იენს სტოლტენბერგი: ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ

იენს სტოლტენბერგი: ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს კვლავ სჭირდება რუსეთთან დიალოგი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ალიანსში თავისი დიპლომატიური მისიის მუშაობა შეაჩერა.

„ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენთვის ეს რეალურად არ არის იმის არგუმენტი, რომ დიალოგის წინააღმდეგ გამოვიდეთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს.

„ნატოს მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად, ჩვენ ელემენტარული დიპლომატიური საქმიანობისთვის საჭირო პირობები არ გვაქვს. ნატოს ქმედებების საპასუხოდ, 1-ლი ნოემბრიდან ნატოს შტაბ-ბინაში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობას ვაჩერებთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიურო ასევე შეაჩერებს მუშაობას.

6 ოქტომბერს, ნატომ ალიანსში რუსეთის მისიის 8 დიპლომატი გააძევა. რუსეთის მავნე საქმიანობის საპასუხოდ, ნატომ გადაწყვეტილება მიიღო ალიანსში რუსეთის მისიის წარმომადგენლობა გაანახევროს. 8 დიპლომატს, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევიან, მისიის დატოვება მოსთხოვეს.