საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას პატიმრების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ისინი ექს-პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, რამაც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები და ადვოკატები აღაშფოთა და ხელისუფლება სააკაშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.
„როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი, ორგანიზებულად, ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილსა და მის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
სადაც სააკაშვილი არის მოთავსებული, იქ არის ერთგვარი პოსტი, რომელზეც 1-2 თანამშრომელი იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი, რაც ნიშნავს, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს. დაუყონებლივ უნდა მოხდეს აქედან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
გლდანის ციხეში პატიმრების „არასტუმართმოყვარეობაზე“ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ყოფილმა სახალხო დამცველმა და უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა შეაფასა.
„მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ იქ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება სამედიცინო დახმარება, სწრაფად მოხდება დახმარების აღმოჩენა და მეორე მხრივ, უსაფრთხოების დაცვა იქ გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში. მით უფრო, როდესაც წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში ღია წყაროებით და ზოგიც სუსის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ არსებობდა გარკვეული გეგმები ძალადობით ადამიანის ციხიდან გამოხსნის, თუ კაცმა არ იცის, რის. თვითონ სააკაშვილი ხომ არაერთ განცხადებაში ამბობდა, რომ მე გამათავისუფლეთ დროზე და 10 დღეში აქ ხელისუფლებას დავამხობო. ასევე მოვისმინეთ ჩანაწერები, რომ თუ მოხდებოდა მისი გადაყვანა გლდანის დაწესებულებაში, გზაში პიკეტირება უნდა მოეწყოთ. გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მანქანების ამოყირავებამდე მისულიყო საქმე. კიდევ რა ინფორმაციები არსებობდა, ეს გამოძიებას უკეთესად ეცოდინება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ასეთი დაძაბული ფონია, ციხესთან მიტინგები ეწყობა ყოველდღიურად და კარვები იშლება, სამოქალაქო საავადმყოფოსთან ამის გაკეთება, პირველ რიგში, უსაფრთხოებას ძალიან გაართულებდა და მეორე მხრივ, დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა იქ მოთავსებულ მშვიდობიან მოქალაქეებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მსჯავრდებულ პრეზიდენტს გლდანის ციხეში გადასვლის შიში ჰქონდა, რათა იცოდა, რომ მას პატიმრები „თბილად“ არ დახვდებოდნენ და შესაძლებელია თუ არა, რომ მართლა მოხდეს სააკაშვილის აშენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტი, სწორედ ამ კითხვით For.ge ანალიტიკოსებს მიმართა.
„თუ სააკაშვილს ციხეში მოხვედრა არ სურდა, მაშინ დანაშაულეები არ უნდა ჩაედინა“, - ამბობს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და დასძენს: „როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ის შეუძლოდაა და მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ასეთ შემთხვევაში პატიმარი კანონის ფარგლებში ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც შესაბამისი აღჭურვილობაა. თუ საჭიროება დადგება, მას მკურნალობას იქ ჩაუტარებენ. რაც შეეხება, პატიმრების პროტესტს, არა მარტო პატიმრები, არამედ ნახევარზე მეტი საქართველო აპროტესტებს მის მიერ ჩადენილ საქციელს. თუ ეშინია და არ სურს, რომ კანონის ფარგლებში მოეპყრან, მაშინ დანაშაული არ უნდა ჩაედინა - ძალიან მარტივია“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ციხეში ბუნტი სწორედ სააკაშვილის თანამოაზრეების ინტერესში შედის და ისინი ახდენენ პროვოცირებას.
„ციხეში ბუნტი შეიძლება სააკაშვილის მომხრეთა ინტერესებში შედიოდეს. ამ მიზნითაც დადიან იქ გვარამია, ჟორჟოლიანები და პატიმრების პროვოცირებას ახდენენ - საკნებში მოფართხალე ვირთხებს უწოდებს მათ. თუმცა, დღეს პატიმარი პოლიტიკურად უფრო მომწიფებულია, სამოქალაქო ღირსებაც და პასუხისმგებლობაც უფრო მეტი გააჩნია. ისინი არაფერზე არ წავლენ და სააკაშვილის წისქვილზე წყალს არ დაასხამენ - ეს გამორიცხულია“, - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.
ციხეში ბუნტს გამორიცხავს ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი. „ვარაუდათაც, არ ვუშვებ, რომ სააკაშვილს ეშინოდა გლდანის ციხეში გადასვლის, ასე რომ ყოფილიყო, გაიჟღერებდა. როგორც ექიმების კონსილიუმმა და სახალხო დამცველმა თქვეს, გლდანის მე-18 დაწესებულებაში სამედიცინო გაწევის დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობა არ არის და ამიტომ არ სურდა იქ გადასვლა. ასევე, თუკი ხელისუფლება ხელოვნურად ხელშემწყობ ღონისძიებებს არ მიმართავს, არ ვფიქრობ, რომ მისმა იქ ყოფნამ შეიძლება პატიმრების ბუნტი გამოიწვიოს“.
კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ესპერტ გია ხუხაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ეს ყველაფერი კი სააკაშვილის ინტერესებზე მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ რაც ხელისუფლებამ გააკეთა, თავისი ტაქტიკური მოსაზრებებით, ყოვლად დაუშვებელია. მათი ამოცანა, ერთი მხრივ, სააკაშვილის დამცირება იყო, მეორე მხრივ კი ოპოზიციის პროვოცირება მოეხდინათ, რათა შექმნილიყო გარკვეული ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ოპოზიცია გაელახათ. ასეთი კრიმინალური სპეცოპერაცია დაგეგმა ხელისუფლებამ. ის რაც გუშინ და დღეს ციხეში ხდება, არის ის, რომ ციხეში იკითხება არაადამიანური მოპყრობის სამართლებრივი კვალიფიკაცია. ცხადი იყო თავიდანვე პატიმრები რასაც იზამდნენ. პატიმრები „იმედზე“ მარტო იმას უყურებენ მათი საძმოს წევრებს სააკაშვილი როგორ დასდევდა და ცოცხით კაცმა არ იცის რას უკეთებდა. მათი პროტესტი ნაწილობრივ მართალიც არის, ნაწილობრივ ორგანიზებულიც არის. ეს ყველაფერი კი ძალიან სავალალო სურათს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ასე ცივილიზებულ ქვეყნებში არ იქცევიან, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება სჩადის“, - ამბობს ხუხაშვილი.