როდესაც ერთი და გივე პოლიტიკოსები მუდმივად აკეთებენ ერთი მიმართულებით განცხადებებს, არის ამაში მიკერძოების ელემენტები - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთი არაობიექტური შეფასებები ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
„სამწუხაროდ მიჩვეული ვართ ერთი და იგივე უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან არაობიექტურ შეფასებებს გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთი არაობიექტური შეფასებები ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია და როდესაც იქიდან მოდის შეფასებები, ეს ზიანს ვერ მიაყენებს ურთიერთობებს, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. ამ შემთხვევაში, როდესაც 2012 წლის არჩევნებს ადარებ 2021 წლის არჩევნებს და 2012 წელი უფრო მოგწონს, აქ ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია. თქვენ კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წელს, რა მასშტაბებს მიაღწია ტერორმა, როგორი იყო ოპოზიციაზე ზეწოლა, ასეულობით და ათასობით ფაქტი იყო. როდესაც ამ ტერორის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ადარებ 2021 წლის არჩევნებს, აქ ყველაფერი ნათელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.