ირაკლი ღარიბაშვილი: ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ბევრ რამეზე მეტყველებს

ირაკლი ღარიბაშვილი: ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ბევრ რამეზე მეტყველებს

ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო.

„მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, ვფიქრობ, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე მათ წარმოედგინათ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო, მომენტი, როდესაც სააკაშვილი ბინაში მარტო იყო. აქედან გამომდინარე, ის რაც ვთქვით, გავაკეთეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.