ემზარ გელაშვილს სახეზე არავინ იცნობს

ემზარ გელაშვილს სახეზე არავინ იცნობს

[რუსიკო მუმლაძე]
პარლამენტის ბოლო სხდომა უმრავლესობა-უმცირესობამ საქმეების “გარჩევით” დაასრულა. უმცირესობა თავისი და ამომრჩეევლების უფლებების დაცვას ცდილობდა, უმრავლესობა კი, იმუქრებოდა – ამ გამწვავებებით ვერაფერს მიაღწევთო. შესაბამისად, ლორთქიფანიძისა და ბაღათურიას საპარალამენტო ბრძოლა უმრავლესობის წინააღმდეგ “კრახით” დასრულდა.

სროლებით დაწინაურებულები
პარლამენტში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული ციხეების მონიტორინგის ჯგუფში უმცირესობის წარმომადგენლისთვის მონაწილეობის უფლება მიეცა მმართველ პარტიას. ამ ჯგუფის საქმიანობაში თავად ის მონაწილეობდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ, პირდაპირ სხდომაზე გახდა მისთვის ცნობილი, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა ის მონიტორინგის კომისიიდან “გაუშვა”.

მის ნაცვლად ციხეების მონიტორინგსა და პატიმრების მონახულებას ადგილობრივი არჩევნების წინ სროლებით სახელგანთქმული ქარელის დეპტატი ემზარ გელაშვილი და ახალქალაქის დეპუტატი ჰოვანეს ჰოვანესიანი განახორციელებენ.

გუშინ პრესა.გე ბევრს ეცადა, იქნებ, რომელიმე ჟურნალისტისგან შეეტყო, ესწრებოდა, თუ არა სხდომას ემზარ გელაშვილი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მას სახეზე არავინ სცნობდა. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, იყო თუ არა იგი სხდომათა დარბაზში. მის პოვნაში ვერც დეპუტატი ცაგარეიშვილი დაგვეხმარა, რადგან არც ის იცნობს თავის კოლეგას.

ემზარ გელაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მედიის ფურცლებზე არჩევნების წინ ქარელელ ოპოზიციონერს დაუპირისპირდა და როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ამ დაპირისპირებას სროლებიც მოჰყვა. მაშინ ამ ფაქტზე არც პროკურატურას და არც თავად პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენიათ.

არჩევნებიდან და სროლებიდან ორ თვეში კი, უცებ გელაშვილის ფიგურა გააქტიურდა და პატიმრებთან შეხვედრაც დაევალა. ხელისუფლებაზე უკმაყოფილო პატიმრების ინფორმაციებს რამდენად საჯაროს გახდის გელაშვილი, ეს ადვილი წარმოსადგენია.

“ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის. თუმცა, შეუძლებელია, უემოციოდ დამეტოვებინა ის ფაქტი, რომ კომისია ოპოზიციის გარეშე დარჩა. ვერ დამისახელებთ ისეთ კომისიას, სადაც ოპოზიცია და პოზიცია ერთად არ იყოს. საქმე ჩემში არ არის. მოვითხოვ, მსჯელობის საგანი გახდეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა არსენიშვილი, როცა ამ კომისიიდან უმცირესობის მონაწილება ამოაგდო”, - განაცხადა სხდომაზე ლორთქიფანიძემ.

ამ დროს პარლამენტის ტექ-თანამშრომლები და თავად ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც, უფრო სხდომათა დარბაზის ჭერის ყურებაში იყვნენ გართულები, ვიდრე დეპუტატის მოსმენაში. ზუსტად არ ვიცით, რატომ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე დღის წინ ჭერიდან წვიმის წყალი ჩაუვიდათ დეპუტატებს დარბაზში, შესაძლოა, ამაზე მიდიოდა შიდა “განხილვები”.

ამასობაში, ერთი გამომსვლელის შემდეგ, ლორთქიფანიძის საკითხი უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გაამწვავა და მაჭავარიანმაც ჭერიდან მასზე გადაიტანა ყურადღება.

