კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აბსოლუტური კონტროლის დამყარებას ცდილობს

კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აბსოლუტური კონტროლის დამყარებას ცდილობს

[გეგა ბერიძე]
ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამხედრო გადატრიალების საფრთხის წინაშე დგას – ამის შესახებ ცხინვალური მედია წერს. სამხედრო გადატრიალების საფუძველი, შესაძლოა, დე-ფაქტო რესპუბლიკის არმიაში მიმდინარე შემცირება გახდეს. სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელი უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად ცხინვალის რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა დაგეგმა და ყოფილ სამხედროებს ახალი პროფესიების შესწავლას სთავაზობს.

ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იგორ ალბოროვის ინფორმაციით, გეგმა „საკადრო რეზერვი“ ყოფილი ჯარისკაცებისთვის ბუღალტერიის, მშენებელ-ინჟინრის და სხვა პროფესიის სწავლებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ პროფესიების შესწავლაზე ოსი სამხედროები ჯერ მხოლოდ ფიქრობენ. კოკოითის რეჟიმის მაღალჩინოსნები ცდილობენ, სამხედროები დაარწმუნონ, რომ არმიიდან წასვლა და სხვა სფეროში მუშაობა დე-ფაქტო რესპუბლიკის აღმშენებლობისთვის არის საჭირო.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელი შემცირების შესახებ ინფორმაცია მარტში გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემცირდება 2800 ადამიანი და დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს რიგებში მხოლოდ 200 სამხედრო დარჩება. ეს საკითხი ბოლო დროს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითი ამ პროცესების თაობაზე ინფორმირებულია, თუმცა საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

ცხინვალის თავდაცვის სამინისტროს შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ცხინვალურ მედიასთან ღიად ალაპარაკდა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი გენადი კოკოევი. მისი აზრით, „იმ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დღესაც არ არის გაფორმებული შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, თანაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მილიტარისტულ პოლიტიკას, არმიის დაშლა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს“.

კოკოევის თქმით, ამ საფრთხის გასანეიტრალებლად აუცილებელია 2500-2700 სამხედრო მოსამსახურის ყოლა. როგორც ცხინვალელი „დეპუტატი“ აცხადებს, „გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსული მხარე ყოველთვის არ ერეოდა ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში და ამჟამადაც არ არსებობს დახმარების საჭირო დროს სრული გარანტია“.

ექსპერტების შეფასებით, „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს“ სრული გაუქმება ნაკლებსავარაუდოა და იგი სიმბოლურად მაინც დარჩება. მათივე თქმით, რუსეთს როგორც უნდა ისე მოიქცევა – უნდა რეორგანიზაციას მოახდენს, უნდა – მთლიანად დაშლის. მათი ამოცანაც ესა არის – ეს ხალხი მომსახურე პერსონალად აქციოს ან საერთოდ დატოვონ ტერიტორია.

ექსპერტები რუსების მხრიდან არც იმ განწყობას გამორიცხავენ, რომ სამხრეთ ოსეთი არა სახელმწიფო, არამედ რუსეთის ერთ-ერთი პროვინციაა. მათი შეფასებით, იმ პროექტებს, რასაც რუსეთის სამხრეთ ოსეთში ახორციელებს, აფხაზეთში ვერ გაბედავს. იცის, რომ აფხაზი მოსახლეობის მხრიდან ამას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, რასაც სამხრეთ ოსეთში სრულიად გამორიცხავს.

ანალიტიკოსთა თქმით, ცხინვალის „თავდაცვის სამინისტროს“ კონტინგენტის შემცირების საკითხი რაციონალური მოტივებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული – რაში სჭირდება ზედმეტი შეირაღება და გენერალური შტაბი, ზედმეტად აჭამოს და ასვას? თანაც იმ არმიას, რომელიც არც გაწვრთნილი, არც ორგანიზებული და არც ბრძოლისუუნარიანია... მხოლოდ 500-კაციანი „ომონი“ იყო, ბრძოლა რომ შეეძლო.

„თავდაცვის სამინისტროს“ რეოგანიზაციის საკითხი ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში დადგა, როდესაც რუსეთი ვეღარ აკონტროლებდა ოსური არმიის ქმედებებს. მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი მარადიორობას, მკვლელობებს და ათას სისაძაგლეს. ამან კი ძალზედ შეარყია რუსეთის იმიჯი. ასე რომ, დაშლის პროცესი დიდი ხანია დაიწყო, ახლა კი გაფორმების პროცესშია.

