ლევან იოსელიანი: რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, ამას ხედავენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც

ლევან იოსელიანი: რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, ამას ხედავენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა ჯგუფის შეფასება სრულიად მისაღები და გასაგებია.

„ევროპარლამენტარების შეფასება სრულიად მისაღები და გასაგებია. არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, ჩატარების პროცესი ბევრად გამჭვირვალე, ბევრად სჯობს წინა არჩევნებს. წინ გადადგმულია ნაბიჯია, მაგრამ წინასაარჩევნო გარემო იყო მიუღებელი, ხდებოდა დაშინება, მოსყიდვა, იყო არაკონკურენტული და არაჯანსაღი სიტუაცია. ამ ყველაფერს სჭირდება გადახედვა. რას გვეუბნებიან, დასხედით, გადაფურცლეთ ფურცელი და ისაუბრეთ რეფორმებზე. რეფორმები იმას უნდა ეხებოდეს, მომავალი არჩევნები ისე არ ჩატარდეს, როგორც ეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოხსნილია.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი მოხსნილია. ამას ყველა ხედავს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. რიგგარეშე არჩევნებზე აქცენტმა გამოიწვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ყველამ იზარალა და პატარა პარტიების ხმები დიდი მოთამაშეების მხარეს წავიდა“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.