„ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მე დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხის, ჩემი კოლეგების მიერ, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია“, - ამბობს „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე განცხადებით, ვერ პოულობს ადამიანს, რომელიც დაენიძლავება სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ცალკე პრობლემაა, რომ შენივე აშენებული ქალაქიდან „ლაივს“ დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. მგონი, ამაზე საფიქრალია. ამაზე პატიოსნად რა ვთქვა? კაცი ამბობს, აქ ვარო, „ლაივებს“ დებს და მე კიდევ ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაზე, რასაც მათი ლიდერი ამბობს“, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.