პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი უარს ამბობს ევროკავშირის ცენტრალიზმზე

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი უარს ამბობს ევროკავშირის ცენტრალიზმზე

პოლონეთი უარს ამბობს ევროკავშირის ცენტრალიზმზე, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მოტავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირი თავისი კომპეტენციის გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირის კომპეტენციას მკაფიო საზღვრები აქვს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ეს საზღვრები ირღვევა. ჩვენ ვამბობთ: კი ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ არა ევროპულ ცენტრალიზმს“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

18 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთგული წევრია, თუმცა ძალაუფლების ჭარბ ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგება.

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ბრიტანეთის მაგალითის გამეორებასა და პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას არ აპირებს.

„ვგულისხმობ ევროკავშირის ეტაპობრივ გარდაქმნას ორგანიზაციად, რომელიც აღარ იქნება თავისუფალი, თანასწორი და სუვერენული სახელმწიფოების ალიანსი და ცენტრალურად მართული ორგანიზმი გახდება, რომელიც დემოკრატიულ კონტროლს მოკლებული ინსტიტუტების მიერ იქნება მართული“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.