სულითა და გულით ვიზიარებ ჯონ დო-ს ნიკით მოდისკუსიე ბატონის შენიშვნას წინა წერილთან დაკავშირებით – ნამდვილად ცალ-ცალკე განსახილველია თემები დიდი დარბაზის დაარსების შესახებ და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მოდელის იმ ვარიანტის შესახებ, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი რომანში "ჯვარ-პატიოსანი". ეს, ერთის მხრივ, ნამდვილად ქმნის უხერხულობას, რამეთუ კაცმა არ იცის, რომელ ერთზე გაამახვილოს ყურადღება და საბოლოო ჯამში ორივე თემა დაზარალდა. ეს კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ რამხელა დაფიქრება მართებს ადამიანს, როდესაც ის საზოგადოების წინაშე ბედავს თავისი სათქმელის თქმას.
მეორეს მხრივ, ვისარგებლებ დაშვებული ლაფსუსით და შევეცდები ორივე თემა ერთ კალაპოტში გავაერთიანო – სახელმწიფოებრიობისათვის საფუძვლების ჩაყრის ამ ნაწყვეტში წარმოდგენილი ვარიანტი უშუალოდ დავუკავშირო დარბაზის დაარსების სპეციფიკის განმარტებას, რაც აუცილებელია დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესის დასაწყებად.
მაშ, ასე, ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ჩამოყალიბებული რომანის ამ ნაწყვეტში წარმოდგენილი სცენის დროს.
საკითხი დგას დიდი თურქობით ქართული სახელმწიფოებრიობის შერყეული საფუძვლების გამაგრებისა და მასზე `დიადი საქართველოს~ აღშენების შესახებ, რის გამოც მეფის კარის მიერ ხდება სახელმწიფო რეფორმა - სუსტი მეფე – გიორგი მეორე, მამა დავით აღმაშენებლისა მშვიდობიანი გზით ჩამოცილებულ იქნა ხელისუფლებას და მის მაგივრად რეფორმატორთა დასის მიერ ტახტზე აყვანილ იქნა მისი მემკვიდრე თექვსმეტი წლის დავითი.
რომანში შექმნილი ნახატის მიხედვით, რომელიც ისტორიული ფაქტების არც თუ უსაფუძვლო ანალიზს ეყრდნობა, რეფორმატორთა დასის მეთაურად გვევლინება მეუფე გიორგი ჭყონდიდელი, დედა-ეკლესიის სახე და მისი ნების განმახორციელებელი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აქვს დამუშავებული სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ და რა ეტაპების გავლით უნდა მოხდეს ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესის შემდგომი განვითარება.
არის, ალბათ, უდიდესი სიბრძნე ჩაქსოვილი იმ მოულოდნელობაში, რომლის წინაშეც რეფორმატორთა ჯგუფი აყენებს თანაბრად როგორც მამას – გიორგი მეორეს, ისე უფლისწულ დავითს.
მათი პირობა ასეთია:
"ან გადასცემ შენ, მეფეო, ტახტს შენს მემკვიდრეს, ხოლო შენ, უფლისწულო, მიიღებ მას მამისაგან შენისა მემკვიდრეობით და ერთობლივად შევეცდებით ქართული სახელმწიფოებრიობის ღირსეულ განვითარებას, ან არა და ჩვენ, თქვენი ერთგული დასი, უარს ვამბობთ სამეფო კარზე შემდგომ მსახურებაზე, როგორი სასჯელიც არ უნდა მოგვისაჯოთ თქვენ ამის საპასუხოდ".
ამგვარი პოზიციონირებით ბრძენმა გიორგი ჭყონდიდელმა ორივე – მამაც და შვილიც - ერთ მდგომარეობაში ჩააყენა, გამორიცხა მთელში მხარეების არსებობა და მათ შორის დაპირისპირების სულ მცირე შესაძლებლობაც კი, რითაც ქვეყნისათვის უდიდესი პასუხისმგებლობის ჟამს გზა გაუხსნა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის საერთო ძალისხმევას.
ეს ის პერიოდია, როდესაც დიდი თურქობის საშინელი ძალმომრეობის შედეგად ხალხი დაქსაქსულია, სამეფო კარი – დეზორიენტირებული და საშველი არსაიდან არ ჩანს. (სწორედ ამ გზის გასაყარზე დაკარგეს სომხებმა სახელმწიფოებრიობა, რისი რეალური საფრთხის წინაშეც იდგა ჩვენი ერიც).
რომანის მიხედვით რეფორმატორთა დასი აღწევს მიზანს – უერთგულესი გუნდის გარეშე დარჩენისა და ამის გამო მეფის კარის ფუნქციონირების სრული პარალიზების შიშით გიორგი მეფე თანხმდება რეფორმატორთა დასის მოთხოვნებს და გადასცემს სამეფო გვირგვინსა და კვერთხს თავისი თექვსმეტი წლის მემკვიდრეს.
