„ზმნა „უნდა“ უნდა ამოვიღოთ, გადაცემა, შესაძლოა, გამოსავალი იყოს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა სამართლებრივი აუცილებლობა“

„ზმნა „უნდა“ უნდა ამოვიღოთ, გადაცემა, შესაძლოა, გამოსავალი იყოს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა სამართლებრივი აუცილებლობა“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს ნოტა გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით. საქართველოში, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ იმოქმედებს საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობაზე.

ამასთან, უკრაინული მხარე მოითხოვს, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხელ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური ნოტა გაეგზავნა.

უკრაინის მოქალაქის მიხელ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში.

ექსპერტი საგარეო საკითხებში სოსო ცინცაძე თვლის, რომ ექსპრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი გახდა. ამასთან, მიიჩნევს, რომ დაწყებული საქმე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემით დასრულდება.

„კონფლიქტის არა, მაგრამ სააკაშვილი გაუგებრობის მიზეზი უკვე გახდა. როდესაც ერთი სახელმწიფო რაღაცას ითხოვს და მეორე უარს ეუბნება, ეს ფაქტი უკვე ხელს არ უწყობს სახელმწიფოთა მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა.

რაზეც მას ედავებიან, ეს დანაშაული ჩადენილი აქვს საქართველოში, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, როდესაც ერთ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებულს გადასცემენ იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა. ეს უკვე დიპლომატიური მოლაპარაკების საგანია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა თავისებურ გამოცდად შეიძლება იქცეს.

მგონია, რომ ეს აურზაური სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემით დამთავრდება. სააკაშვილის ეპოპეა ქართული მხარისათვის არც ისეთი პრინციპული არაა, რომ მისი პიროვნება შეეწიროს უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობას. დღეს თუ ხვალ უნდა ჩამოვიდეს უკრაინის დელეგაცია, რომლის მიზანი სააკაშვილის გადაცემაა. მაინც მგონია, რომ გადასცემენ და დიპლომატიური მექანიზმები ამუშავდება. გადამწყვეტი იქნება უკრაინა რამდენად პრინციპულად დააყენებს ამ საკითხს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშველოვანია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მისი თქმით, სამართელბრივად, ქართულ მხარეს არანაირი ვალდებულება არ აქვს, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას გადაეცეს.

„მე არ ვისაუბრებდი ურთიერთობის დაძაბვაზე, მაგრამ გარკვეულ უხერხულობას ურთიერთობებში ქმნის. გვაქვს საერთო ინტერესები, რომელთა დაზიანებაც არ შეიძლება. ეს მათი აზრია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს საფუძვლიანი, მით უმეტეს კონსულტაციის გარეშე ასეთი მოთხოვნის დაყენება, ცოტა გაუგებარია. ურთიერთობის დროს მსგავსი საკითხის დაყენება არის კანონის მიხედვით, ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ადგილი ჰქონოდა კანონის დარღევევას. თუკი უკრაინულმა მხარემ რამე იცის, ოფიციალურად უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია ამის მოთხოვნა.

ზმნა „უნდა“ უნდა ამოვიღოთ. საერთოდ, გადაცემა, შესაძლოა, გამოსავალი იყოს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და მას კავშირი არ აქვს სამართლებრივ აუცილებლობასთან. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, არ შეიძლება ეს სიტუაცია მუდმივად ასე შენარჩუნდეს. მიდგომები შეიძლება იყოს მოფიქრებული და შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან. ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება, ვინც უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ამასთან, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გამოუგზავნეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას უკავშირდება. მიმართვას გამოცემა „გორდონი“ ავრცელებს. მიმართვაში უკრაინელი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა. ისინი მადლობას უხდიან საქართველოს იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის სამიტში და მხარი დაუჭირა უკრაინას საერთაშორისო მოედნებზე.

მიმართვაში რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში მისი დაბრუნება. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და ვალდებულებაა, რომლის მოქალაქეც ის 2015 წლიდან არის.

დოკუმენტს ხელს აწერს 89 პარლამენტარი, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი კოლეგები ფრაქციაში - ელიზავეტა იასკო, ელიზავეტა ბოგუტსკაია, ევგენია კრავჩუკი, ნიკიტა პოტურაევი, ელენა შულიაკი, მიხეილ რადუცკი, სიაში არიან ფრაქცია „გოლოსის“ ხელმძღვანელი იაროსლავ ჟელეზნიაკი და ამ პარტიის რამდენიმე სახალხო დეპუტატი, ასევე „ბატკივშჩინას“ წარმომადგენლები.

Katana . სოსო ცინცაძე: „ სააკაშვილი გაუგებრობის მიზეზი უკვე გახდა. როდესაც ერთი სახელმწიფო რაღაცას ითხოვს და მეორე უარს ეუბნება, ეს ფაქტი უკვე ხელს არ უწყობს სახელმწიფოთა მეგობრობას."
?
მრავალ დანაშაულში მხილებული საქართველოს ექსპრეზიდენტი რომ უკრაინამ ჯერ ოდესის გუბერნატორად დანიშანა, მერე კი მთავარ რეფორმატორად, ეს, სავარაუდოდ, სახელმწიფოთა მეგობრობას უწყობდა ხელს, არა?
საერთოდ, ყველას ჩვენ რატომ უნდა ვუგოროთ კოჭი?!
ჩვენ თვითონ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, სხვამ რატომ უნდა გვცეს პატივი?!
3 წლის უკან
Ninja 100% გეთანხმებით ყველა სიტყვაში
3 წლის უკან
Serapina ეს, იმის ბრალია,თავის დროზე რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ფორმით არ გამოხატა (თუ გამოხატა და მე არ ვიცი?) პრეტენზია უკრაინის მიმართ... როცა სააკაშვილი დააწინაურეს, მოქალაქეობა მიანიჭეს...2018-ში თანდასწრების გარეშე საქართველოში გასამართლებული პირი, მათ ქვეყანაში (და ევროპაშიც!) ზემოთ-ქვემოთ დასეირნობდა. თანამდებობებს იკავებდა და არა მხოლოდ ის... კოდუა(რომელიც ასე მშვენივრად გამოძვრა), ქარდავა, და ა.შ.
საინტერესოა, მაშინ ეს, ორ ქვეყანას შორის დისკომფორტს არ ქმნიდა და ახლა ქმნის ხომ?!
3 წლის უკან