(იბეჭდება შემოკლებით)
ყოველთვის, როცა ლენინის მოედანზე მოვხვდები, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს... მოედანს სუნთქვა უჭირს. რა იწვევს ასეთ შეგრძნებას? აშკარა არაპროპორციულობა მოედანსა და უზარმაზარ მონუმენტს შორის, რომლის არქიტექტურულ გაფორმებას ისედაც მომცრო მოედნის ლამის ნახევარი უჭირავს. არა მგონია, თავის დროზე ეს ადგილი შეერჩიოთ მონუმენტისათვის მის ავტორსა და არქიტექტურულად გამფორმებლებს. ეტყობა, ისინი „ზემოდან დაწოლის“ გამო იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ თავიანთი ნება-სურვილისა და გემოვნების საწინააღმდეგოდ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
რაღა შორს წავიდეთ. მოსკოვის გული - წითელი მოედანი ხომ რამდენჯერმე აღემატება ჩვენს მოედანს, მაგრამ იქ ლენინის მონუმენტის დადგმა არავის მოსვლია აზრად. შესაძლოა, ვინმე შემომედაოს და თქვას - სამაგიეროდ იქ ლენინის მავზოლეუმი დგასო. კი ბატონო, მაგრამ ვთქვათ და არ იდგეს. მაშინ სად, მოედნის რომელ ადგილას შემოგვთავაზებდით მონუმენტის დადგმას? მის შუაგულში, თუ იქ, სადაც ახლა მავზოლეუმი დგას? ან იქნებ მოედნის ერთ ან მეორე თავში? ვერც ერთ შემთხვევაში მონუმენტი ადგილს ვერ იპოვიდა დიდებული მოედნის მკაცრსა და მწყობრ არქიტექტურულ ანსამბლში.
დავუბრუნდეთ ჩვენს მოედანს.
ლენინის 7,5 მეტრის ბრინჯაოს მასიური ფიგურა მაღალ კვარცხლბეკზე დგას და რუსთაველის პროსპექტს გასცქერის. პროსპექტს კი გასცქერის, მაგრამ ზურგშექცევით დგას იმ საკმაოდ ლამაზი შენობისაკენ, რომელშიაც სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოა მოთავსებული. განა იმ ადგილიდან, სადაც ლენინის მონუმენტი დგას, ოდნავ მოშორებით, ცეკას შენობის მიმდებარე მოედანზე, არ დგას ლენინისავე ძეგლი? განა რა დაშავდებოდა იმით, რომ ლენინის მონუმენტისათვის შეგვეცვალა ადგილი? ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი საერთოდ აქვს გამართლება ერთ ქალაქში ლენინის ორი მონუმენტის არსებობას.
ვფიქრობ, არც იმით დაშავდებოდა რამე, თუ ლენინის მოედანს შევუცვლიდით სახელს. მით უფრო, რომ თბილისში ლენინის სახელს ატარებს რაიონიც, ქუჩაც, მოედანიც, ინსტიტუტიც, მეტროს სადგურიც, სტადიონიც. მეტისმეტი ხომ არ არის ერთი ქალაქისათვის. ვფიქრობ, მეტისმეტიც არის და უფრო მეტიც.
...ავადმოსაგონარი 9 აპრილის გამთენიისას სწორედ ლენინის მოედნიდან დაიძრა შავბნელი ძალა, რამაც უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს. მგონია, ყველა ჭეშმარიტი ქართველის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ეს მოედანი 9 აპრილის სახელს უნდა ატარებდეს.
აქვე მინდა დავსძინო შემდეგი: ლენინის მოედნიდან სათავეს იღებს რუსთაველის პროსპექტი. თავდება რუსთაველის პროსპექტი და იწყება ლენინის ქუჩა. ერთგვარი უხერხულობაც არის ამაში და შეუსაბამობაც.
დასასრულ, რაკი ლენინის მოედანზეა საუბარი, მინდა ერთ საკითხსაც შევეხო. ამ მოედანზე, პუშკინის სკვერში, დიდი პოეტის ძეგლსა და შადრევანს შორის დაკრძალულია ლეგენდარულ რევოლუციონერად წოდებული კამო. ვფიქრობ, კამო არ იმსახურებს ისეთ დიდ პატივს, რომ მისი საფლავი იყოს ჩვენი დედაქალაქის პირველ მოედანზე - თბილისის გულში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის რევაზ ჟორდანიას წერილში „ქუჩები ელიან... სახელს“, რომელიც გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნდა 1989 წლის 17 მაისს ვკითხულობთ: „რუსთაველის პროსპექტიდან შესაფერ სასაფლაოზე უნდა გადაასვენონ ფაბრიციუსი, ათარბეგოვი, მოგილევსკი და სხვა. რაღა თქმა უნდა, მთაწმინდის პანთეონიდან სხვაგან უნდა გადაიტანონ ნეშტი იმ პირებისა, რომელთა იქ დასაფლავება ხალხის მიერ დაგმობილია.“
ასევე სხვაგან, შესაფერ სასაფლაოზე უნდა გადაიტანონ კამოს ნეშტიც.