კი, ბატონო, შედგა ფაქტი – დაბნეული და დეზორიენტირებული გიორგი მეორის ნაცვლად ტახტზე მისთვისაც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მისი ვაჟი – ჯერ კიდევ დაუღვინებელი და გამოუცდელი დავითი.
მერე რა?!
ამიტომაც ეკითხება დაბნეული დავითი, იმ მომენტისათვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩენილი სამეფო ტახტზე:
- ახლა რაღა ვქნა, მეუფეო გიორგი, რომ არა ვარ მზად სახელმწიფოს მართვისათვის?! წამალი ქვეყნისა, დღეს ასრერიგად დავრდომილისა და დაგდებულისა, რომ ხელთ არა მაქვს, ვით ვუმკურნალო?! ქართველ კაცს დაჩლუნგებული ხმლისა პირი როგორ ავულესო და შვილდისა მოლაღებული ლარი როგორ დავუჭიმო?! შეშინებული როგორ განვაგულადო და მხდალსა როგორ ჩავუდგა მკერდში მამაცი გული?!
ამ სიტყვებიდან ჩანს, თუ რამდენად უმწეოა მის მიერ შემდგომში სასახელოდ გავლილი გზის დასაწყისში თავად დავითიც და ქართველი ერიც, რაც სათავეშივე ირიბად, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრულობით არის დასურათხატებული.
თუ ყურადღებით გავიხედ-გამოვიხედავთ გარშემო და ჩვენს საკუთარ თავებსაც სარკეში ყურადღებით დავაკვირდებით, ალბათ, უპირობოდ დამეთანხმებით, თუ რამდენად დიდია მსგავსება ჩვენი და დავითის ეპოქების საწყის სულიერ და სოციალურ მდგომარეობათა შორის.
მაგრამ გიორგი ჭყონდიდელის, სახელმწიფოებრივი რეფორმის ინიციატორის უპასუხისმგებლობას არ ექნებოდა საზღვარი, რომ არა ჰქონდეს მას კონკრეტული პასუხი ნებისმიერ კონკრეტულ კითხვაზე.
პასუხად მან მოხუცებულის სიბრძნითა და ვაჟკაცური სიმტკიცით გაუყარა ყმაწვილ უფლისწულს თვალი თვალში და:
- ღირსება მიეც! – სათქმელი ხაზგასმული მნიშვნელოვნებით გამოუკვეთა.
-როგორ? – ეკითხება დავითი.
- დაადგი ერში მცხოვრებ თითოეულ მამაკაცს უხილავი გვირგვინი მეფობისა საქართველოსი, ამეფე და აპატრონე.
დავითი გაოგნებულია ამგვარი დემოკრატიული იდეებით განმსჭვალული თეზის გაგონებით.
- მერე, გვირგვინოსანმა მეფემ რაღა აკეთოს? – ეკითხება სრული გაოცებით.
- მიეცი საქართველოს მოვლა-პატრონობის დიადი მაგალითი და წარუძეხ წინ!
მეტი დემოკრატიულობის წარმოდგენა შეუძლებელია გინდაც მაშინდელი, გინდაც დღევანდელი გაგებით. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ჭყონდიდელი, ანუ მისი სახით, იგივე, დედა-ეკლესია სთავაზობს ხელისუფლებას სახელმწიფო მმართველობაში დანერგოს ის დემოკრატიული პრინციპები, რომელთა მიხედვითაც მაშინ უკვე იმართებოდა სულიერ ძმათა შორის სამონასტრო ცხოვრება.
ჭყონდიდელის მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით, იმისათვის, რათა აშენდეს სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა, საჭიროა ხალხის წიაღიდან შემოქმედებითი ენერგიის გამონთავისუფლება, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვათა მოიმედეობის მონური მდგომარეობიდან მისი გამოყვანით.
