22 წლის წინ ქართველმა ხალხმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოხატა თავისი ურყევი ნება, საკუთარი სამშობლო ეხილა თავისუფალი, რის ძალითაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (1992 წლის ივლისში იგი გაწევრიანდა გაეროში, მანამდე კი, მისი დამოუკიდებლობა აღიარა 28 სახელმწიფომ). ამით, წარმატებით დასრულდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის მრავალწლიანი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ჭეშმარიტად, ეს იყო „ძლევაი საკვირველი“: ქართველმა ხალხმა კონსტიტუციური გზით, უსისხლოდ, დემოკრატიული არჩევნებითა და საყოველთაო რეფერენდუმის ძალით დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან. ამ ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი. სწორედ მისმა სწორმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ (ე.წ. „ბალტიის გზა“) მოუტანა ქართველ ხალხს ესოდენ ნანატრი წარმატება.
დამოუკიდებლობა მართალია უსისხლოდ მოვიპოვეთ, მაგრამ მოპოვებულის შესანარჩუნებლად მრავალი სიძნელეების გადალახვა მოგვიწია, სისხლიც საკმაოდ ვღვარეთ, ეთნიკური კატასტროფა გადავიტანეთ და აგრესიის მსხვერპლიც გავხდით (ოკუპირებულია ტერიტორიის მეხუთედი). საბედნიეროდ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობის აქტი იმდენად უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტი აღმოჩნდა, რომ დღემდე ღირსეულად გვიცავს. მისი წყალობით ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას და de jure ტერიტორიულ მთლიანობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ზვიად გამსახურდიას მიერ ჩადებულ მყარ სამართლებრივ ფუნდამენტზე დგას.
სამწუხაროდ, ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებას წლები დასჭირდა. ადრე ქართულ ელიტას გაგონებაც არ სურდა ზვიად გამსახურდიას რაიმე ღვაწლზე დამოუკიდებლობის მოპოვებაში. დღეს ვითარება შეიცვალა. მისი ლანძღვა აღარ არის პოლიტიკური ქულების მომტანი. როგორც იქნა აღიარეს ზვიად გამსახურდია დამოუკიდებლობის შემოქმედათ. მხოლოდ აქა იქ შეიძლება გაისმას ფრაზები, ისიც ჩურჩულით: „დამოუკიდებელი გავხდით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზვიად გამსახურდია არაფერ შუაშია“, „დამოუკიდებლობას ისედაც მივაღწევდით, უბრძოლველად, შუა აზიის მსგავსად“, „გამსახურდიას გამო დაგვემართა ყველაფერი“ და ა.შ.
ზვიად გამსახურდია არ იყო უცოდველი. საქართველოს პირველ პრეზიდენტს ჰქონდა წარმატებებიც (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება, შეთანხმება ბ.ელცინთან ყაზბეგში 1991 წლის 23 მარტს, რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აქტი, საარჩევნო შეთანხმება აფხაზებთან) და დასანანი შეცდომებიც (შეიარაღებული მილიციის შეყვანა ცხინვალში, ულტრანაციონალისტური რიტორიკა, მანკიერი მართვა-გამგეობა, 1991 წლის შემოდგომის დესტაბილიზაციიდან კონსტიტუციურ გამოსავალზე უარის თქმა, დაბრუნება დასავლეთ საქართველოში 1993 წლის სექტემბერში, როცა წყდებოდა სოხუმის ბედი), მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მან საქართველოს ერთიანობას თავი შესწირა.
1993 წლის ოქტომბერში, როცა აფხაზეთს ტოვებდა ქართული მოსახლეობა და ადმირალი ბალტინის ჯარები ზუგდიდს უახლოვდებოდნენ, კრემლმა შესთავაზა ზვიად გამსახურდიას ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი, ჰპირდებოდა ხელისუფლებაში დაბრუნებას. მოსკოვის გეგმით აფხაზეთის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს შემდგომი დაშლა (ამ გეგმის არსებობას ადასტურებს ე.შევარდნაძე). ამით ადგილობრივ ლიდერთა (ზ.გამსახურდია, ე.შევარდნაძე, ა.აბაშიძე, ვლ.არძინბა) ამბიციებიც დაკმაყოფილდებოდა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირის გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა რუსეთის სასარგებლოდ - მთლიანად გაკონტროლდებოდა კავკასია-შუა აზიის ვეებერთელა რეგიონი.
