სადამკვირვებლო მისიებმა და ეუთო/ოდირმა აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი. ასეთ გარემოში ჩატარდა როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეფასებები ნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციას გამოეცალა არგუმენტი, 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე ისაუბროს.
„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია საუბრობდა, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ეს შეფასებები ნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ყველა არგუმენტი და საფუძველი გამოეცალა, 2020 წლის არჩევნების რაიმე სახის გაყალბებაზე ისაუბროს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც საუბარია კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შესახებ.
„რაც შეეხება ევროპარლამენტარების შეფასებას არათანაბარ პირობებზე, ბევრი იყო მომხრე „ქართული ოცნების“ და ნაკლები ოპოზიციის, ბუნებრივია, არათანაბარი პირობები იქნებოდა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, 47 პროცენტი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი მოიხსნა. ვინც თვლის, რომ მეორე ტურზე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებზე მათი მოთხოვნა შეიცვალოს, ეს არის ალოგიკური და ხავსს მოჭიდების პოლიტიკა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.