„მკვიდრდება აზრი, რომ სამართლის განზომილება თვითონ მიხელ სააკაშვილს აქვს, რომელიც ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის ჯორჯ ვაშინგტონია და ახალი პოლიტიკური მოძრაობის მამა“

„მკვიდრდება აზრი, რომ სამართლის განზომილება თვითონ მიხელ სააკაშვილს აქვს, რომელიც ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის ჯორჯ ვაშინგტონია და ახალი პოლიტიკური მოძრაობის მამა“

7 ნოემბრის აქციის დარბევა, „ტელეიმედში“ შეჭრა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევა - დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. for.ge-ს ინფორმაციით დღევანდელ პროცესს ექს-პრეზიდენტი არ დაესწრება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს.

ეს არაა, ერთადერთი საქმე, რომელშიც სააკაშვილი ბრალდებულია. ექს-პრეზიდენტს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წაყენებული. გარდა ამისა, სააკაშვილს უახლოეს დღეებში გამოკითხავენ დავით გარეჯის საქმეზე და ამ საქმეზე სააკაშვილი ბრალდებულის სტატუსს მიიღებს, მათ შორის საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე. მიუხედავად გახმაურებული სისხლის სამართლის საქმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული არასამთავრობოები თვლიან, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს. თვლიან, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში.

მეტიც, იმასაც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის პატიმრობა არის უპრეცედენტო შემთხვევა. „გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი - თავისუფლება მიშას“, - 1 ოქტომბრის შემდეგ, ქუჩის ოპოზიაცია ამ დევიზით ცხოვრობს. კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, რადგან არასწორია პრეზიდენტის ციხეში ჩასმა.

„ეს ბრძოლა არის წმინდა ბრძოლა, ჩვენ წინ გვიძღვის მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც მეუფე ნიკოლოზმა როგორი სიტყვები თქვა - დავით აღმაშენებელს შეადარა და სავსებით საფუძვლიანად. მეუფეზე მეტს ვერ ვიტყვი მე, რადგან რაც მან თქვა, იმაზე მეტი აღარ არსებობს, რომ იტყვიან. ამიტომ, ჩვენ წინ გვიძღვის და არის ჩვენი ლიდერი, სულიერიც და პოლიტიკური ლიდერიც, დიდი კაცი, ბუმბერაზი კაცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგას გაუმარჯოს“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ.

ოპოზიციას სურს, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობა უპრეცედნეტო შემთხვევად გაყიდოს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ამბობენ. სააკაშვილის პატიმრობა არ არის პირველი შემთხვევა, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, საერთო ჯამში, გასამართლებულია 102 ქვეყნის მმართველი, რომელთა შორის არიან როგორც პრეზიდენტები, ასევე - პრემიერ-მინისტრები.

მსჯავრდებული პრეზიდენტების სიაში არიან სააკაშვილის უშუალო მეგობრები: საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი; მისივე მეგობარი, უკარინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო; ვიქტორ იანუკოვიჩი; ასევე სააკაშვილის უახლოესი მეგობარი სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი; ბრალდებული და მსჯავრდებული პრეზიდენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. შესაბამისად, სააკაშვილი ვერ იქნება პირველი ექს-პრეზიდენტი, რომელიც დანაშაულისთვის მოიხდის სასჯელს.

მიუხედავად უმძიმესის სისხლის სამართლისა საქმისა, ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გასამართლებულია პიჯაკების შეძენის ფაქტზე. რეალურად, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ირგებდა საკუთარ თავზე ბიუჯეტის თანხებს ექს-პრეზიდენტი: for.ge გთავაზობთ ჩამონათვალს, როგორია ე.წ. „პიჯაკების“ საქმის ხარჯები:

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება;

191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება;

75 181 ლ - სტილისტ ალი კამალის მომსახურება;

6 342 ლ - მარიამ საჯაიას სასტუმრო;

6 401ლ - ალანა გაგლოევას სასტუმრო;

15 873 ლ - ქრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო და მგზავრობა;

38 247 ლ - ვერა ქობალიას ოჯახის მგზავრობა;

5 430 ლ - სოფო ნიჟარაძის სასტუმრო, საჩუქრები;

503 383 ლ - სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავება კერძო მიზნებისთვის;

45 214 ლ - სააკაშვილის ლიმუზინი ქ. ვერონაში;

35 550 - სააკაშვილისთვის ველოსიპედის დაქირავება 3 წლის მანძილზე;

25 237 ლ - ქ. პიზაში (იტალია) იახტის დაქირავება;

49 499 ლ - 7 პიჯაკი და 1 ქაშმირის სპორტული პალტო;

7 994 - ხელით ნაკეთი 2 კოსტუმი;

53 283 ლ - 10 ც მაჯის საათი;

15 989 ლ - ლონდონში მხატვრის მიერ მკერდით შესრულებული ნახატი;

57 000 ლ - სააკაშვილის შვილების ედუარდ სააკაშვილის და ნიკოლოზ სააკაშვილების სწავლის საფასური;

127 858 ლ - ტაილანდის კურორტ ფხუკეთში მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძის და დავით ბაქრაძის 2 დღის ხარჯი: მგზავრობა, სასტუმრო, კვება.

