იცის საქართველომ, ვინც დაკარგა...

იცის საქართველომ, ვინც დაკარგა...

ნატავი იმასაო, ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთვნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცო.

70-80-იანი წლების ახალგაზრდობის გონებრივი განვითარების კატალიზატორის ფუნქციის მატარებელი იყო აკაკი ბაქრაძის ლექციები, უნივერსიტეტის დახურულ-გადაჭედილ აუდიტორიაში, რომლებმაც უდიდესი ეროვნული მუხტი მისცეს იმ თაობის ახალგაზრდობას.

მის ლექციებზე მოდიოდნენ ისე, როგორც ავადმყოფი ექიმთან განკურნებისათვის, როგორც მწყურვალი წყაროსთან, რომელიც უანგაროდ გასცემდა გონების მანათობელ აბებს და სულის გამწმენდ უკვდავების წყალს.

იყო დრო, როცა ქართული საზოგადოებრიობა მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლებს ტელეეკრანით, პრესით თუ რადიოთი.

იყო დრო, როცა მისი აზრი გადამწყვეტ როლს თამაშობდა, რადგანაც თითქმის არასდროს ღალატობდა ინტუიცია. სამწუხაროდ იყო იმედგაცრუება, რომელიც ყველა თვითნაბადი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის ხვედრია.

აკაკი ბაქრაძე ჩვენს შორის აღარ არის, მოვინატრებთ მის კრიალოსან აზრებს, მაგრამ ვეღარ გავიგონებთ.

აკაკი ბაქრაძე ოპტიმისტი გახლდათ. მას იმედი არასოდეს დაუკარგავს, მაგრამ სამშობლოზე დარდიც გაიყოლა თან, ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭესთან დაგვტოვა.

21-ე საუკუნეს ზეციურ საქართველოში შეეგებები.

იცის საქართველომ, ვინც დაკარგა...