მოსკოვის გათვლა იმას ემყარებოდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას სხვა გზა არ დარჩენოდა - სიცოცხლის შესანარჩუნებლად უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას. მაგრამ, ყველასათვის გასაოცრად, ზვიად გამსახურდიამ მოსკოვს უარი განუცხადა და საქართველოს დაშლას სიკვდილი არჩია. ამით საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ქვეყანა დაშლა-დაქუცმაცებას. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობას, თორემ ძნელი წარმოსადგენია, შეთავაზებაზე დათანხმებისას რა იხსნიდა საქართველოს დეზინტეგრაციისაგან.
სათქმელი უნდა ითქვას, რა მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი ამჟამინდელი ქართული პოლიტიკური ელიტისათვის:
- დიახ, ზვიად გამსახურდია ზვარაკად შეეწირა საქართველოს ერთიანობას და ამ თავგანწირვით მთლიანად ჩამოირეცხა ყველა შეცდომა თუ შეცოდება, რაც კი რამ ჰქონდა ჩადენილი;
- დიახ, ზვიად გამსახურდიამ მოგვიტანა დამოუკიდებლობა და მანვე გადაგვარჩინა დაშლა-დაქუცმაცებისაგან.
ქვემოთ გთავაზობთ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 25 თებერვლის presa.ge-ში (http://presa.ge/index.php?text=news&i=6450). სამწუხაროდ, გამოიცვალა აღნიშნული საიტის მფლობელი და გაუქმდა მისი არქივი. შესაბამისად აღარ არსებობენ წერილის არც სტამბური და არც ელექტრონული ვერსიები. სწორედ ამიტომ, იძულებული ვართ ხელახლა გამოვაქვეყნოთ.
გურამ სანადირაძე - ხელისუფალთა არჩევანი საქართველოში
ბოლო წელიწადნახევარში ჩვენი ხელისუფლების ავტორიტეტი უაღრესად დაეცა. განსაკუთრებით შეილახა იგი აგვისტოს მოვლენების შემდეგ
მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერები. მათ შორის მრავლადაა პირველი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებიც თვლიან, რომ იგი გამსახურდიას გზის გამგრძელებელია და ერთგულად ემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მათთვის მ. სააკაშვილი არის ზვიადი დღეს.
უმაღლესი ხელისუფალის ქვეყნისადმი ერთგულების შესაფასებლად საკმარისია გავიხსენოთ ექსტრემალურ პირობებში მიღებული გადაწყვეტილებები. თუ რა არჩევანი გააკეთა მან, რას მიანიჭა უპირატესობა, საკუთარ კეთილდღეობას თუ ქვეყნის ინტერესებს. მითუმეტეს, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, სამივე პრეზიდენტი არაერთხელ მდგარა არჩევანის წინაშე: საქართველოს სუვერენიტეტი თუ ხელისუფლების შენარჩუნება. მაშ ასე, გავიხსენოთ.
* * *
1991 წლის 9 დეკემბერს, ბელოვეჟსკაია პუშჩაში, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა (ბალტიის ქვეყნები უკვე დამოუკიდებელნი და აღიარებულნი იყვნენ, საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ იყო აღიარებული), და მის მაგივრად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნა (ე.წ. სნგ), რისი გაფორმებაც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოსათვის. .
საოცარი დამთხვევით, სწორედ დეკემბრის მიწურულს დაიძაბა საქართველოში პოლიტიკური ვითარება. აშკარად დადგა სამხედრო გადატრიალების სუნი. ამბოხებულ გვარდიას პოლიტიკურ მხარდაჭერას პირდებოდა იმდროინდელი ოპოზიცია (რაც შეუსრულა კიდეც გადატრიალების შემდეგ). სწორედ ასეთ დროს, 21 დეკემბერს მიიწვიეს სნგ-ს ორგანიზატორებმა საქართველოს დელეგაცია ალმა-ატაში, სადაც იმართებოდა სნგ-ს დამფუძნებელი შეხვედრა.