საერთო ჯამში სააკაშვილის ამ სიამოვნებისთვის ქართველმა ხალხმა 8 837 461 ლარი გადაიხადა.

ეს არის ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კარგად გადმოსცემს ექს-პრეზიდენტის სახეს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე

აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები ხელოვნურად ცდილობენ შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რომელიც აგებულია სააკაშვილსა და მის პატიმრობაზე, რაც არ არის საინტერესო. მისი თქმით, სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

„მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - შეგახსენებთ, რომ ესაა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა - უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის პოზიციას იზიარებენ ანალიტიკოსები და მაიჩნიათ, რომ თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, მაშინ დამნაშავემ, მიუხედავად მისი სტატუსისა, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. კითხვაზე, თუკი სხვა ქვეყნის პირველი პირები იხდიან სასჯელს, სააკაშვილის შემთხვევაში რატომ შეიძლება ეს იყოს დაუშვებელი? - ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ საკვანძო სიტყვა არის სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს და ასეთი ძალიან ბვერია. მისი თქმით, ამ ჩამონათვალში არის სამხრეთ კორეის ქალბატონი პრეზიდენტი, რომელსაც 22 წელი მიუსაჯეს და ასევე 12 მილიონ ევრო გადაახდევინეს ჯარიმის სახით, მაგრამ 64 წლის ექს-პრეზიდენტი არ წუწუნებს;

„ყირგიზეთის პრეზიდენტი ზის ციხეში, საფრანგეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი წელით დაუმძიმდა ბრალი. სომხეთის პრეზიდენტი ორჯერ დაიჭირეს. ლაპარაკი მიდის ნომრალურ ქვეყნებზე, სადაც ჩამოყალიბებულია ნორმალური პოლიტუკური სისტემა, სადაც ქვეყნას მართავენ ნორმალური პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ტყუილად ვცდილობთ ლოგიკაში გავატაროთ ჩამოყალიბებული ტოტალიტარული სექტის ნიშნები, რაც მათ აქვთ. ამაზე წიგნებიც დაიწერა, უამრავი ნაშრომია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად მათ ქცევას ჩვენ ლოგიკის ფილტრში ვერ გავატარებთ. ეს ყველაფერი ეხება მათ ლიდერს, მესამე პრეზიდენტსაც. თითოეული მისი ქცევა, მოქმედება, სიტყვა არის გაუკუღმართებული რეალობის აღქმა. საქმე ის არის, ეს აღქმა რამდენად გულწრფელია, შესისხლხორცებული აქვს უკვე, თუ ის თამაშაობს. თუ თამაშობს, ძალიან კარგი მსახიობი ყოფილა. მისი სიმულაციის, კონფლიქტის და ფანტაზიის უნარი ბოლომდე არ არის გამოყენებული. ამიტომ ყოველ დღე ახალ-ახალ ფაქტებს უნდა ველოდოთ მისგან“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, ჩვენ გვაქვს უნიკალური მოვლენა, როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ სექტად, რომლის სათავეში ბელადია.

„2019 წლის სექტემბერში, ციმბირში აიყვანეს ბენიამინის სექტის წინამძღვარი, რომელსაც ტაიგაში ჰქონდა შექმნილი პატარა სოფელი, სადაც რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავდა და, რომელთაც ეკრძალებოდათ ხორცის ჭამა, ეკრძალებოდათ რძის პროდუქტების ჭამა, ალკოჰოლურ სასმელებზე საუბარი ზედმეტია და არანაირი სექსუალური ურთიერთობა. როდესაც ბენიამინი აიყვანეს, მის სასწყობებში აღმოაჩინეს დიდძალი იარაღი, რამდენიმე ტონა შვეიცარული და ჰოლანდიური ყველი, რამდენიმე კილოგრამი ესპანური შაშხი და ძალიან ძვირადღირებული კონიაკების და ვისკების კოლექცია. ეს ყველაფერი ხომ ანახეს მის მრევლს, რომელსაც ყველაფერი ეკრძალებოდა ღვთის სახელით, მაგრამ დღემდე ითხოვენ რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ჩვენი წმინდანი ბენიამინი გამოუშვით ციხიდანო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მიჭირს ამ მოვლენის პოლიტიკური ანალიზი გავაკეთო. უნიკალური მოვლენა გვაქვს, როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ სექტად, რომლის სათავეში არა პოლიტიკური მდივანი, გენმდივანი, თავმჯდომარე, არამედ ბელადია. ამ ბელადს არ უნდა ციხეში ჯდომა, მას უნდა ციხიდან გამოიყვანონ. არ ვიცი, არსებობს ჰიპნოზის საშუალება, ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ შთაბეჭდილება მაქვს, რომ დაჰიპნოზებულ მასასთან გვაქვს საქმე. თითოეული ეს მოთხოვნა იმდენად აბსურდულია, არც აღმოსავლეთის, არც დასავლეთის, არც ჩრდილოეთის მართლმსაჯულების კანონის ფარგლებში არ ზის. უამრავი პრეზიდენტი, რომლებმაც დააშავეს, ციხეში არიან და ხმას არ იღებენ. სარკოზის მხარდამჭერები აფეთქებებით, ვერსალის აღებით და ეიფელის კოშკის დანგრევით არ იმუქრებიან. ეს არის საგიჟეთი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ადამიანები არიან გაგიჟებულები და ეს არ არის სასაცილო, ეს არის ქვეყნის ტრაგედია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

განცხადება, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ციხეში, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გათვლილია შიდა მოხმარებისთვის, რომ ხალხმა დაიჯეროს დაუშვებულია პრეზიდენტის საპატიმროში ყოლა.