– მონური სულია სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი, შვილო დავით, და ორგვარი მონა არსებობს მონათა სახელმწიფოში ყოველთვის – ერთი დამმონებელი, მეორე დამონებული; იცოდე, არც ერთი არის ღვთისაგან და არც – მეორე, და ორნივე თავისი ხორცის მაამებლობა–გადარჩენის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ხვალინდელი დღე მონისა, მმსახურებლისა ხორცისა თვისისათვის, ლპობა და ხრწნაა თვისსავე ხორცსა შინა, ხოლო სამშობლო... – ჭყონდიდელმა ხელი ზეასწია და ხმაში მოწოდების რიხი მოიცა – ხოლო სამშობლო, შვილო დავით, მარადი ძეგლია თავისუფალი ერის უკვდავი სულისა, აგებული მისთვისვე სიცოცხლითა და სიკვდილით მომსახურე ერთგულ შვილთა მიერ. მხოლოდ შემოქმედება თავისუფალი ხალხისა, განმსჭვალულისა რწმენითა ღვთისა და მსახურებითა თვისისა ერისათვის, არის ულევი ძალა ქვეყანისა. მხოლოდ მას ძალუძს დღეს გაყრა თურქ–სელჯუკთა კიდეთაგან საქართველოისა! მხოლოდ მას ძალუძს მოხდენა სასწაულისა და აღადგენა და გაერთიანება შავ დღეში ჩავარდნილი და დაქუცმაცებული ქვეყნისა! და არა არის რა არსად ძალა მისი დამკავებელი. გინდა აღაშენო დიადი საქართველო? – აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა. აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით. აპატრონე იგი და უპატრონებ შენ; ამეფე იგი და იმეფებ შენ! ჩაუდგი მას სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლხორცეთ სამშობლოსათვის და იქნება საქართველო!
დედა-ეკლესია სახელმწიფოებრივი მმართველობის უმთავრეს გზად სთავაზობს ყმაწვილ დავითს ეროვნული განწმენდის გზას, რომელსაც ძალუძს `ერთსისხლხორცობა საქართველოსთვის, რათა იყოს საქართველო~.
მაგრამ დავითი, მიუხედავად თავისი სიყმაწვილისა, არ არის ასე ადვილად დასარწმუნებელი.
აქ მე მოვიტან ცოტა ვრცელ ფრაგმენტს იმ საზღვარის გასავლებად, რაც შუად უდევს სადღეგრძელოს ფორმით გამოთქმულ კეთილ სურვილსა და კონკრეტულ კანონს შორის, რომელიც გარდა მსოფლმხედველობრივი დატვირთვისა კეთილ იდეას ცხოვრებაში კონკრეტული გატარების მეთოდოლოგიის ფუნქციასაც მიანიჭებდა.
"უფლისწულმა დავითმა, თავისი აღმზრდელის ანთებულებით სათანადოდ აღძრულმა, გამომშრალ ყელში ნერწყვი ძლივთ გადაიდინა. სახედაძაბულს ეტყობოდა ყოველმხრივ ზომავდა ჭყონდიდელის მიერ გამოთქმულ აზრს, – იმის სიტყვებში საყრდენს ეძებდა. ავაზასავით ფრთხილმა და ნახტომის წინ სუნთქვაშეკრულმა, ბოლოს, მიუხედავად უზარმაზარი პატივისცემისა, შუბებივით მიაბჯინა მართალი თვალებიდან გამოვარდნილი წვეტიანი მზერა მოხუცებულს და:
– განა ლამაზი სურვილებისთვის კაცი ვისმეს დაუძრახავს, მეუფეო გიორგი?! – უთხრა ჯიუტად.
იმას საგანის არსში ჩაძიებულობა სჭირდა და თავისი ხასიათის სალტეებით შეკრულს არა და არ ძალუძდა ბოლომდე არა მდგარიყო თავისი ხედვის სადარაჯოზე. – იქნებ სხვათ უკეთესიცა სდომებიათ! – მერე ჯიუტივე მზერით აჰხედა ჭყონდიდელს მოძალებულ ფიქრთაგან მობურვილი თვალებიდან. – მაგრამ მითხარი, რა ბედენაა ლამაზი სურვილ–მიზანი, თუ თან არ ახლავს იმას აღსრულების სწორი წესი და კანონი!"
დავითი პრაქტიკოსია. იგი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის ამოცანის გადაჭრის აუცილებლობის, როგორც ფაქტის წინაშე დგას, და კონკრეტულ გამოსავალს ეძებს, ამიტომ აზრი, რაც უფრო ლამაზად არის გამოთქმული, მით უფრო სახიფათოა მისთვის, რათა იმ ვიწრო, საცალფეხო ბილიკიდან არ გადააცილოს, რომელიც წინ უდევს მას გასავლელად.
ასევითარად ფრთხილი დამოკიდებულება ლამაზად მოწვდილი იდეების მიმართ არც ჩვენ, თანამედროვე ქართველებს გვაწყენდა, რამეთუ საშინლად დიდია დღეს შეცდომის ფასი.
ეს არის მშვენიერი მაგალითი იმის შესახებ, რომ ეკლესიამ იმდენად უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რამდენიც არის საჭირო მის დასარწმუნებლად. ბრმად მიღება ინსტრუქციებისა, რომლებიც არ აღძრავს სულს, არც არის რაიმე შედეგის მომცემი, რისი მოწმეებიც ჩვენ ვართ.