ამასთან, მიმომხილველების შეფასებით, რუსეთი აგრძელებს ანექსიის პოლიტიკას და აბსოლუტური კონტროლის დამყარებას ცდილობს. მათი თქმით, რუსეთს სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები და არა შეიარაღებული ადამიანები. მითუმეტეს, რომ სამხედრო ღირებულების თვალსაზრისით ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეირაღებული ძალები არაფერს წარმოადგენენ.

ერთი სიტყვით, რუსეთს ასეთი გასამხედროებული პიროვნებები არაფერში სჭირდება, რომელიც შეიძლება დღეს ერთ პოზიციაზე იყოს, ხვალ კი - მეორეზე. ანალიტიკოსები გარკვეულ სოციალურ უკმაყოფილებას მოელიან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ, დაკარგავს შემოსავლის წყაროს. თუმცა, მათივე თქმით, რუსეთისათვის პრობლემა არ არის ერთი მუჭა ადამიანების მოვლა. თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი რუსეთის პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია დაწყებულია, დღეს კი გადაწყვეტილების სტადიაში შედის.

აქვე უნდა ითქვას, რომ ოსურ სამხედრო-კრიმინალურ დაჯგუფებებს „ღირსეული“ შემცვლელი გამოუჩნდათ რუსული შენაერთების სახით. თუმცა, ეს უკანასკნელები გაცილებით კარგად შეიარაღებულები, თავხედები და სასტიკები არიან. მთვრალი რუსი სამხედროების მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების სტატისტიკასაც ვერ ბედავს „ოსური მილიცია“, აღარაფერს ვამბობთ რეაგირებაზე და პრევენციაზე.

ცალკე განხილვის თემაა „სასაზღვრო სამსახური“, რომელიც გაუგებარია ვისგან იცავს „სამხრეთ ოსეთს“ და რატომაა დაქვემდებარებული პირდაპირ რუსულ სტრუქტურას „დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი“. ამ კითხვებსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს (რაც ასევე თანდათან ნათელი ხდება მოსახლეობისთვის): რუსული ინტერესი რეგიონში სამხედრო ძალის ბაზირებას არ სცდება და უსაფრთხოების ნორმებიც მხოლოდ ამ ბაზების არსებობითაა განპირობებული. ოსებისთვის კი ეს ინდიელთა რეზერვაციის (ინდიელებისთვის ეკონომიკური დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მოქმედებს) მსგავსი წარმონაქმნია, საიდანაც მხოლოდ ერთი გასასვლელია, მართალია კეთილმოწყობილი, მაგრამ მაინც გვირაბი. თუმცა, არც გვირაბის მეორე მხარეა დემოკრატიის და ეკონომიკის ოაზისი.

“რაც შეეხება მომავალს, „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი არ არსებობს. თუ ზუსტად მოგვინდება წარმოდგენა, ეს მომავალი ასჯერ უარესობისკენ დაქანებული აწმყოა. ადრე თუ გვიან რუსეთი დატოვებს კავკასიას (საწყის ეტაპზე სამხრეთს მაინც), რასაც თავისთავად მოყვება „სამხრეთ ოსეთის“ გაქრობა. იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლება ერთგულიც რომ იყოს ნაკისრი ვალდებულებების და სურდეს ადმინისტრაციული ერთეულის შენარჩუნება, დღევანდელობის გათვალისწინებით, საეჭვოა მოიძებნოს ოსური მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც წლობით გაუძლებს სამხედრო-რეზერვაციულ პირობებს და საშოვარის საძებნელად რუსეთში არ გადაიხვეწება.

თუმცა, ჯერ დიდი დროა ლოგიკურ შედეგამდე და ადვილი შესაძლებელია ქართულ მხარეს „ოსეთის“ სტატუსზე მსჯელობა კი არა, უბრალოდ, რეგიონისთვის რუსების მიერ მინიჭებული რაიმე კოდური სახელწოდების (რაც მრავლადაა რუსეთში) გაუქმება მოუწიოს. თუ რამის მიღება (დემოკრატია, აღმშენებლობა, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ინტეგრაცია) სურდა „სამხრეთ ოსურ ისტებლიშმენტს“ საკუთარი ხალხისთვის, ეს ქართულ სახელმწიფოში, ქართულ მხარესთან ურთიერთობით, თუნდაც პოლიტიკური ვაჭრობით შეეძლო. დღეს კი „სამხრეთ ოსეთი“ გაბანკროტებული წარმონაქმნია, რომელიც „უფროსი ძმის“ გავლენით მეორეხარისხოვან სამხედრო ქალაქად უფრო იქცევა, ვიდრე სახელმწიფოდ, – აცხადებს ინტერნეტგამოცემა „კავკასია.გეს“ მიმომხილველი ბათრაზ ხუბულოვი.