საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცე პასუხს გასცემს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სამართლის უზენაესობას ეჭვქვეშ აყენებს.
კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჟოზეფ ბორელმა უპასუხა:
მტკიცე პასუხი იქნება. მკაფიოდ უნდა ვთქვათ: თქვენ ხართ კლუბის წევრი, თქვენ კლუბის წესები უნდა დაიცვათ, ხოლო კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ ევროპული კანონი ეროვნულ კანონზე მაღლა დგას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის კანონის უზენაესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკი ვერ იმუშავებს როგორც კავშირი.
7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.