„სააკაშვილს რევანში თუ სურს, ამას მარტივად გავიგებთ, თუკი ვკითხავთ, ვინ მოკლა რაფალიანცი? იყო თუ არა ციხის კადრები დადგმული?!“

„სააკაშვილს რევანში თუ სურს, ამას მარტივად გავიგებთ, თუკი ვკითხავთ, ვინ მოკლა რაფალიანცი? იყო თუ არა ციხის კადრები დადგმული?!“

„ადამიანი რომ შიმშილობს, ცხადია, ამის გამო ციხიდან არ უშვებენ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა მოშიმშილე პატიმარი წლობით აცოცხლეს ხელოვნური კვებით. ხელისუფლების საქმეა, შექმნას ყოველგვარი პირობა და მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ თავის მოვალეობას ასრულებს პატიმართან მიმართებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

ციხიდან გამოსული სააკაშვილის გულშემატკივრები ირწმუნებიან, თითქოს ექსპრეზიდენტი ეროვნული შერიგების გზაზე დგას. თუკი ეს ასეა და თვითონვე გვთავაზობს თამაშის წესებს, როდის უნდა შევრიგდეთ და როდის უნდა ვებრძოლოთ ერთმანეთს, მაშინ საინტერესოა, რისთვის მოუწოდებს ემიგრანტებს სამშენებლოში ერთი დღით დაბრუნებისკენ და რატომ ითხოვს „ბანდიტური ხელისუფლების“ სახლში გაშვებას?

- თუკი სააკაშვილი რევანშზეა ორიენტირებული, ეს ძალიან მარტივი დასადგენია. მართალია, მან ემიგრანტებს ერთი დღით სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა, მაგრამ რა უნდა გააკეთონ ამ ემიგრანტებმა? კარგი ცხოვრებისთვის არ არიან უცხოეთში წასულები. სააკაშვილის რევანშს რაც შეეხება, მას მარტივად უნდა ვკითხოთ, მაგალითად, მოკლა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რაფალიანცი? თუ იტყვის, მოკლაო, ე.ი. რევანშისტია. ასევე, შეგვიძლია ვკითხოთ, იყო თუ არა ციხის კადრები დადგმული? თუ იტყვის, დადგმული იყოო, ეს ნიშნავს, რომ რევანშზე ფიქრობს. ადამიანს თუ სჯერა, რომ რაფალიანცის გარდაცვალება „ქართული ოცნების“ გაკეთებული იყო, თუ მოვა ხელისუფლებაში, რევანშზე არ იფიქრებს? რაფალიანცთან დაკავშირებით თავისი ნათქვამი ხომ უნდა გაამართლოს? ასეთი მარტივი შეკითხვებით ნათლად გამოჩნდება სააკაშვილის დამოკიდებულება რევანშისადმი, თორემ ასე ყველა იტყვის, შერიგება მინდაო, აბა, დაგიჭერთო, ვინ იტყვის, თუკი ხელისუფლებაში მოვა? რეალურად, სააკაშვილს უნდა თუ არა შერიგება, ეს ჩანს იმ ფაქტების მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც ძალიან ხშირად გამოითქმის „ქართული ოცნების“ მიმართ მძიმე ბრალდების სახით. ასეთივე კითხვად შეიძლება განვიხილოთ, იყო თუ არა 2012 წლის არჩევნები კრემლის სპეცოპერაცია?! თუ სააკაშვილი იტყვის, რომ კრემლის სპეცოპერაცია იყო, მაშინ ყველა, ვინც 2012 წლის პროცესებში იყო ჩართული, ნებით თუ უნებლიეთ, თურმე მონაწილეობდა კრემლის სპეცოპერაციაში, რომელიც კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.

ნუგზარ წიკლაური და დანარჩენი ნაციონალები უკვე მერამდენედ ავითარებენ „მშვიდობიანი რევოლუციის“ იდეას? ბუნებაში არსებობს „მშვიდობიანი რევოლუციის“ ცნება, თუ სიტყვა „რევოლუცია“ აპრიორი გამორიცხავს მშვიდობიანობას?