მაგრამ გიორგი ჭყონდიდელიც, როგორც ხელისუფალისა და ერის დამრიგებელი და დამკვალიანებელი, ამ კონკრეტული მეთოგოლოგიითაც შეიარაღებულია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მიუხედავად დავითის ისტორიკოსის მიერ დახასიათებული კრიზისული ვითარებისა, რომელიც ეკლესიაში შეიქმნა (ქვაბად ავაზაკთა ქმნილ იყო, რომელიც შემდგომ რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრების საშუალებით განიწმინდა), დედა-ეკლესია უფლის მადლითა და თავისი საუკეთესო ნაწილის ძალისხმევით ინარჩუნებს თავის Gღვთაებრივ სტატუსს, რომელთან მიმართებაშიც ერი აცნობიერებს თავის თავს.
"- არის ასრეთი წესი და არის ასრეთი კანონი, მოქცეული საღვთო სჯულში, უფლისწულო, - პასუხობს ჭყონდიდელი დავითს - რომელსაც ძალუძს აღძრას და წარმართოს სამოქალაქო ცხოვრება ერისა, მოწოდებული საპატრონებლად თავისი თავისა თავისივე თავის მიერ.~
- რომელ წესსა და რომელ კანონს გულისხმობ, მეუფეო გიორგი?
- დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, უფლისწულო, არა ვისიმე კაცთაგანის, არამედ თავად უფლის მიერ შექმნილს და დადგენილს კაცთა ცხოვრებისათვის.~
ანუ დედა-ეკლესია აძლევს დავით მეფეს ღვთაებრივ გზას და ღვთაებრივ ტექნოლოგიებს, რომელსაც ჭყონდიდელი უწოდებს დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს.
როგორც ვხედავთ, ჭყონდიდელის განცხადებით სწორედ დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონში მდგომარეობს ის კონკრეტული სიბრძნე, რომლის მიხედვითაც ერსა და ხელისუფლებას ეძლევათ კრიზისის დაძლევისა და სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის აღშენების რეალური შესაძლებლობა.
შემდგომ წერილში შევეცდები წარმოგიდგინოთ სამოქალაქო ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ღირებულებათა ის სისტემა, რომელსაც, გიორგი ჭყონდიდელის წარდგინების მიხედვით, გულისხმობს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი.
მანამდე კი შემოგთავაზებდით გარკვეულ ანალიზს ჩვენთვის საჭირო დასკვნების ფორმირების მოზნით.
დიდი ტრიადის შესახებ
რა არის რომანის წარმოდგენილი თავისათვის ნიშანდობლივი?
გიორგი ჭყონდიდელი (დედა-ეკლესია) აძლევს დავითს (ხელისუფლებას) ქართველი ერის მიერ თავისი თავის მოვლა-პატრონობის სიბრძნეს, გამომდინარეს საღვთო სჯულიდან, რომელის ასახავს რეალობას, რამეთუ არის შექმნილი არა ადამიანის, არამედ ღმერთის მიერ.
აქ თვალნათლივ ვხედავთ, რომ:
ა. იკვეთება ქართველი ერის საზოგადოებრივი ცხოვრების სამი მონაწილე – სამი ინსტიტუცია – ეკლესია, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, ანუ დიდი ტრიადა - დიდი სამეული, რომლის ერთობლივი მოღვაწეობის ნაყოფადაც მოცემული ფრაგმენტის მიხედვით განიხილება ქართული სახელმწიფოებრიობა.
უნებურად გახსენდება ჩვენი პატრიარქის სიტყვები იმის შესახებ, რომ «უცილებლად, რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფასს საუნჯეს და ამით მომავალში შეაბიჯებს”.
რომანის მიხედვით, დედა-ეკლესია არიგებს ხელისუფლებას:
გინდა აღაშენო დიადი საქართველო (სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა)? აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა. აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით. ამეფე და იმეფებ. აპატრონე და უპატრონე. ჩაჰბერე შენ სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლსორცეთ საქართველოსთვის და იქნება საქართველო".
ანუ ჭყონდიდელი იდეად, რომელიც გააერთიანებს ერს, ხელისუფლებას და ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფასს საუნჯეს და მომავალში შეაბიჯებს, მიაჩნია ქართული სახელმწიფოებრიობა.
ამ თვალსაზრისით ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდებულებისა და უნეტარესობის ილია მეორის მიერ 2004 წელს გამოთქმული ჩემს მიერ ასე ხშირად ნახსენები ფრაზა, სულ ცოტა, ორი ფუნდამენტური მნიშვნელობის ქვეტექსტს შეიცავს:
ა. ქართული სახელმწიფოებრიობა წარმოადგენს სრულიად ქართველი ერის შემადგენელი ამ სამი ინსტიტუციური სუბიექტის – ერის, ხელისუფლებისა და დედა-ეკლესიის – ურთიერთშეთანხმებისა და შეთანხმებული ურთიერთქმედების ნაყოფს.