თარგამაძე: “ახალი დაჭერებით იწყება ყველა საინფორმაციო გამოშვება. სააკაშვილი კრიმინალების მიმართ ტონს ამკაცრებს. ამბობს, ახალ ციხეებს ავაშენებთ და ახალი პატიმრებით გაივსებაო. საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი კითხვა ისაა, რატომ არის საქართველოში 5-ჯერ მეტი პატიმარი, ვიდრე საერთაშორსო ნორმებით არის დაშვებული.

ქალბატონის მინისტრად დანიშვნით, თავიდან იმედი გაჩნდა, მაგრამ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ამ სისტემაზე უფრო შემცირდა. ვიღებთ სურათს, რომ ეს სისტემა უფრო ჩაკეტილი ხდება. მოგიწოდებთ, კომისიიდან უმცირესობის წარმომადგენლის გაშვების საკითხი დავაბრალოთ გაუგებრობას, შეცდომას და ის უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნას კომისიაში”.

მიხეილ მაჭავარიანი: “გზა აირჩიეთ ამის არასწორი. ბატონ გიასთან უნდა გაგემართათ კონსულტაციები. კომისიაში გარკვეული როტაცია უნდა მოხდეს. ერთი და იგივე თვალებით არ უნდა ვუყუროთ ამ პრობლემას. პლენარულ სხდომაზე არ მგონია, ეს საკითხები წყდებოდეს, ბატონი გია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას”.

კარგი იქნება თუ ნაციონალებიც შხედავენ ამ ქვეყანას ოპოზიციის თვალებით. მაჭავარიანი უპასუხოდ არც თარგამაძეს დაუტოვებია და აუხსნა, რომ პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი არ დადგებოდა, წინასწარ ვინმეს მათვის რომ ეთქვა უმცირესობის წარმომადგენლის კომისიიდან გაშვების ამბავი. “აქ ალტერნატიულ თვალზეა საუბარი”, - აუხსნა თარგამაძემ მაჭავარიანს.

საუბარში ეკა ხერხეულიძე ჩაერთო და აღნიშნა, რომ ეს როტაცია მისი თხოვნით მოხდა და უმრავლესობა სრულ ნდობას უცხადებს გელაშვილს.

მაჭავარიანი სპიკერის ადგილიდან თავისას გაიძახოდა, სხდომა არც დაავალებს და ვერც დაავალებს ბატონ გიას რაიმეს გაკეთებას, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს კაცი არსენიშვილია, სამჭკუაშვილი კი არაო. თარგამაძე დარბაზიდან პასუხობდა, კომისია უმცირესობის კონტროლის გარეშე რჩებაო. “პალიკო კანონი გამოიტანეთ”, - გასძახა გაბრაზებულმა მაჭავარიანმა კუბლაშვილს, მაგრამ ამ დროს არსენიშვილმა ითხოვა სიტყვა.

“ეს საკითხი ამ დარბაზში კი არა, მე-6 სართულზე, კომიტეტის ოთახში უნდა წყდებოდეს”, - თქვა სამჭკუაშვილ-არსენიშვილმა და გააგრძელა: “როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ დროს ბატონი დიმიტრი იყო საზღვარგარეთ, მერე მე წავედი საზღვარგარეთ და ვერ შევხვდით ერთმანეთს. ოპოზიცია-პოზიცია არაფერ შუაშია, როცა ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი. ახლა იმ პირებს, ჰოვანესიანს და გელაშვილს რატომ გამოვუცხადოთ უნდობლობა? ლორთქიფანიძეს არავინ ებრძვის, ამჯერად. თუ გინდათ, იყოს ვინმე შეყვანილი უმცირესობიდან, კი ბატონო, რამე შეიძლება, მოხდეს”.

ამ დროს გიორგი ახვლედიანმა ითხოვა სიტყვა და მაჭავარიანი სულ გადაირია: “ხომ გამოვიდა სიტყვით კომიტეტის თავმჯდომარე? ბოლო სადღეგრძელო გინდათ? დედმამიშვილები და…” ახვლედიანმაც დედმამიშვილების სადღეგრძელოში მარტივად ახსნა, რომ თუ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელი არ იქნება, ციხეებიდან ობიექტურ ინფორმაციას ვერავინ გამოიტანს და საზოგადობასაც ვერავინ ჩააყენებს საქმის კურსშიო.