- არანაირი რევოლუცია არ მოხდება. აქ ხალხის მზაობა არაფერ შუაშია. ხალხი შეიძლება ძალიანაც მზად იყოს ასეთი პროცესისთვის და ხალხში უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდია, სხვათა შორის, ეს უკმაყოფილება ამ არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა. რას ნიშნავს რევოლუცია? ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქუჩის აქციებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლებას ჩამოართმევს ის ძალა, რომელსაც არ უჭირავს არანაირი თანამდებობა, ანუ ძალაუფლება გადავა რევოლუციონრების ხელში. როგორ უნდა მოხდეს ეს? მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების შიგნით სერიოზული რღვევაა, თუკი ძალოვანი სტრუქტურები აღარ ექვემდებარება ხელისუფლებას, აღარ ექვემდებარება პოლიცია, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გარბის ხალხი, თუ ჩამოიშალა ხელისუფლება… ასეთ შემთხვევაში რევოლუცია ხდება ხოლმე. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც პრაქტიკულად შიგნიდან იყო დანგრეული შევარდნაძის ხელისუფლება. თორემ პარლამენტში რომ შევარდა მიშა და ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა, ამიტომ კი არ მოხდა რევოლუცია! რეალურად, როცა დაიწყო მიტინგი და შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სახელმწიფო სპეცრაზმმა მაშინ თქვა, მიტინგს თუ დაარბევთ, ჩვენ ვიქნებით მომიტინგეთა გვერდითო, ანუ სპეცრაზმმა, რომელსაც უნდა დაერბია ხალხი, უარი თქვა დარბევაზე. მაშინდელი პოლიციის პოზიციაც კარგად გვახსოვს. იგივე იყო მოსკოვის პუტჩის დროს 1991 წელს, მოსკოვშიც შეიყვანეს ტანკები გორბაჩოვის და „პერესტროიკის“ წინააღმდეგ, ჯარის ნაწილები მაშინ განუდგნენ გეკაჩეპე-ს. სადაც ასეთი რამ არ ხდება, სადაც ხელისუფლება ძალოვანებზე კონტროლს ინარჩუნებს, იქ ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. მაგალითად, ბელარუსში არჩევნები სასტიკად გაყალბდა, ისე კი არა, ჩვენთან რომ ხდება ხოლმე გაყალბება, არამედ გაცილებით უარესად, თითქმის ყველა ქარხანა გაფიცული იყო, ბელარუსი ხალხი ყალყზე იდგა, მთელი ერი იყო გამოსული ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მასობრივი პროტესტი იყო, მაგრამ იმიტომ, რომ ძალოვან და სახელისუფლებო სტრუქტურებზე კონტროლი ჰქონდა ლუკაშენკოს, არანაირი რევოლუცია არ მოხდა. ასე რომ, თუ საქართველოშიც ხელისუფლება აკონტროლებს ძალოვან და სახელმწიფო უწყებებს, რევოლუცია ვერ შედგება. 2003 წელს იმიტომ არ იყო ასეთი კონტროლი, რომ მშიერი იყო ხალხი, ხელფასი არ ჰქონდათ და რა ეჭამათ, არ იცოდნენ.

ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში რევოლუციას დასავლური მხარდაჭერაც ასულდგმულებს. გიული ალასანია იძახის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უნდა ჩაერთონ საქართველოსთან მიმართებით და სანქციები დაწესდეს, რადგან ხელისუფლება ბელარუსის გზას ადგასო. თუმცა დასავლეთი მიშას თემას ხალისით არ ეხმიანება.

- ცხადია, მეორე მომენტია დასავლეთის პოზიცია. მე არ ველი, რომ სააკაშვილის შიმშილობის გამო იქნება რაიმე სახის სანქციები, თუ, რასაკვირველია, მართლა არ მოკლავენ ამ კაცს შიმშილით და ყველა პირობას შეუქმნან, რაც მოეთხოვება ცივილიზებულ სახელმწიფოს.

თქვენ ამბობთ, თუ არ მოკლავენო, მაგრამ თვით ნაციონალები აღიარებენ, რომ მიშას ურჩევნია, ციხეში მოკვდეს, ვიდრე ციხეში დარჩეს, ის გრძელვადიანი პატიმრობისთვის მზად არაა.

- ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რასაც ამბობს მისი ოპონენტი, მან უნდა გააკეთოს ის, რაც მოეთხოვება, ოპონენტმა რაც უნდა, ის ილაპარაკოს.

მოშიმშილე ადამიანთან რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- ადამიანი რომ შიმშილობს, ცხადია, ამის გამო ციხიდან არ უშვებენ, მაგრამ იმისათვის, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, ყოფილა შემთხვევა, რომ ინდოეთში ადამიანი, მოშიმშილე პატიმარი, წლობით აცოცხლეს ხელოვნური კვებით. სააკაშვილი იშიმშილებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, ხელისუფლების საქმეა, შექმნას ყოველგვარი პირობა და მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ თავის მოვალეობას ასრულებს, პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

 

quji ამ ადამიანზე გული ცოტა
მომიბრუნდა
3 წლის უკან
Maverick მაგას ვფიქრობდი, მაგრამ გამახსენდა საქორწილო სიმღერის ერთი სტროფი "რომელ პარტისას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა! ანუ პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი?!
3 წლის უკან