პოპ-პორტრეტები: მისტიური მამალი როკ-ატომის ენერგიით

პოპ-პორტრეტები: მისტიური მამალი როკ-ატომის ენერგიით

ჩვენი წინამდებარე ნაშრომი, კლავიშებზე შემსრულებელი მუსიკოსის - უინსენტ ქრეინის Crazy World Of Arthur Brown-ის შემდგომ მოღვაწეობას შეეხება, რამეთუ არტურ ბრაუნის დრამერ კარლ პალმერთან ერთად ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, ქრეინმა  Atomic Rooster ჩამოაყალიბა - ჯგუფი, რომელმაც ინგლისური ჰარდ ენდ პროგრესივ ჟანრის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა.

როდესაც ამ კოლექტივის არც მთლად მრავალრიცხოვან დისკოგრაფიას გადავხედავთ, მისი მოყვარულები ყოველთვის პირველ ორ ალბომს გამოვარჩევთ ხოლმე. აი მათი შედარებისას კი ძირითადად თავს ვიკავებთ, რადგან ამის გაკეთებას, მათი მიყოლებით მოსმენა ნამდვილად სჯობს და მოდით ასეც მოვიქცეთ...

პირველი ალბომი, სახელწოდებით Atomic Rooster, 1970 წელსაა ჩაწერილი. ჯგუფი ამ დროს სამი მუსიკოსისგან შედგებოდა. უინსენტ ქრეინის არსენალში იყო ჰამონდი და როიალი, დასარტყმელ ინსტრუმენტებზე კარლ პალმერი უკრავდა, ხოლო მომავალში პრაქტიკულად გაუჩინარებული ნიკ გრემი, მომღერლის ფუნქციას ბას გიტარაზე, იშვიათად სოლო გიტარაზე და ერთ სიმღერაში ფლეიტაზე დაკვრას უთავსებდა.

ალბომის ენერგიული გამხსნელი Friday The 13th ჯგუფის საკონცერტო სავიზიტო ბარათად იქცა. მძლავრი და საკმაოდ ლამაზი ხმის ტემბრის მქონე მომღერალი, აქ წამყვან როლს ასრულებს და ქრეინის შთამბეჭდავ ჰამონდ  სოლომდე, მსმენელზე ძირითად ეფექტს ის ახდენს. And So To Bed ცალ დინამიკში გადავარდნილი მისამღერებით დატვირთული სიმღერაა. უინსენტ ქრეინის მიერ შექმნილ საკმაოდ მძიმე და დროდადრო დეპრესიულ საორღანო ჟღერადობას,  Atomic Rooster-ის სადებიუტო ალბომში, მელოდიზმი და კარლ პალმერის მსუბუქი და ლაღი დაკვრის ხელწერა აკომპენსირებს, რაც ფრიად უცნაურ ანსამბლს ჰქმნის განსაკუთრებით ჯონ მეიალის ბლიუზში Broken Wings. ამ ნაწარმოებს ისიც ამძიმებს, რომ ჯერ კიდევ Crazy World Of Arthur Brown-დან მოყოლებული ქრეინისათვის აგრერიგად მახლობელი ორკესტრული ჩანართი, ბლიუზს ბოლოსკენ სამგლოვიარო  ჟღერადობისაკენ მიაქანებს.

დისკის პირველი გვერდის დამაბოლოვებელ Before Tomorrow -ში ხალისის ნოტები სოლო გიტარის პირველ ბგერებს შემოაქვს. ინსტრუმენტულ კომპოზიციაში გიტარა ბოლომდე ინარჩუნებს დომინანტის როლს, უინსენტ ქრეინი კი დაუღალავ აკომპანირებას ეწევა თავისი მდუღარე ჰამონდით. აქვე უკვე აშკარა ხდება დიდი დრამერის - კარლ პალმერის დაბადება, რადგან Before Tomorrow -ს დაკვრის ხელწერა, სულ მალე Emerson, Lake & Palmer-ის დაუვიწყარ კომპოზიციებში წარმოჩინდება...

მეორე გვერდის გამხსნელი Banstead, ვიწრო გაგებით კვლავ ნიკ გრემის ვოკალისა და ქრეინის „ჰამონდ ვოკალის პაექრობად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ, სინამდვილეში კი  Banstead სწორედ იმ ფსიქიატრიული კლინიკის სახელწოდებაა, რომელშიც ქრეინი და პალმერი  Crazy World Of Arthur Brown-ში მოღვაწეობის შედეგად აღმოჩნდნენ...

უმნიშვნელოვანესია ალბომის დამაბოლოვებელი კომპოზიციები Winter და Decline And Fall. Winter ფლეიტის, ზარებისა და ნელ-ნელა წინ წამოწეული როიალის ჟღერადობის ფონზე, ზამთრის ფერებს დეპრესიულად და უიმედო ფერებში გვიხატავს. უაღრესად ალამაზებს კომპოზიციას კარლ პალმერისა და მის ფონზე უკვე სიცოცხლით აღსავსე ფლეიტის შემოსვლა. მაგრამ ეს დროებითია... ქრეინი სამყაროს პირქუშ ფერებში ხედავდა, რაც საბოლოოდ მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზად იქცა კიდევაც. Winter-ს, Broken Wings-ის მსგავსი „ტრაურის მარში“ აბოლოვებს...

Decline And Fall კი პრაქტიკულად ინსტრუმენტული კომპოზიციაა, რომელმაც სრულად წარმოაჩინა ალბომის ხასიათი. მძლავრი ჰამონდი, კარლ პალმერის ვირტუოზული დრამ სოლო, მელოდიზმი და ნიკ გრემის უკვე დასასრულ შემოჭრილი ვოკალური ჩანართი, საიდანაც გამოიხატება კლასიკურ როკ არანჟირებასთან, არაორდინალური დამოკიდებულება.