ბ. გამოხატავს პოზიციას, რომელშიც ფორმულიერებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობასთან დაკავშირებით.
აქ მე მინდა ჩამოვაყალიბო თეზა, რომელიც გამომდინარეობს ზემოთ განვითარებული ლოგიკიდან:
ქართული სახელმწიფოებრიობა წარმოადგენს ქართული კულტურის ამ დიდი ტრიადის – ერის, ხელისუფლებისა და დედა-ეკლესიის ჯერ შეთანხმების, ხოლო შემდეგ, შეთანხმებული მოღვაწეობის ნაყოფს, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი ლოგიკიდან - სახელმწიფო არის კანონით, კანონი არის ზნეობით, ზნეობა არის უფლთან მიმართებით, უფალთან მიმართება ხორციელდება ეკლესიით.
ერთმანეთს რომ შევუთანასწოროთ რომანში შექმნილი რეალობა და ჩვენს ირგვლივ არსებული საზოგადოებრივი სინამდვილე,Mშეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა - ქართული სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი აღმშენებლობა, რომელიც იდენტურია ქართველი ერის მიერ გარკვეული წესის მიხედვით თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობისა, პრინციპში, წარმოუდგენელია დედა-ეკლესიის, ერისა და ხელისუფლების მიერ ფუნდამენტურ საკითხებში შეთანხმების გარეშე.
ამიტომ, გამომდინარე თქმულიდან, გთავაზობთ,
ა. ჩვენი საზოგადოების წინაშე დავაყენოთ საკითხი 21-ე საუკუნის დიდი საეკლესიო-საერო კრების ჩატარების შესახებ, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა თანხმობაში მოეყვანა ერის, ხელისუფლებისა და დედა-ეკლესიის შეხედულებებისა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ძირითად ნახატთან დაკავშირებით.
ბ. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ საჯარო მსჯელობის ჩემს მიერ შემოთავაზებული ფორმატი განგვეხილა, როგორც დიდი საეკლესიო-საერო კრების ჩატარებისათვის აუცილებელი წინასწარ მოსამზადებელი ღონისძიებათა რიგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დიდი ტრიადის სამივე წევრი წს – ერი, ხელისუფლება და დედა-ეკლესია.
მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც წარმოადგენს ქართველი ერის მიერ თავისი თავის მოვლა-პატრონობის სრულფასოვან ფორმატს, არანაირად არ იქნება სრულფასოვანი, თუ იგი არ შექმნის აგრეთვე ჩვენი საზოგადოების არაქართველი და არამართლმადიდებელი ნაწილისთვის სულიერ-სოციალური თვითრეალიზების სრულფასოვან პირობებს.
დიაღ, ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს დედა-ეკლესიის გარშემო და მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია უნდა გამოანთავისუფლოს დედა-ეკლესიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ ორიენტირით, რომ არ დაზარალდეს არც ერთი არაქართული და არამართლმადიდებელი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომ სახელმწიფოებრივი შენობის აგების შედეგად ჩვენი საზოგადოების ხსენებული ნაწილი აღმოჩნდეს ისევე სრულფასოვნად ინტეგრირებული მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ჩვენ, მართლმადიდებელი ნაწილი.
ეს ბოლო თეზა იმდენად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალვისათვის, რომ მისი ცხოვრებაში რეალურად გატარებისათვის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის დამამთავრებელი ფაზა, აუცილებელია ჩატარდეს დიდი ზეეროვნული და ზეკონფესიონალური კრება, რომელზედაც ქართველ ერსა და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთშეთანხმების საგანი გახდებოდა ქართველი ერის მიერ დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე ჩამოყალიბებული კონცეპტუალური საფუძვლები ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის შესახებ.
დამეთანხმებით, პატივცემულო საზოგადოებავ, რომ "ახალი სტანდარტის თანამედროვე ქართული ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის" ბოლო სახესთან მიმართებაში საქართველოს საზოგადოებაში მრავალმხრივი ზოგადეროვნული და ზოგადკონფესიონალური შეთანხმების მიღწევა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სინამდვილეში ნორმად დადგენა ნამდვილად გვირგვინს დაადგამდა ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის ოცნებას.
ამდენად, გამოიკვეთა შემდეგი სურათი - ახალი სტანდარტის თანამედროვე ქართული ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის ფორმირების გზა გასავლელია ორ ეტაპად:
1. ქართულ საზოგადოებაში შიდა სტრუქტურული და შიდა ფუნქციონალური დიალოგის დაწყება ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დასრულდეს დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე მიღებული შეთანხმებით.
