აქციებით ორთაბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება. ერთი მასშტაბურ და პერმანენტულ აქციებს აანონსებს, მეორე საპასუხოდ ასევე საპროტესტო აქციებს მართავს. ამით კი თითქოს ძალის დემონსტრირებას ახდენენ და ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „მე უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს“.
ამის ფონზე, ხშირად გვესმის ფრაზები, რომ შესაძლოა, მივიღოთ რევოლუცია ან სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან ორი ბანაკი, - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთთან სერიოზულ დაპირისპირებაში არიან.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი არ ფიქრობს, რომ შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ, რადგან „ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“.
„ხავსს ეჭიდებიან და ცდილობენ, პროვოკაციული მოქმედებებით გავიდნენ ფონს. არ ვფიქრობ, რომ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდება. ერთ თვეში ეს აქციები დასრულდება, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი საბოლოოდ დამარცხდებიან“, - აღნიშნა მეტრეველმა For.ge-სთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად „ქართულ ოცნებას“ 24 საათი აქვს. მისი თქმით, თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუკი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციამ რეალურად პერმანენტული აქციები დააანონსა.
„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. შეკრება დაშლა, შეკრება დაშლა... ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - თქვა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება.
„ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! ეს გამარჯვება იქნება! გპირდებით, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები, ან არ ვიქნებით სახლში შესულები! რამდენი ვართ, რამდენ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა, გომელაურმა ორშაბათს, 20:00 საათზე დაითვალოს, თუ მანამდე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში“, - აღნიშნავს მელია.
ნიკოლოზ მეტრეველი აქციაზე მცირე პროვოკაციებს მოელის, რაც რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდება.
„მკაფიო იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ვინც კანონს დაარღვევს, მიუჯდება გვერდით სააკაშვილს. გულწრფელად არ ვურჩევდი ამ ადამიანებს არეულობაზე წავიდნენ, რადგან კიდევ ჩემი და სხვა ადამიანების დასაცავები გახდებიან, - ასობით ათასი ადამიანია, ვინც წინ აღუდგება მათ ნებისმიერ მტრულ მოქმედებას. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, სანამ რამეს გააკეთებს, ათასჯერ დაფიქრდეს.
განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, ნანახია ეს კინო და ეს სცენარი გავლილია უკვე. სამართალდამცავებს შესაძლოა დასჭირდეთ რამდენიმე ათეული ადამიანის განეიტრალება. საუბარი სამოქალაქო დაპირისპირებაზე სრული აბსურდია. იქ არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც არეულობის შექმნას ცდილობს და თუ ისინი ამ სცენარზე წავლენ, ისევე მოხდება მათი დაკავება, როგორც რამდენიმე დღის წინ ზუგიდიდში. მაქსიმუმ მოხდეს, როგორც პარლამენტის პიკეტირების დროს, რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავება.
უნიჭო მცდელობაა, არავითარი სერიოზული მუხტი აქ არ არის. ზოგადად, რევოლუციები ასე არ ხდება. მეორე მხარეს არის ბევრად მეტი რაოდენობის ადამიანი. როდესაც რევოლუცია ხდება, ძალთა ბალანსი უნდა იყოს დაახლოებით 4/1-ზე. მარტივი ფორმულაა, არავითარი არეულობა ამ ქვეყანაში არ მოხდება“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინულ მხარეს გადაეცეს, მსგავსი სცენარით, მეტრეველის შესაფებით, მოვლენები არ განვითარდება:
„ნაკლებად სავარაუდო მგონია მსგავსი სცენარი, ან რატომ უნდა გადაეცეს?! ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს უკრაინელ მეგობრებთან, არავის სააკაშვილი არ სჭირდება, მის სახელს იქ პრაქტიკულად არავინ ახსენებს. უკრაინის ხელისუფლების დღის წესრიგში საერთოდ არ დგას სააკაშვილი. უკრაინაში უამრავი სხვა პრობლემაა და სააკაშვილის საკითხი არის მეათასე ხარისხის. არავითარი საფუძველი მათ მოწოდებებს არ აქვს, ადამიანი არის სერიოზული დამნაშავე და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
ანუ, "ქართველნო ხელი ხმალს იკარ", მხარში ამომიდექით ნაცბოზბანდის მამა მარჩენალი მიხო საპატიმროშია, გამოვიტაცოთ, მილიონები მეკარგება, ვუშველოოოთ!