"ვაშინგტონის მივიწყებული ოქროს ბიჭი: საფრთხის მიუხედავად, სააკაშვილმა თავი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დაიბრუნა" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

ცნობილ ამერიკულ გამოცემაში - Foreign Policy-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვაშინგტონის მივიწყებული ოქროს ბიჭი: საფრთხის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა თავი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დაიბრუნა" (ავტორი - ანი ჩხიკვაძე, "ამერიკის ხმის" რეპორტიორი). ვრცელ სტატიაში განხილულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა, მისი საქმიანობის პლუსები და მინუსები - როგორც საქართველოში, ასევე - უკრაინაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:

"მიხეილ სააკაშვილის კარიერა ერთ ომს, ორ ქვეყანას და ბევრ რომანტიკულ თავგადასავალს თუ პოლიტიკურ ბატალიას მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ მისი

სწრაფი აღმასვლა და, ასევე, სწრაფი დაცემა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში დემოკრატიზაციის ტრაექტორიას ასახავს. 2003 წლიდან, როცა ქართულმა "ვარდების რევოლუციამ" კორუმპირებული რეჟიმი დაამხო, აშშ-მა მილიარდობით დოლარი დახარჯა ახლო მოკავშირე ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისათვის კავკასიაში, რომელიც რუსეთის დომინირებად რეგიონად ითვლება. თავისი მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი მიხეილ სააკაშვილს მთავარ საკვანძო ფიგურად თვლიდა.

ბუნებრივია, საქართველოს ლიდერი მალე გახდა "ოქროს ბიჭუნა" ვაშინგტონისთვის. იგი, როგორც ამერიკაში განათლებამიღებული ახალგაზრდა, ედუარდ შევარდნაძის სრულ კონტრასტს წარმოადგენდა. მართალია, აშშ ედუარდ შევარდნაძესაც აფასებდა "ცივი ომის" დასრულების გამო, მაგრამ იგი უკვე ვეღარ უძღვებოდა სამოქალაქო ომით, ქაოსითა და სიღარიბით მოცულ ქვეყანას.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პიროვნების კულტი იქმნებოდა და ფართოვდებოდა. იგი ახალი საქართველოს სიმბოლო ხდებოდა. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ქართული სახელმწიფო მის გარეშე არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ის პროპაგანდა, რომელიც მისი ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ იყო კულტივირებული. იგი ძალიან მოსწონდა აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს. სულ მალე ქართველი ლიდერი [ამერიკელი და ევროპელი] ნეოკონსერვატორებისათვის და დემოკრატიის პროპაგანდისტებისთვის სანიმუშო პიროვნება გახდა. მას ყოველთვის კარგ მიღებას უწყობდნენ ვაშინგტონში... იყო იმის შეგრძნება, რომ საქართველომ საბოლოოდ უარყო საბჭოური წარსული და პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმატებულ, სამაგალითო ქვეყნად იქცა. თბილისმა განახორციელა რეფორმები, კურსი მკვეთრად აიღო ნატოსა და ევროკავშირისაკენ. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ ევროპა, დასავლეთი - საქართველოსთვის ტრადიციულ ისტორიულ კურსს წარმოადგენს...

მაგრამ მას ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. 2008 წელს საქართველოს უარი განუცხადეს ნატოში მიღებაზე. ჯორჯ ბუშმა, რომელსაც პრეზიდენტობის ბოლო თვეები რჩებოდა, ვერ შეძლო საფრანგეთ-გერმანიის დარწმუნება იმაში, რომ პარიზს და ბერლინს თბილისი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბორტზე აეყვანათ. ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოში რუსეთი შეიჭრა. თბილისს იმედი ჰქონდა, რომ ამერიკა და დასავლეთი დაეხმარებოდა, მაგრამ იმედები არ გამართლდა.