2. ქართველი ერის მიერ დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე სახელმწიფოებრიობის დადგენილი მოდელის ჩვენი საზოგადოების არაქართველ და არამართლმადიდებელ ნაწილებისათვის შეთავაზება განსახილველად, რომელიც უნდა დასრულდეს მრავალმხრივი ზოგადეროვნული და ზოგადკონფესიონალური შეთანხმების მიღწევით.
ამ ორი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალი სტანდარტის თანამედროვე ქართული ქრისტიანული სახელმწიფო იქნება გამომხატველი ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნო და რელიგიური კუთვნილების ნაწილის ნების გამომხატველიც.
მრავალმხრივი ზეეროვნული და ზეკონფესიონალური შეთანხმების მიღწევა და ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ საკითხის წარმატებით გადაჭრა მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებს ქართველი ერი მის წინაშე მდგარი ამ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ იოლი ამოცანის მოგვარებას.
ამიტომ, თქვენს ყურადღებას გადავიტანდი დიდი საეკლესიო-საერო კრების მომზადებისა და ჩატარების, როგორც მოვლენის ანალიზზე, რათა გარკვეული საწყისი წარმოდგენა შეგვქმნოდა მისი, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოს შესახებ.
დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე მონაწილეთა წარმომადგენლობითობის შესახებ:
იმისათვის, რათა წარმატებით განვვლოთ დიდი საეკლესიო-საერო კრების მოსამზადებელი პერიოდი, ჩვენ კარგად უნდა განვსაზღვროთ, დიდი საეკლესიო-საერო კრების ძირითადი მიზანი, რომელიც მდგომარეობს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემაში - როგორ შეიძლება აღეშენოს ქართული სახელმწიფოებრიობა სრულიად ქართველი ერის სრული ჩართულობის პირობებში?
ამისათვის აუცილებელია ჩამოყალიბდეს ამ დიდი თემის საერთო სახალხო განხილვის ფორმატი, რომელიც სტრუქრუტულად და პროცესუალურად ისე იქნებოდა აგებული, რომ მის ყველა მონაწილეს - ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას - ჰქონოდა შესაძლებლობა განსახილველად გამოეტანა სახელმწიფოებრიობის თავისი ვარიანტი, ხოლო საბოლოო ვარიანტის შესახებ ვერდიქტის გამოტანა მოხდებოდა საჯაროდ და კოლეგიალურად, რათა მაქსიმალურად გამოეხატა ნებისმიერი ქართველის ნება.
წარმომადგენლობითობის შესახებ
იმისათვის, რომ დიდი საეკლესიო-საერო კრება ჩატარდეს, აუცილებელია იგი იყოს წარმომადგენლობითი, მაგრამ აქ ისმება კონკრეტული კითხვა:
დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ეკლესიას, ვინ - ხელისუფლებას, ხოლო ვინ - სამოქალაქო საზოგადოებას.
ეკლესიის წარმომადგენლობის შესახებ
იმდენად, რამდენადაც ჩვენი დედა-ეკლესია მკაცრად იერარქირებული ინსტიტუტია, ბუნებრივია მის ნებას ერისა და ხელისუფლების წინაშე გამოხატავს მისი პირველი პირი - სრულიად ქართველი ერის კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, რომელიც ამ ზნეობრივად დაცემულ დროში ჭეშმარიტად წარმოადგენს ქართველი ერისათვის ზნეობრივ საყრდენს.
როგორია ჩვენი პატრიარქის პოზიცია სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და ხომ არ მოდის რაიმე წინააღმდეგობაში ჩემს მიერ საზოგადოებისათვის შემოთავაზებული პროექტი მის შეხედულებებთან?
პირიქით, ჩვენი პატრიარქის ნებას წარმოადგენს ისეთი იდეა ჰქონდეს ერს, ხელისუფლებას და ეკლესიას, რომელსაც ქართველი ერი ხელში აიტაცებდა და მომავალში შეაბიჯებდა.
ასეთი იდეა კი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა შეიძლება იყოს, რაც გვაძლევს იმისი მტკიცების საშუალებას, რომ ვთქვათ:
ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის ჩვენს მიერ ემოთავაზებული პროექტი თავისი არსით წარმოადგენს ჩვენი პატრიარქის მიერ წამოჭრილი იდეისათვის საყოველთაო მხარდაჭერის გამოხატვას, რაც ერის სულიერი მოღვაწეობისათვის უდიდეს მასტიმულირებელ მოტივაციას წარმოადგენს.
ხელისუფლების წარმომადგენლობითობის შესახებ
ხელისუფლების ნებას გამოხატავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, დღესდღეობით არის ერთადერთი პიროვნება ხელისუფლებაში, რომელშიც მაქსიმალურადაა აკუმულირებული ჩვენი საზოგადოების სამომავლო იმედები და პერსპექტივები.