საბოლოოდ ალბომი Atomic Rooster საკმაოდ მძიმე მოსასმენია, მაგრამ რატომღაც  ემოციურად უარყოფითი განწყობით არ ტოვებს მსმენელს. შეიძლება ამის მიზეზს ქრეინის უაღრესად სიცოცხლისუნარიანი ხელწერით დაკვრაში ვეძიოთ.

Atomic Rooster-ის მეორე ალბომი Death Walks Behind You, ქრეინთან ერთად ორმა სხვა მუსიკოსმა - დრამერმა პოლ ჰემონდმა და მომღერალმა და გიტარისტმა ჯონ კენმა წარმოადგინა. იგი სადებიუტოსთან შედარებით, პროგრესივ როკ გზიდან ჰარდისკენ უფრო მეტადაა გადახრილი და მეტად გიტარულია.

ჯონ კენმა Atomic Rooster -ში თავის ძველ კოლექტივ Andromeda-დან ორი სიმღერა 7 Streets და Sleeping For Years დანერგა. მისმა უხეშმა ხმის ტემბრმა კი ჯგუფს მეტი სიმძლავრე და უკომპრომისობა შესძინა.

ალბომის შიდა ყდაზე, სამეული სასაფლაოს ფონზეა გამოსახული, ხოლო გახსნითი კომპოზიციის - Death Walks Behind You-ს დატვირთვა, დასაწყისიდანვე მსმენელისათვის სიკვდილის მოახლოების ასოცირებას ემსახურება. სწორედ აქ გამოჩნდა უდიდეს ხელოვანად უინსენტ ქრეინი, როგორც კლასიკურად აღზრდილი დიდი როკ პიანისტი.

70-იანი წლების საწყისის პრაქტიკულად ამომწურავი საუნდის გამომხატველია ინსტრუმენტული Vug, რომელიც ერთგვარი ამოფეთქვაა ჰამონდ სოლოსი თითქოს პროგრესივ გარემოში; მაგრამ აქ უკვე აღარაა პალმერის ლაღი დრამ-ხელწერა, რადგან  პოლ ჰემონდი გაცილებით ჰარდ-როკულად უკრავს. კომპოზიციის ბოლოსკენ კენის ვოკალის მსგავსი გიტარის ისეთივე „გაუთლელი“ შემოჭრა კი თითქმის ვაკხანალიისკენ უბიძგებს თემას, მაგრამ ამ დროს ქრეინი ბრუნდება „დამამშვიდებელი“ საფინალო სოლოთი და საბოლოოდ მსმენელი  Atomic Rooster -ის უმნიშვნელოვანეს ჰიტ, Tomorrow Night-ზე გადაჰყავს.

7 Streets სერიოზულად დამუშავებული კომპოზიციაა, რომლის საკმაოდ ხანგრძლივ ინტროში ქრეინი და კენი წინასწარ გვაწვდიან ვოკალისტის მიერ წარმოჩენილი კომპოზიციის ძირითად მოტივს. შემდეგ კი თემა ვითარდება მათივე ბევრად ხანგრძლივი მოპასუხე სოლოების ფონზე, ვიდრე ვთქვათ ეს ლორდისა და ბლეკმორის შემთხვევაშია Bloodsucker-ში.

Sleeping For Years კიდევ უფრო მეტად გიტარულია. აქ ჯონ კენს ხანგრძლივი სოლოების გარდა, თითქოს Tomorrow Night-ის მსგავსი წამახალისებელი როკ’ნ’როლური განწყობა შემოაქვს. ასეთი სიმღერების მოსმენისას, რა როკ’ნ’როლზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ დეპრესიულობის გაქრობასთან ერთად, Atomic Rooster, მსმენელისათვის მაშინათვე „როკ’ნ’როლური“ ხდება...

აი ალბომის ფინალური ინსტრუმენტული კომპოზიცია კი Gershatzer ემოციური დაკვრის ფეიერვერკია. უინსენტ ქრეინის შემოქმედებითი მწვერვალი თავიდანვე ავითარებს ნაწარმოების ძირითად თემას, შემდეგ ჰამონდიდან როიალზე საოცრად ლამაზად - კლასიკურად გადაერთვება და თანდათანობით ორივე ინსტრუმენტის გაფრენას გვასმენინებს. Gershatzer-ის დასასრულ, პოლ ჰემონდის დრამ სოლო ჟღერს. ქრეინის ჰამონდისა და ქენის ჭიხვინა გიტარის  დამაბოლოვებელი მყისიერი შემოჭრა კი მსმენელს განა Death Walks....-კენ, არამედ სიცოცხლისაკენ  და ამ შესანიშნავი ალბომის კიდევ არაერთგზის მოსმენისაკენ უბიძგებს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში უინსენტ ქრეინის ჯგუფმა კიდევ სამი სტუდიური  ალბომი ჩაწერა, რომელთაგან პირველში Cactus-ის პიტი ფრენჩი, ხოლო მომდევნოებში კი Colosseum-ის ქრის ფარლოუ მღეროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვოკალის თვალსაზრისით Atomic Rooster-მა შესაძლოა წინსვლაც განიცადა, მთლიანობაში ამ ნამუშევრებში ნაკლებად იგრძნობოდა მისტიური მამლის როკ ატომური ენერგია, რითაც ასეთი ძვირფასი იყო უინსენტ ქრეინის რეპერტუარი როკ მსმენელისათვის.