რუსეთის გათვლა ძალიან მარტივი იყო - უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული საქართველოს ხელისუფლება ან დათანხმდებოდა სნგ-ში გაწევრიანებას და მოეხსნებოდა შიდა პოლიტიკური პრობლემები, ან დაემხობოდა სამხედრო გადატრიალების შედეგად. ქვეყანა ყველა შემთხვევაში აღმოჩნდებოდა სნგ-ში.
მოსკოვშიც და თბილისშიც ბუნებრივად მიაჩნდათ, რომ გამსახურდია დათანხმდებოდა სნგ-ში შესვლას. სხვა არჩევანი, მათი აზრით, მას არ ჰქონდა. აბა ხელისუფლებას ხომ არ შეელეოდა. ოპოზიცია იმდენად იყო დარწმუნებული ამაში, რომ წინასწარ დაჰყარა ხმები, თითქოს ზ.გამსახურდია დათანხმდა საქართველოს სნგ-ში გაწევრიანებას.
მაგრამ ასე არ მოხდა. ყველასათვის გასაკვირად საქართველოს დელეგაციამ ალმა-ატაში საჯაროდ უარი განაცხადა სნგ-ში შესვლაზე. პასუხად ბ.ელცინმა გააფრთხილა ჩვენები, რომ 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე აძლევდა დროს აზრის შესაცვლელად. რა მოხდა დათქმულ დროს თბილისში ყველას გვახსოვს.
* * *
1991-92 წლების მიჯნაზე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს შეთრევა სნგ-ში. სწორედ ამ დავალებით გამოუშვეს ე.შევარდნაძე თბილისში..
მაგრამ საქართველო უკვე აღარ იყო ის ქვეყანა, სადაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. დამოუკიდებლობის ერთ წელს უკვალოდ არ ჩაევლო. ე.შევარდნაძის გასაოცრად, უზომოდ გაზრდილიყო მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნება („ხალხო, ვეღარ გცნობთ“ - წამოცდა მას ერთხელ). ასეთ პირობებში ედუარდ-გიორგიმ ვერ გაბედა გაემჟღავნებინა თავისი მისია. მეტიც, მან გადაწყვიტა „გადაეგდო“ მოსკოველი პატრონები და დაიწყო დამოუკიდებელი თამაში.
უცხო ძალის მიერ ხელდასხმულ ხელისუფალთა (ე.შევარდნაძე, მ.სააკაშვილი) ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოვალენი არიან პატრონებს ემსახურონ და არა საკუთარ ხალხს. ნებისმიერი სახის „გადაგდება“ სასტიკად ისჯება ხოლმე. დაისაჯა ე.შევარდნაძეც.
მოსკოვმა გამოიყენა შევარდნაძის არცთუ დამაჯერებელი ლეგიტიმურობა და მოუწყო დესტაბილიზაციები. შედეგად, ჯერ ფაქტიურად დაიკარგა ცხინვალის რეგიონი (ტელესტუდიის შტურმით დაშინებული, იოლად დაიყოლიეს დაგომისის ხელშეკრულებაზე), შემდეგ აფხაზეთი (მატარებლების ძარცვით შეიტყუეს კონფლიქტში, დაადებინეს სოჭის ხელშეკრულება და დაათმობინეს აფხაზეთი). და ბოლოს, ზუგდიდში კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებით, უშუალოდ დაემუქრნენ მის ხელისუფლებას.
1993 წლის ოქტომბერში დაჩოქილი ე. შევარდნაძე იგივე არჩევანის წინაშე დადგა, როგორც მისი წინამორბედი: ან საქართველო სნგ-ში ან დამხობა. მან არჩია სნგ-ში შესვლა. ბუნებრივიც არის. აბა ხელისუფლებას ხომ არ შეელეოდა? მით უმეტეს, ტერიტორიების დაკარგვისა და ამდენი მსხვერპლის შემდეგ.
