Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰოგენმა აშშ-ის სენატის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ გახადოს Facebook-ი და Instagram-ი უფრო უსაფრთხო, თუმცა ამას არ გააკეთებს, რადგან მათ ასტრონომიული მოგება ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენეს.
Facebook-ის პროდუქტების ყოფილმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ მას მიაჩნია, რომ Facebook-ის პროდუქტი ბავშვებს ზიანს აყენებს, განხეთქილებას იწვევს და ამერიკის დემოკრატიას ასუსტებს.
„Facebook-ის გუნდს შევუერთდი, რადგან ვფიქრობ, რომ Facebook-ს აქვს პოტენციალი ჩვენში საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, თუმცა მე დღეს აქ ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ Facebook-ის პროდუქტი ბავშვებს ზიანს აყენებს, განხეთქილებას იწვევს და ჩვენს დემოკრატიას ასუსტებს. კომპანიის ხელმძღვანელობამ იცის როგორ გახადოს Facebook-ი და Instagram-ი უფრო უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელ ცვლილებებს არ განახორციელებს, რადგან მათ ასტრონომიული მოგება ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენეს", - განაცხადა ფრენსის ჰოგენმა.
მისი თქმით, დოკუმენტები, რომლებიც მან აშშ-ის კონგრესს მიაწოდა, ადასტურებს, რომ Facebook-მა საზოგადოება არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში იმის შესახებ, თუ რას ავლენს კომპანიის კვლევები ბავშვების უსაფრთხოებაზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემების ეფექტურობასა და მის როლზე განხეთქილების გამომწვევი და ექსტრემისტული შეტყობინებების გავრცელებაში.
„კონგრესის მხრიდან მოქმედებაა საჭირო. ისინი ამ კრიზისს თქვენი დახმარების გარეშე არ გადაჭრიან", - განაცხადა Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა.