თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 158 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილებს შორის 33 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.
თურქი სამართალდამცველების ოპერაცია ქვეყნის 41 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულია 97 ადამიანი.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით, გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ის ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.