ეს, ჩემის აზრით, უაღრესად სათუთი თემაა, რომელიც ითხოვს განსაკუთრებულად ფრთხილ დამოკიდებულებას.
რათა არ გადავცდეთ სწორი გზიდან და არ შევუშალოთ ხელი ერში მიმდინარე სასიკეთო და ამასთან მნიშვნელოვან ძვრებს, დავსვამდი ანალოგიურ შეკითხვას:
როგორია ბატონი ივანიშვილის პოზიცია სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და ხომ არ მოდის რაიმე წინააღმდეგობაში ჩვენს მიერ მსჯელობის საგნად ქცეული პროექტი მის შეხედულებებთან?
არამც და არამც, პირიქით, და აი, რატომ.
მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ თეზას, რომელსაც ახლა გავაჟღერებ, ისეთივე ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, როგორიც პატრიარქის პოზიციას გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ როგორც ერთი, ისე მეორე გამოხატავენ დიდი ტრიადის მონაწილე მხარეთა პოზიციას ქართული სახელმწიფოებრიობის წყობასთან მიმართებაში.
მხედველობაში მაქვს ბატონი ივანიშვილის მიერ თავისი ცხოვრების კრედოდ გაცხადებული გადაწყვეტილება გარკვეული დროის შემდეგ დატოვოს ხელისუფლება, გადავიდეს სამოქალაქო სექტორში და მთელი თავისი დარჩენილი აქტიური ცხოვრება, მისი თქმით, დაახლოებით ოცი წელი, მოახმაროს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასის ჩამოყალიბებას, რომელიც აღარასოდეს აღარ მისცემდა ხელისუფლებაში მოსულ ნებისმიერ ძალას დაკავებულიყო საზოგადოებრივი ინტერესების მანიპულირებით თავისი პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
აღაშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოებით მართული სახელმწიფო – აი, ის იდეალი, რომელსაც გვთავაზობს ბატონი ივანიშვილი ჩვენ, ქართველ ერს.
ანუ ჭეშმარიტად დემოკრატიული, შინაგანი ღირსებით აღვსილი სახელმწიფოებრიობის აღშენება წარმოადგენს ხელისუფლებაში მოსულ დღევანდელ ძალას – ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს თეზა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოსტულატური ჭეშმარიტება.
ამიტომ, ჩვენ, ქართველი ერის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტი არა თუ არ მოდის წინააღმდეგობაში ბატონი ივანიშვილის ცხოვრებისეულ კრედოსთან აღაშენოს ღირსეული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შეძლებდა ღირსეულად განეგო თავისი საზოგადოებრივი ცხოვრება, არამედ წარმოადგენს მისი მიზნების განხორციელების თვალსაზრისით სახალხო მხარდაჭერას და გაცილებით წინ წაწევას დამოუკიდებლად მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რამაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უნდა გაახაროს და ხალისით მიღოს ჩვენი, ქართული საზოგადოებისაგან მიღებული წინადადება, დაიწყოს საჯარო მსჯელობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ დიდი ტრიადის წევრებს შორის.
ქართული საზოგადოების წარმომადგენლობითობის შესახებ
თუ დედა-ეკლესიისა და ხელისუფლების შემთხვევაში მათი პოზიციის განსაზღვრება ცალსახად ერთმნიშვნელოვანია მათ ლიდერთა მიერ გაცხადებული პოზიციის გამო, ამ თვალსაზრისით უფრო რთულ მიდგომას საჭიროებს განსაზღვრა იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქონდეს ერს თავისი ერთიანი პოზიცია და როგორ შეიძლება იყოს ის წარმოდგენილი დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე?
შევეცდები წარმოგიდგინოთ ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეროვნული საზოგადოება თავისი თავის შესახებ წარმოდგენას აყალიბებს სასულიერო, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის საშუალებით. რადგანაც სასულიერო ინტელიგენციას მთლიანად მოიცავს დედა ეკლესია, რომელიც ამ შემთხვევაში პოზიციონირებს დიდი ტრიადის ცალკე მონაწილედ, ამიტომ ჩვენ ისღა გვრჩება, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის გამომხატველ საზოგადოებრივ ფენად მოვიაზროთ სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენცია.
სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობრივი აღმშენებლობის ოცდასამწლიან პროცესში ქართულ ეროვნულ ინტელიგენციას არა თუ არ მიუღია მონაწილეობა, არამედ მისი როლი ამ მხრივ საერთოდ იყო იგნორირებული.
