"დარწმუნებული ვარ, წინასწარი შეთანხმების სცენარში სააკაშვილის ციხეში მოხვედრა, თუნდაც ერთი კვირით, გათვლილი არ იქნებოდა"
"იყო რამდენიმე უცნაური ფაქტი, თუმცა, ძირითადად, ყველაფერი ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო" - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე თვითმართველობის არჩევნების შედეგებს და ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს. უცნაურ ფაქტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მამუკა არეშიძე უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- უცნაური იყო ის, რომ დიდ ქალაქებში "ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა. ასეთი შედეგები განსაკუთრებულად უცნაური და ჩემთვის მოულოდნელი
იყო ბათუმსა და ზუგდიდში, თანაც მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიას არც კი ატარებდა. ალბათ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მმართველმა გუნდმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, მერობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მახინჯი კოჰაბიტაციის ფორმის შედეგია. არ შეიძლებოდა ამდენი "ნაციონალის" პორტირება. სანდო არ არის ადამიანი, რომელიც ხან ერთი ბატონის მსახურია, ხან - მეორის.
- "ოცნების" მერობის კანდიდატებად ყოფილი "ნაციონალების" დაყენებას გულისხმობთ?
- სწორედაც. პორტირებული ადამიანების ნაწილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ორმაგი აგენტებივით არიან. ეს შეუირაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ერთ-ერთმა ასეთმა პორტირებულმა, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა - მზე ხუთ ქალაქში გაბრწყინდაო. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება?!
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ 43%-იანი ბარიერის გადალახვას, ამას ველოდი და ნამდვილად ლოგიკური იყო. მით უფრო - სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი დაპატიმრების ფონზე.
- რჩება შთაბეჭდილება, სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ პოლიციას ჩაბარებოდა. როგორ ახსნით სააკაშვილის ასეთ ქმედებას, რომელმაც საბოლოოდ "ქართული ოცნება" ახეირა?
- "ქართული ოცნებაც" ახეირა და "ნაციონალური მოძრაობაც", სხვა ოპოზიციური პარტიები კი პროცესებიდან, ფაქტობრივად, ჩახსნა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღების ჩანაფიქრიც ასეთი იყო.
- თქვენი ვერსიით, გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის?
- სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა, მარტომ მიიღო. სხვადასხვა ვერსიის განხილვა შეიძლება.
- ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმდნენ.
- საბოლოო ჯამში, სააკაშვილის ციხეში მოხვედრა, მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მაფიქრებინებს, რომ ეს არ იყო მისი და ივანიშვილის შეთანხმება. სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის თავისი ნებით ციხეში არ ჩაჯდებოდა, საქმე რაც უნდა დიდ ფულთან და გარანტიებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ვერაფრით წარმომიდგენია სააკაშვილი ვერც მშიერი და ვერც - საკანში მარტო მყოფი. არა მარტო მისი ფიზიონომიიდან გამომდინარე, არამედ - მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარეც. სხვანაირი ტიპია... მე მგონია, რომ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ქართული მხრიდან ჰქონდა გარანტიები, რომელიც არ შესრულდა. ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ გარანტიების ავტორი, ამის თქმა რთულია. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთიდანაც ყოფილიყო გაცემული გარანტიები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ (მთელ დასავლურ პოლიტელიტას არ ვგულისხმობ), ვიოლა ფონ კრამონი კინაღამ გაგიჟდა, როდესაც გაიგო, რომ, მისი გაფრთხილების მიუხედავად, სააკაშვილი მაინც ჩამოვიდა საქართველოში. ალბათ, გახსოვთ კიევში ევროკავშირის ელჩებთან ცნობილი შეხვედრა. მაშინ სააკაშვილმა კონსოლიდირებული პასუხი მიიღო, რომ საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო. დიდი პოლიტიკა კულუარებში კეთდება და შესაძლებელია, საქმეში ჩაერთნენ ის ძალები, რომლებსაც რეგიონში არეულობა ხელს აძლევთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, წინასწარი შეთანხმების სცენარში სააკაშვილის ციხეში მოხვედრა, თუნდაც ერთი კვირით, გათვლილი არ იქნებოდა.
- ფიქრობთ, რომ სააკაშვილი მოატყუეს?
- მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც პარტიის მოსაგებად ფიგურას სწირავენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ თამაშის დამგეგმავი დასავლეთიდანაა, თუმცა ვერსიას ვუშვებ. უფრო მეტად ვემხრობი ვერსიას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს საქართველოდან მისცეს გარანტია, რომ 1-ელ ოქტომბერს მოხდებოდა დიდი გარღვევა - თუ "ქართული ოცნება" 43%-ან ბარიერს გადალახავდა, დიდ ქალაქებს მაინც წააგებდა და დაიწყებოდა გამოსვლები, დიდი საპროტესტო აქციები. აქ მთავარი გასარკვევი საკითხი არის, თუ ვის აწყობდა სააკაშვილის ჩამოსვლა. სააკაშვილის ჩამოსვლა აწყობს იმას, ვისაც აქ არეულობა სჭირდება. ასეთი ძალები საქართველოშიც არიან და დასავლეთშიც. საბოლოო ჯამში, არეულობა საქართველოში, ანუ ქვეყანაში რომელიც დასავლეთის ერთ-ერთი ბლოკპოსტია, რეგიონული თვალსაზრისით, არის რუსეთის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ ძალები, რომლებიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობენ, როგორც საქართველოში, ისე - ევროპაში. არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც პირად ინტერესს და სააკაშვილის დასჯას უკავშირდება.
- როგორ გგონიათ, დატოვებენ სააკაშვილს ციხეში და, ზოგადად, რა დოზით ჩაერევა ამ საქმეში დასავლეთი და უკრაინა?
- სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო დროს უკრაინელები ცოტა უხეშად, ჩემთვის მიუღებლად იქცევიან - პოროშენკოს მთავრობასაც ვგულისხმობ და ზელენსკისაც. გაუთავებელი საუბარია, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მუდმივად თვალწინ გვიტრიალებენ სააკაშვილის ფიგურას. თუ სააკაშვილის უკრაინელი და დასავლელი მეგობრები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი დამნაშავე არ არის, მათ უნდა მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების დეზავიურება მოხდეს საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით. ამას არავინ აკეთებს, სააკაშვილიც კი არ ჩივის სტრასბურგში, უკანონოდ გამასამართლესო. დღეს ზელენსკის საქციელი არანაირ ფარგლებში არ ჯდება. სხვა, ყველაფერში მართალი რომ იყოს სააკაშვილი, იმაში ხომ მაინც არის დამნაშავე, რომ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადალახა. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის - სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინაში. დარწმუნებული იყავით, პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართება. ხოლო რა იქნება პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი, ძნელი სათქმელია, მე არ ვიცი. დასავლეთისგან კონსოლიდირებულ ზეწოლას არ ველი, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილმა მათი რჩევა - არ ჩამოსულიყო სქართველოში, არ გაითვალისწინა. ამერიკის პოზიციაც, დაახლოებით, იგივეა - მათთვის სააკაშვილი უკვე დისკომფორტია. ღია პოზიცია ასეთია, მაგრამ კულუარებში რა მოხდება, არავინ იცის. უკრაინის პოზიცია ამ საქმეში მეათეხარისხოვნია. ზელენსკის რომ ვუსმენ, მგონია, რომ კოლომოისკი ლაპარაკობს. ფაქტია, რომ ზელენსკი კოლომოისკის გამხმოვანებელია. კოლომოისკის კი ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან - ხან მეგობრული, ხან მტრული... ჩემთვის ამ ორი ადამიანის არაერთი შეხვედრაა ცნობილი, მათ შორის - საქართველოში, პოლიტიკური აქტივობის დაფინანსებაზე. ზელენსკი ამ ოლიგარქის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის მეთაურია და სხვა - არაფერი. თუ აქ ივანიშვილი ოლიგარქია და ცუდია, იქ ოლიგარქი კოლომოისკი კარგი რატომ არის?
- თქვენი ვერსიით, სააკაშვილის ფაქტორი არჩევნებზე რა გავლენას მოახდენს?
- გავლენას აუცილებლად მოახდენს, იმიტომ, რომ სააკაშვილის ფაქტორი 30 ოქტომბრამდე დღის წესრიგიდან არ გამოვა. მისმა ჩამოსვლამ "ნაციონალების" მობილიზება უკვე მოახდინა. ის კი არა, სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც სააკაშვილს დაუჭირეს მხარი. ჩემი ვერსია ასეთია, პრობლემატური იქნება ბათუმი და ზუგდიდი. დანარჩენ ქალაქებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. თბილისის თემა დახურულია, კალაძე უპირობო გამარჯვებულია.