საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს შეწყალების აღარანაირი მექანიზმი აღარ დარჩა. ერთადერთი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალება იყო, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა, მეორედ, მკაცრი ტონით განაცხადა: „არა და არასდროს!“.
„მიხეილ სააკაშვილი, არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას! რადგანაც ეს საკითხი კიდევ მუსირებს, უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უცხოეთის მოქალაქეა, არც ამ შემთხვევაში აქვს უპირატესობა შეწყალებასთან დაკავშირებით.
for.ge-მ გაარკვია და მოიძია ინფორმაცია - თუკი, მოქალაქე, რომელიც სასჯელს უცხოეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, მას არ აქვს ამანათების, ახლობლებთან დაკავშირებისა და პაემნების საშუალება და თუ პატიმარს სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს, მაშინ მოხდება მისი საკუთარ ქვეყანაში ექსტადირება. თუმცა, ის პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და სასჯელის მოხდას ადგილზე გააგრძელებს. ვინაიდან და რადგანაც, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ მას საქართველოში არ ეზღუდება ამანთების შეგზავნა, ასევე პაემნებსაც აწარმობს, ამ კუთხით მისი ექსტადირება უკრაინაში და მით უმეტეს შეწყალება არ მოხდება.
„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მათი ბელადის შეწყალებაზე რომ აღარ უნდა იოცნებონ, ამას ადასტურებს For.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა პატიმარი საქართველოს მოქალაქეა თუ არა, მისი შეწყალება პრეზიდენტის გარდა არავის შეუძლია“, - გვითხრა ვახუშტი მენამდემ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხს for.ge-თან, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ასე აფასებს:
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მექანიზმები ასეთია: პრეზიდენტის შეწყალება, რომლის პასუხიც არის, რომ არასდროს შეიწყალებს. მეორე - პარლამენტმა უნდა მოახდინოს ამნისტირება იმ მუხლების, რომელიც სააკაშვილს მისჯილი აქვს. თუმცა, იმ ორი ბრლადების გარდა, მას აქვს წაყენებული ახალი, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაც. პარლამენტმა ყველა მუხლის ამინისტირება რომ მოახდინოს, რომელსაც ექს-პრეზიდენტს სახელმწიფო ედავება, მაშინ ციხის ყველა კარი უნდა გავაღოთ და ყველა პატიმარი უნდა გამოვუშვათ. ამ მექანიზმის ამოქმედებას პარლამენტი არ დაუშვებს.
აქედან გამომდინარე, არ არსებობს მექანიზმი, რომ სააკაშვილმა 6 წლით ადრე დატოვოს საპატიმრო. კიდევ ერთი მექანიზმით ექსტრადირებით მანიპულირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ცდილობენ, რომ მისი ექსტრადირება უკრაინაში მოხდეს. თუმცა, ექს-პრეზიდენტმა ის მძიმე დანაშაულებები საქართველოში ჩაიდინა და ამიტომაც პასუხს საქართველოში აგებს. სააკაშვილს, რომელსაც თავისუფლად გადაადგილება სურს, ამის საშუალება მას 2027 წელს მიეცემა და თუ სურვილი ექნება, უკრაინაშიც დაბრუნდება“, - განუცხადა ლადო ბოჟაძემ for.ge-ს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი ტონის შემდეგ, მიზანში პატრიარქი ამოიღო, თუმცა საპატრიარქოდანაც უარყოფითი პასუხი მიიღეს. პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქს შეწყალების უფლებამოსილება არ გააჩნია.
„მინდა განგიმარტოთ, რომ მის უწმინდესობას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, რომ თვითონ შეიწყალოს. მან უნდა მიმართოს მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეკლესიის შუამდგომლობით ასეთი შემთხვევები ყოფილა, მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შემოტანა შესაბამისი დოკუმენტაციის და განხილვის შემდეგ, ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როდესაც არის საკითხი პატიმარის შეწყალებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ და რას ფიქრობენ ისინი“, - თქვა მამა მიქაელმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი იმ მსჯარდებულების შეწყალების საქმეს არ განიხილავს, რომელსაც:
ა) შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;
ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;
ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
ასევე შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ საქართველო დატოვა. საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ყოფილ პრეზიდენტს ქართული მართლმსაჯულება კიდევ რამდენიმე საქმეს ედავება. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ სცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.