როგორც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ისე თავად ეროვნულმა ინტელიგენციამ უნდა შეიგნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტელიგენცია შეიძლება იყოს ახალ ეპოქაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის არქიტექტორიცა და მშენებელიც, რომ მისი უზარმაზარი და შეუცვლელი მისია სწორედ ამაში გამოიხატება.
ჩემს მიერ შემოთავაზებული პროექტი არაფერს არა გულისხმობს სხვას გარდა ერის წიაღიდან შემოქმედებით-ინტელექტუალური პოტენციალის გამონთავისუფლებას ერთადერთი მიზნით - რათა იგი მაქსიმალურად მოხმარდეს ქართველი ერის მიერ თავისი თავის ღირსეული მოვლა-პატრონობის დიდი მისიის აღსრულებას, რომლის განხორციელების ერთადერთ ცივილიზებულ ფორმატსაც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოებრიობა.
ეროვნული ინტელიგენციის ფუნქციას წარმოადგენს ისე ჩამოუყალიბოს და ისე მიაწოდოს ისეთი მსოფლმხედველობრივი სურათი ერს, რომ ამ უკანასკნელს გარემოებიდან გამომდინარე მიეცეს თავისი თავის ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის საშუალება.
ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს საზოგადოებაში საზოგადოებრივი სააზროვნო მექანიზმის შექმნას, რომელიც გაუჩენდა ერს შემოქმედებით-ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზების ასპარეზზს, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, მნიშვნელობა აქვს თავად სახელმწიფოებრივი არსებობის მსოფლმხედველობრივ სურათს - ეროვნული ინტელიგენციის მოღვაწეობის ძირითად ნაყოფს, რომელიც სრულიად აირეკლავდა თავის თავში ქართველი ერის მენტალურ რეალობას და გაუძლიერებდა ერს ნებელობით ვექტორს თავისი მიზნების მიღწევაში.
ჩემი პასუხიც ზემოთ წამოჭრილ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო საზოგადოებას დიდ საეკლესიო-საერო კრებაზე, პასუხი ამგვარი იქნებოდა - ის დასი ეროვნული ინტელიგენციისა, რომელიც შეძლებდა მიეწოდებინა ერისათვის თავისი თავის გამააზრებელი, შესამეცნებელი და განსასაზღვრი მოძღვრება, რომელიც წარმოდგენილი იქნებოდა ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობისა და ფუნქციონირების ფორმატში.
ხოლო თუ ვინ, ამას საერთო სახალხო მსჯელობის დროს დაადგენდა თავად ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება.
დასკვნის მაგიერ
თუ თქვენც გაიზიარებდით ჩემს მოსაზრებას ზემოთ წამოჭრილი საკითხების შესახებ და იგი მიიღებდა საზოგადოებრივ რეზონანსს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ხომ არ გაგვებედა და მიგვემართა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისათვის, აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის თხოვნითა და წინადადებით, განეხილათ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წინადადება ზემოთ ჩამოყალიბებული პროექტის განხორციელების მიზნით.
იმდენად, რამდენადაც ვითარება დიდად საპასუხისმგებლოა და ათასი გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობა შეიძლება წამოიჭრას იმ სავალ გზაზე, რომლის გავლაც გამოხმაურებების მიხედვით საზოგადოებას აუცილებლად მიაჩნია, ამავე დროს რათა თავი დავიზღვიოთ სუფთა ადამიანური გადაცდენებისაგან, მიზანშეწონილად მიმაჩნია მივმართოთ რუის-ურბნისის ეპისკოპოსს მეუფე იობს, როგორც ეროვნული საზოგადოების უდიდესი ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, შეისმინოს ჩვენი თხოვნა და თუ იქნება ამაზე უფლის ნება სულიერი პატრონობა გაგვიწიოს.
P.S. პატივცემულო მკითხველო, ვფიქრობ რომანში "ჯვარ-პატიოსანი" დასმული საკითხების თანამედროვე სამოქალაქო სიბრტყეში ამგვარი პროექცია დადებითად უნდა წაადგეს ჩვენს მიერ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, რაც (ღმერთმა ქნას, არა ვცდებოდე) თქვენთვისაც ინტერესმოკლებული არ იქნებოდა და საერთო მშენებლობაშიც თავის წილ აგურს დადებდა.
გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი, შესასწორებელი შემისწოროთ, მხარდასაჭერს მხარი დაუჭიროთ, ოღონდ კი ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ გარკვეულ კოლეგიალურ შიდა დარბაზისეულ თანხმობას მივაღწიოთ.
შემდგომ წერილში წარმოგიდგენთ ნაწყვეტს რომანიდან, სადაც მეტ-ნაკლები სისრულით არის წარმოდგენილი დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის - ჭყონდიდელის მიერ დავითისათვის მიცემული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის აუცილებელი სიბრძნის არსი.
05.04.13