ე. შევარდნაძის შეცდომა ის იყო, რომ პატრიოტობაში ზ.გამსახურდიას გაეჯიბრა, რაც უშანსო სვლა იყო. ქვეყნის გამათავისუფლებელი ეროვნული ლიდერის დამხობის შედეგად მოსული ხელისუფალი ვერასოდეს გახდებოდა უკეთესი პატრიოტი. პირიქით. ვინაიდან ქვეყნის სნგ-ში გაწევრიანება გარდუვალი იყო, უმჯობესი იქნებოდა ეს ნაბიჯი ადრე გადაედგა - საქართველოს გაეროში მიღების შემდეგ - ტერიტორიებს მაინც შევინარჩუნებდით.
* * *
2008 წლის 22 დეკემბერს ე.შევარდნაძემ რია-ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1993 წლის ოქტომბერში ბ.ელცინმა მას შესთავაზა საქართველოს ორად გაყოფა. აღმოსავლეთ ნაწილში პრეზიდენტი იქნებოდა ე.შევარდნაძე, ხოლო დასავლეთში - ზ.გამსახურდია (http://ria.ru/interview/20081222/157843370.html).
სამწუხაროდ, ე.შევარდნაძე არ აზუსტებს, რომ ბ.ელცინმა საქართველოს არ მიათვალა აჭარა, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. ასე, რომ სინამდვილეში ქვეყანა ორად კი არა ხუთად იყოფოდა. ეს არც იყო გასაკვირი. საქართველოს დაშლით კავკასიის შავი ზღვის ნაპირის გაკონტროლების გეგმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო შემუშავებული. იგი დღესაც ელოდება ხორცშესხმას.
შევარდნაძე არც იმას აზუსტებს, თუ რატომ ჩაიშალა საქართველოს დანაწილების იმდროინდელი გეგმა. სნგ-ში გაწევრიანების თანხმობა ამას ნამდვილად არ ეყოფოდა. იგი მალავს იმ ფაქტს, რომ ნებითი თუ უნებლიე სეპარატისტობა არც ერთმა ქართველმა ლიდერმა არ იკისრა. საქართველოს პრეზიდენტობა კი, მაგრამ სეპარატისტობა - არა.
აფხაზეთიდან ქართველების გამოძევების შემდეგ, „ერთგული“ მომხრეების მიერ სამეგრელოში შემოტყუებული ზ.გამსახურდია ფაქტიურად უნებლიე სეპარატისტად იქცა. მოსკოვსაც სწორედ ეს უნდოდა - მთავარი იყო მას ფეხი არ მოეცვალა სამეგრელოდან. მაგრამ ცხენისწყალის გადმოლახვითა და ქუთაისისკენ დაძვრით ზ. გამსახურდიამ მოსკოვს აუჭრა გეგმები. სწორედ ამ მიზეზით დაეხმარა ადმირალი ბალტინი შევარდნაძეს და არა მირთმეული ძღვენის გამო.
ნურც ასლან აბაშიძეს დავუკარგავთ ამაგს. იგი თავკერძა და ოდიოზური ფიგურა გახლდათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სეპარატისტი. არადა, სწორედ აჭარის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა მისგან მოსკოვი. ბოლოს ამიტომაც გასწირა იგი ასე იოლად.
* * *
1993 წლის შემოდგომის მიწურულს აფხაზთა იმდროინდელმა ხელისუფლებამ ზუგდიდში გამომწყვდეული ზ.გამსახურდია მოსალაპარაკებლად ოჩამჩირეში მიიწვია. მოლაპარაკებისას იქ მყოფმა მოსკოვის ემისარმა ზ.გამსახურდიას შესთავაზა პირობა: თუ იგი იცნობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას მას გარანტირებულად დააბრუნებდნენ საქართველოს პრეზიდენტად (ბესარიონ გუგუშვილის ტელეინტერვიუ, მიცემული ტელეკომპანია „იმედი“-სათვის ფინეთიდან 2004 წელს, www.youtube.com/watch?v=cyYzKmciV4U&list=PL73E7200E3597A6D1). შემდგომში კი, საქართველო, აფხაზეთი, აჭარა და, ალბათ „სამხრეთ ოსეთი“, შექმნიდნენ კონფედერაციას.