„იმ ხალხს მსოფლიო სტატისტიკა, რომ ანახო, მერე შეიძლება თქვან კიდეც, რომ შესაძლებელია პრეზიდენტი ციხეში. იმისთვის, რომ ხალხი იგულონ გვერდით, სჭირდებათ მოიტანონ ფორმულა - „არ შეიძლება პრეზიდენტის დაპატიმრება“ და ეს ფორმულა ჩაუდონ მოსახლეობას თავში, -ცოტა ტვინების გამორეცხვის პროცედურაა.

პრეზიდენტი პატიმრობაში უნდა იყოს თუ არა, ეს თავად პრეზიდენტზეა დამოკიდებული. არ უნდა მოიქცეს ისე, რომ მოხვდეს საპატიმროში. არის ასეთი ხალხი, რომლებსაც რეალობა არ აწუხებთ, განცხადებებს აკეთებენ იმის მიხედვით, თვითონ რა უნდათ. ამიტომ მათ ნათქვამში ერთი ლოგიკაა - მათ უნდათ, რომ სააკაშვილი არ იყოს დაპატიმრებული და მორჩა. აქ ლოგიკის ძებნა არ უნდა იყოს გამართლებული“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ქმედება გათვლილია ერთ რამეზე - სააკაშვილი არის სამართლის მიღმა. მას სამართალი არ უნდა მისწვდეს, - თვითონ არის სამართალი.

„მკვიდრდება აზრი, რომ სამართლის განზომილება თვითონ მიხელ სააკაშვილს აქვს, რომელიც ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის ჯორჯ ვაშინგტონია და ახალი პოლიტიკური მოძრაობის მამა - ამას ამტკიცებს თვითონ. ამიტომ ის ითხოვს ისეთ პრივილეგიებს და ისეთი ამბიციები აქვს, რაც საქართველოს ისტორიაში მეფეებსაც არ ღირსებიათ. მეფეს რომ ზრდიდნენ, აღზრდის მთავარი მიზანი იყოს ის, რომ რჯულს თავად მეფეც ემორჩილება და რჯულზე მაღლა არ დგას. ურჯულოება ის არის, რომ სამართალზე უარს ამბობს. სამართალი ყველასთვის ერთია და სამართალდამრღვევი უნდა იყოს პატიმარი.

ეს კაცი ამბობს, რომ საქართველოს ხალხი ეს მე ვარო. ეს არის გამაოგნებელი. მისი უტიფრობა არავითარ ფარგლებში და საზღვრებში არ ეტევა. ეს არ ვიცი რითი დამთავრდება. განსაკუთრებით შემზარავი იყო ის, რაც გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა. ადამიანი, რომელიც ასე რჯულის მიღმაა, რომელიც რომელიმე კანონს კი არ არღვევდა, არამედ მთლიანად სამართალს უარყოფდა, დავით აღმაშენებელს შეადარა. მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანი დავით აღმაშენებელმა ქვეყნიდან განდევნა. გამაოგნებელია, შემზარავია, როდესაც ქართული ეკლესიის წარმომადგენელი მის ვითომ შიმშილობას ეძახის მარხვას. შემზარავია, რატომ? - იმიტომ, რომ ის უარს ამბობს მიიღოს სამართლიანი მსჯავრი  და პასუხი აგოს საკუთარ ქცევაზე. მარხვა სინანულის გარეშე არც არაფერი არ არის. ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ის არის გამორჩეული, განსაკუთრებული და სამართალი მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს. იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, მეუფე ნიკოლოზმა აღიარა მარხვად! ეს წარმოუდგენელია, შეურაცხყოფაა ყველანაირი კანონიკესი და რჯულის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

quji ამას აქ ჩვენთვის ნუ კი წერთ, ( ჩვენ ისეთაც ყველაფერი მშვენივრად ვიცით) იმ "მეგობრებს" აუხსენით მკაცრ მოთხოვნებს რომ აშანშალებენ
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli quji იმათ, იმ მეგობრებს ყურებში თითები აქვთ გაკეთებული და არაფერი ესმით, თვალებზე შავი აჩქები უკეთიათ და ყველაფერს შავად ხედავენ! მტრებია, ჩვეულებრივი მტრები!
3 წლის უკან
quji ვაი ჩვენს პატრონს... მაგრამ პატრონი რომ არა გვყავს
3 წლის უკან