ბედის ირონიით, მიხეილ სააკაშვილს და ვლადიმერ პუტინს ერთი რამ ჰქონდათ საერთო - საზოგადოების წინაშე თავის მოწონება. როგორც ვლადიმერ პუტინის, მიხეილ სააკაშვილის ნახვაც, ასევე, ყველგან შეიძლებოდა: ბაზრებში, ქარხნებში, მთებში, თხილამურებზე და ზღვაში. მიხეილ სააკაშვილი ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ მას სურდა "ახალი თურქეთის" ლიდერის - მუსტაფა ქემალ ათა-თურქისა და სინგაპურის ექსპრეზიდენტის - ლი კუანი იუს კვალზე წასულიყო.

ამასობაში ქართველ ხალხში უკმაყოფილების მუხტი გროვდებოდა. ქართველები სულ უფრო იღლებოდნენ მიხეილ სააკაშვილის კაპრიზებით, მისი იმპულსური და ემოციური ნატურისაგან. ხალხს ყელში ამოუვიდა ის მოთხოვნები, რასაც ხელისუფლება რეფორმების განხორციელების დროს აყენებდა. რადიკალური რეფორმების გამო ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. მატულობდა უმუშევრობა... ეკლესია პრეზიდენტის პოლიტიკას ძალიან ლიბერალურად მიიჩნევდა, ლიბერალები პოპულისტად თვლიდნენ, პოპულისტები კი - ზედმეტად პროგრესულად.

2007 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია ოპოზიციური ანტისამთავრობო მიტინგი, შეიჭრა ტელევიზიაში... მიხეილ სააკაშვილს მიაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ აქციებში რუსეთი იყო ჩარეული და ამიტომ დაუნდობლად უსწორდებოდა მათ, ვინც კი მის პოლიტიკას გააკრიტიკებდა. ვაშინგტონმა მისი საქციელი არ მოიწონა. მოგვიანებით მსგავსი საპროტესტო აქციები 2009 და 2011 წლებში განმეორდა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებაზე ჩაიციკლა. ძველი გმირი და "ოქროს ბიჭუნა" ნელ-ნელა ბოროტმოქმედად გადაიქცა. მართალია, მან მართლმსაჯულების ორგანოები კორუფციონერებისაგან გაწმინდა, მაგრამ სასამართლოზე ხელისუფლების პოლიტიკური გავლენა შენარჩუნდა. შეიზღუდა მასმედია, ადამიანის უფლებები, პიროვნების თავისუფლება, ბიზნესი ძლიერ ზეწოლას განიცდიდა. საქართველოში სხვაგვარად მოაზროვნეებისა და ოპოზიციისათვის მოქმედების არეალი შემცირდა.

მალე საქართველოს კიდევ ერთი მამა-მარჩენალი გამოუჩნდა - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება". მან ისარგებლა მიხეილ სააკაშვილის რეფორმებით უკმაყოფილო ხალხის მასებით, მათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დაჰპირდა, დაუახლოვდა რეაქციულ და ტრადიციონალისტ ჯგუფებს... 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, მალე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადაც დასრულდა. კაცმა რომ თქვას, იგი იყო პირველი პრეზიდენტი რეგიონში, სადაც პოსტის მშვიდობიანად დატოვება იშვიათი მოვლენა იყო. მისთვის ეს ფაქტიც კი საკმარისი იყო, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში [პოზიტიურად] შესულიყო. მას შეეძლო ჯორჯ ვაშინგტონი ყოფილიყო "ჯორჯიაში". მაგრამ მისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და მეტი მოისურვა...მოკლედ, შიშობდა რა იმას, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და უკრაინაში გადავიდა. იგი იმ დროს 46 წლის იყო. მან მწარე გამოცდილება შეიძინა - დევნა დაუწყეს საკუთარ ქვეყანაში, რომელიც მან "მსოფლიო რუკაზე გამოაჩინა".

საქართველოში წმენდა დაიწყო, დაიჭირეს მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები... ექსპრეზიდენტის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებს შორის ეჭვი გაჩნდა, რომ ახალი მთავრობა საგარეო-პოლიტიკურ კურსს შეცვლიდა და მოსკოვს დაუახლოვდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა სრულად იმის გამო, რომ ქართველი საზოგადოება ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდა რუსეთს... თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტიკა კრემლის მიმართ ისეთი მწვავე აღარ იყო, როგორც - მისი წინამორბედისა. აშშ-ის ადმინისტრაციამაც, თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო, ბარაკ ობამა სხვა პრობლემებზე გადაერთო.

თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერეოდა, კითხულობდა ლექციებს, მაგრამ შემდეგ უკრაინაში ჩავიდა... მიიღო თანამდებობა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირება დაიწყო. მან გადაიტანა ქვეყნიდან გაძევება, დაბრუნება (საზღვრის უკანონო გადაკვეთით), დაკარგა მოქალაქეობა, შემდეგ აღიდგინა, აქტიურად ჩაერთო უკრაინის ოპოზიციურ პოლიტიკაში, მაგრამ არასდროს არ ივიწყებდა მშობლიურ საქართველოს - აწყობდა პრესკონფერენციებს, აქტიურობდა სოციალურ ქსელში, ერთვებოდა ონლაინ-რეჟიმში და აკრიტიკებდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. იმავდროულად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დისკუსია გაჩაღდა მისი როლის შესახებ, რამაც განხეთქილება გამოიწვია...

ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილს არასოდეს არ დაუშვებდა. დღეისათვის "ქართული ოცნება" ყველაფერს უარყოფს, რასაც მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა წარმოადგენს. მათ, ვინც "ოცნების" მთავრობას აკრიტიკებს, ხელისუფლება "სააკაშვილის მარიონეტებად" ნათლავს. ამავე დროს, ვაშინგტონში ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიისაგან უკან იხევს, ბიძინა ივანიშვილის პარტიის მთავრობაში მართვის ავტორიტარული მეთოდები მატულობს.

ამჟამად ქართული პოლიტიკა "ჩრდილების ბრძოლით" არის პოლარიზებული - ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტის, მეორე მხრივ - ექსპრემიერ-მინისტრის მომხრეების მონაწილეობით. ბევრი რამ მეორდება - ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გააკეთა, ახლა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მთავრობა იმეორებს პოპულისტურად. ქართველი ამომრჩეველი ერთმანეთთან დაპირისპირებულია. იგივე ხდება ვაშინგტონში მყოფ საქართველოს მეგობრებშიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მართალია, მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილია მისაღები, რომელიც უარყოფს წარსულს - თავისი წინამორბედის პოლიტიკას, მაგრამ მომავლის ხედვების გარეშე. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს დემოკრატიზაციის ავანგარდად ითვლებოდა, ამჟამად კრიზისიდან კრიზისზე გადადის.

მიხეილ სააკაშვილისათვის ყოველი კრიზისი ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას წარმოადგენს. მას სურს, რომ ისტორია განმეორდეს, უნდა, რომ იგი კვლავ რევოლუციის ლიდერი იყოს, გმირი და - წამებული ადამიანი. მაგრამ ეტყობა, ქართველები მას აღარ ენდობიან და ამის გამო იგი ნერვიულობს, ჰგონია, რომ ფასი დაკარგა, ჩამოწერეს და ახალ როლს თვითონ კი არა, ვიღაც სხვა შეასრულებს. მის პარტიაში კიდევ ერთი ლიდერი გაჩნდა - ნიკა მელია, რომელიც მას ბრძოლაში იწვევს.

როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი იმიტომ დაბრუნდა, რომ იგი ეჭვიანი პიროვნება და ეგოისტია. ზოგიერთი კი თვლის, რომ მას თავისი თავის ხელახალი ჩვენება სურს.

მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკვე მეორედ. იმედოვნებდა თუ არა იმას, რომ ვაშინგტონელი მეგობრები ისევ გადაარჩენენ, როგორც უკრაინაში? იმედი ჰქონდა, რომ კიდევ ერთ სახალხო აჯანყებას მოაწყობდა? ნუთუ იგი შეცდა და ვერ გათვალა? არავინ ზუსტად არ იცის. მაგრამ ფაქტია ის, რომ დღემდე ვაშინგტონში ცოტამ თუ ვინმემ გამოხატა იმ ადამიანისადმი დახმარების სურვილი, რომელიც ოდესღაც მათი "ოქროს ბიჭუნა" იყო.