იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფუმიო კიშიდა იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ფუმიო კიშიდამ იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის გამოსავლენად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა.
შიდაპარტიულ არჩევნებში ფუმიო კიშიდამ 257 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა, ტორო კონომ - 170 ხმა.
3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა შიდაპარტიულ არჩევნებზე პარტიის ლიდერის კანდიდატად არ წარდგება. სუგას ამ გადაწყვეტილებას წინ მისი რეიტინგის რეკორდულად დაცემა უძღოდა. მოსახლეობა პრემიერს, პანდემიის პირობებში, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამო აკრიტიკებდა.