყო იმდენად მყარი, ერთი სიტყვით, პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლებამ თავი დაიზღვია. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დასწრება რისკებთან იყო დაკავშირებული.
შესაძლოა, 29 ნოემბრის პროცესზე ეს რისკები აილაგმოს იმით, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ან პირიქით, გაუარესდეს მისი მდგომარეობა?
- ეს დამოკიდებული იქნება დიდწილად იმაზე, სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს თუ არა, მიიღებს თუ არა მკურნალობის კურსს, რასაც აქამდე იღებდა და, ფაქტობრივად, ინარჩუნებდა იმ მდგომარეობას, რაც მას ბოლო დრომდე ჰქონდა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით ზუსტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, როგორც მისი ადვოკატები და ექიმები გვიხატავენ, თუ ისეთი, როგორიც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, სადაც ის ნამდვილად არ ტოვებდა გონებამიხდილი და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას. ეს დამოკიდებული იქნება მის ჯანმრთელობაზე, ალბათ, კონსილიუმი გასცემს დასკვნას, შეიძლება თუ მისი დასწრება მომდევნო სასამართლოზე.
ექსპრეზიდენტი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ე.წ. შუმოკი მოუწყეს. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ იმდენი ადამიანი ჰყავს სააკაშვილს გამწარებული, შესაძლოა, მართლაც გართულებულიყო კერძო კლინიკაში მისი დაცვა. ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილის ყოველი დამცირება შესაძლოა, მის სასიკეთოდ მუშაობდეს. დღითი დღე რამდენად მატულობს სააკაშვილის ფაქტორით გამოწვეული პრობლემა ხელისუფლებისთვის და ხომ არ არის გამოსავალი, რასაც ცალკეული ექსპერტები გვთავაზობენ, სააკაშვილი ან უკრაინას გადასცენ, ან გერმანიას სამკურნალოდ? რადგან არავინ იცის, მისი დიდხანს დაყოვნება საქართველოში რა პროცესებს გამოიწვევს?
- ეს 50/50- ზეა. ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, პატიმრები გამოხატავენ პროტესტს სააკაშვილის მიმართ, ადგილობრივი მოხმარებისთვის მის წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ არც იმდენად, რომ ამან სერიოზული ზიანი მოუტანოს სააკაშვილს. სამაგიეროდ, საერთაშორისო არენაზე ეს ძალიან ცუდი კუთხით წარმოჩნდა. ჩვენ ვნახეთ, თუკი სააკაშვილის დაპატიმრებიდან დღემდე მის მიმართ საერთაშორისო ყურადღება, ფაქტობრივად, მინიმალური იყო, მე ვიტყოდი, ნულოვანი საერთაშორისო ყურადღებაც კი იყო, ახლა უცებ რეაქციები გააქტიურდა და ეს რეაქცია არ არის ხელისუფლებისთვის სასარგებლო და საკეთილდღეო. შინაარსი და პათოსი განცხადებების, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჯერ საელჩოებისგან, მერე სახელმწიფო დეპარტამენტისგან, პოლონეთის პრეზიდენტისგან, ევროპარლამენტარებისგან და „ემნესტი ინტერნეიშენელისგან“ რაღაცნაირად ურტყამს ხელისუფლების იმიჯს. მოდით, ეს ვაღიაროთ. შესაბამისად, ხელისუფლებას ახლა იმის მოფიქრება მოუწევს, როგორ გაანეიტრალოს ეს ყველაფერი.
„ნაციონალები“ სააკაშვილის წამებაზე საუბრობენ. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ არის კი წამება ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება?
- არსებობს ევროპის საბჭოს წამების კომიტეტი, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის პროტოკოლი და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს, რომ ადამიანი მოჰყვა წამების ქვეშ. წამება არ არის მარტო ის, რომ ადამიანზე ცოცხით ან სხვა საშუალებით ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენენ, სხვა მეთოდითაც შეიძლება ადამიანის წამება. ამ მხრივ ხელისუფლება აკურატული და ყურადღებიანი უნდა იყოს, რომ ასეთი რამ არ დაბრალდეს. თუმცა ეს არ არის ის წამება, რაც 9- წლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა, ახლოსაც არ მივა მაშინდელ წამებასთან. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის მიმართ რაც ხდება, ამას წამება შეიძლება დავარქვათ თუ არა, ისიც კი საკითხავია. ციხის ადმინისტრაცია და ხელისუფლება სააკაშვილის დღის წესრიგით რომ არ მოქმედებს, ეს არის წამება? ეს არ არის წამება. ხელისუფლება იცავს კანონით დადგენილ წესებს. თუ სააკაშვილს და მის მომხრეთ ეს არ მოსწონთ და ამას წამებას უწოდებენ, ეს გასაკვირი არცაა. ყველაფერი მიდის იქითკენ, როგორმე ტემპერატურა ასწიონ და მეტი ხალხი გაიყვანონ ქუჩაში. მათ მიერ ნახსენები წამება გადაჭარბებული, ჰიპერტროფიული შეფასებაა.
სააკაშვილის მომხრეები საბჭოთა ფსიქიატრიულთან აიგივებენ გლდანის ციხეს, რაც ოდესღაც მართლაც იყო ასეთი.
- ეს ყველაფერი მათი ბრძოლის მეთოდია.
პარალელურად „ნაციონალები“ საპროტესტო აქციებს აწყობენ. თვით ოპოზიციის შიგნითაც არ იწონებენ ამ აქციების ქმედუნარიანობას. მაგალითად, დოდონა კიზირია ამ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მან ფრენაც კი გადადო, იდიოტივით გავარდა აქციაზე იმისთვის, რომ „მოესმინა ნიკა მელიას 40- წუთიანი ყროყინი რუსთაველზე“. როგორ გგონიათ, ეს აქცია აკმაყოფილებს მათი მომხრეების სურვილს? მუხტი სადამდე შერჩებათ?
- მე მაინც მგონია, თუკი მომდევნო დღეებში ვერ მოხერხდა კრიტიკული მასის შეკრება, ამ ყველაფერმა ერთ წრეზე იტრიალა და არაფერი არ მოხდა გარდა იმისა, რაც ხდება, ანუ მიდის იქ მელია, მიდის „ნაცმოძრაობის“ სხვა რომელიმე ლიდერი და რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან აწყობს აქციას, ხმაურობენ, ეს ყველაფერი თანდათან მილევად რეჟიმში გადავა, საზოგადოებას მობეზრდება მათი აქციები. დოდონა კიზირიას შეფასება არ არის აუცილებელი, რომ დავინახოთ, ეს აქციები მილევად რეჟიმშია, კონკრეტული გეგმა არ აქვთ. ოპოზიცია საზოგადოებას და თუნდაც თავის მხარდამჭერებს სთავაზობს, შენ მე გამომყევი დესტრუქციულ, რევოლუციურ სცენარში იმისთვის, რომ მე მომიყვანო ხელისუფლებაში. არავითარი პოზიტიური დღის წესრიგი ოპოზიციას არ აქვს. ხალხის პრობლემებზე ის არაა ორიენტირებული, ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების დამხობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე. ჩვენი ამომრჩეველი ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა და ხედავს, რომ ოპოზიციას სურს, ხალხის მასა გამოიყენოს, როგორც მასა, როგორც თვითონ უწოდებენ ხოლმე, რომ მასებზე ზემოქმედებით და მათი გამოყენებით თავის საწადელს მიაღწიონ. მე მგონი, ამ აქციებს მაინცდამაინც დიდი შედეგი არ უნდა მოჰყვეს.