მოსკოვი დარწმუნებული იყო, რომ თანხმობას მიიღებდა. მაგრამ ზ.გამსახურდიამ მტკიცე უარი განაცხადა. მას შეახსენეს, რომ მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მეტი გონიერება მართებდა. უარის გამეორების შემდეგ მას გაუმხილეს, რომ წინადადების მიღება იყო მისი ცოცხლად დარჩენის ერთადერთი შანსი.
საქართველოს მტრები უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას - ზ.გამსახურდია დააშამათეს და ეხლა მათ თვალწინ დაიწყებოდა საქართველოს დაშლა-დანაწილება. მაგრამ ყველასათვის გასაოცრად, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა თავისი უარი. მას არჩევანი გაცნობიერებული ჰქონდა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას სიკვდილი ერჩია.
აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა საქართველოს ჯერ-ჯერობით ერთადერთი პრეზიდენტი, ვისაც ნება ვერავინ მოახვია თავს, ვერც მოსკოვმა და ვერც ვაშინგტონმა. იგი შეუპოვრად ცდილობდა ვეშაპებს შორის მოქცეული ქვეყანა დამოუკიდებელი გზით ეტარებინა და ამ მიზნის განხორციელებას თავი შესწირა. გასაოცარია პირდაპირ - ასეთ პიროვნებას მავანნი უწოდებდნენ კურდღელს.
* * *
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, რითაც პანდორას ყუთს ახადა თავი. რუსეთი თვითონ არის ეთნოტერიტორიებით დახუნძლული, რომელთაც ერთი სული აქვთ დაუძვრნენ ხელიდან. ასეთ დროს ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება არის საუკეთესო პრეცედენტი მათთვის. ფაქტიურად, აღიარების აქტით რუსეთმა საკუთარ დეზინტეგრაციას ჩაუყარა საფუძველი.
რუსეთის მოაზროვნე საზოგადოება კი მიხვდა, რომ რაღაც დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა ჩათრეული მათი ქვეყანა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ კრემლს წამდაუწუმ უხდება ახსნა-განმარტებების გაცემა იმაზე, თუ რატომ გადადგა ეს საბედისწერო ნაბიჯი. ძირითად არგუმენტად ის მოაქვს, რომ იგი იძულებული იყო ასე ემოქმედა.
ჭეშმარიტ მიზეზებს ასახელებს რუსი პოლიტოლოგი ს. ბელკოვსკი, რომელიც თავის 2008 წლის 1 სექტემბრის წერილში (www.apn.ru/publications/article20650.html) აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისას მოსკოვს დაუყენებია პირობა: სააკაშვილის გადაყენება ან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება. ვინაიდან მ.სააკაშვილი ვერ დაითანხმეს გადადგომაზე, კრემლი იძულებული გამხდარა ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავდა ამ ტერიტორიებზე კონტროლს (როგორც ომის მონაწილე მხარე, მშვიდობისმყოფელის სტატუსს ვეღარ დაიბრუნებდა), და გამოვიდოდა დამარცხებული.
ს. ბელკოვსკის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან იგი ჯერ არავის უარყვია. პირიქით, როდესაც ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია საწადელს და ვერ გადააყენა მ.სააკაშვილი, ამით იგი ადასტურებს ს.ბელკოვსკის ვერსიას. .
ამრიგად, სურათი ნათელია. როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი დადგა არჩევანის წინაშე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ ხელისუფლებაში დარჩენა, უყოყმანოდ არჩია უკანასკნელი. ბუნებრივიცაა, აბა ხელისუფლებას ხომ არ შეელეოდა? ასეთ დროს ქვეყნის ორიოდ კუთხე თუ დაიკარგება, ეს რა მოსატანია.
რა გვეთქმის. აფერუმ შენს მამულიშვილობას, მიხეილ სააკაშვილო.
2009 წლის 25 თებერვალი
P.S. აი ასე... რას იზამ... ზოგი ხელისუფლებით ქვეყნის ტერიტორიას ინარჩუნებს, ზოგი კი, ტერიტორიით - ხელისუფლებას.