“რატომ წარმოიშვა ამდენი გაუგებრობა? ოპოზიცია მონიტორინგის ბერკეტის გარეშე რატომ უნდა დარჩეს?”, - იკითხა ახვლედიანმა. თუმცა, ამ დროს მაჭავარიანის მოთმინების ფიალა უკვე ავსებული იყო და მიკროფონთანაც მძიმეწონიანი “ნაციონალი” ცისკარიშვილი ემზადებოდა შეტევისთვის. “ბატონი პეტრე გამოვა და დავასრულოთ ამაზე საუბარი”, - თქვა ვიცე-სპიკერმა.

“არ შემიძლია, არ ჩავერთო. ღია კარის მტვრევა არჩიეს ჩვენმა ოპონენტებმა. არავინაა წინააღმდეგი, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტას მაგიდასთან ჯდომა სჭირდება. ოპონენტებს სხვა პოლიტიკური თემები გამოელიათ და თქვეს, მოდი ეს საკითხი გავამწვავოთო. ამ გამწვავებით ვერაფერს მიაღწევთ. დავსხდეთ და ვისაუბროთ” - თქვა უმრავლესობის ლიდერმა ცისკარიშვილმა “ბოლო სიტყვა”, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საქართველოს პარლამენტში და მას აღარავინ შეპასუხებია. დარბაზში მხოლოდ გაბრაზებული მაჭავარიანის ხმა გაისმა: “ანჯაფარიძე, გამოდი, კანონი გამოიტანე”.

ასე გადაწყდა ის ამბავი, რაც ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველის პარლამენტში გამოსვლის დროს მოულოდნელად გაიგო, ანუ ის, კომისიაში მისი კანდიდატურა “მსროლელით” რომ იყო ჩანაცვლებული.

დაუცველები და თავშიჩარტყმულები
უმცირესობა-უმრავლესობის მეორე ფრონტი კი, სწორედ სახალხო დამცველთან დაკავშირებით გაიხსნა. ამჯერად, მთავარი გმირი უმცირესობიდან ბაღათურია იყო, უმრავლესობიდან – დარჩიაშვილი, თემა კი იგივე - უმცირესობა კონტროლის ბერკეტების შენარჩუნებისთვის იბრძოდა, უმრავლესობა საქვეყნოდ ართმევდა მათ ამ შანსს.

დეპუტატი ანჯაფარიძე კანონში იმ ცვლილების წარსადგენად “მიიწვია” მაჭავარიანმა, რომლითაც პარლამენტისთვის სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის რაოდენობა მცირდება. დღევანდლამდე სახალხო დამცველი ვალდებული იყო საკანონმდებლო ორგანოსთვის წელიწადში ორჯერ წარედგინა ანგარიში იმ დარღვევების შესახებ, რაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ხდება.

ანჯაფარიძის ცვლილებებით კი, მმართველმა პარტიამ სოზარ სუბარის შემცვლელ გიორგი ტუღუშს სამუშაო შეუმსუბუქა და ერთ დღეში ცვლილება მიიღო, რითაც ტუღუში პარლამენტის წინაშე წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარსდგება და ერთხელ გააკეთებს მოხსენებას - ვინ ვისი უფლებები დაარღვია.

ამ საკითხს დიდი ხანია აპროტესტებს ჯონდი ბაღათურია. მან ალტერნატიული შეთავაზებაც კი დაუწერა უმრავლესობას, სრულფასოვანი ანგარიში წარმოადგინოს სახალხო დამცველმა წელიწადში ერთხელ, მაგრამ კვარტალში ერთხელ მოვიდეს პარლამენტში და მოგვახსენოს, რა ხდება ადამიანის უფლებების დარღვევების თვალსაზრისითო. ბაღათურიამ “ნაცები” გააფრთხილა სირაქლემას პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ, რადგან დახურულ სივრცეში წნევა მატულობსო.

აი, რას გულისხმობდა დახურულ სივრცეში ბაღათურია: “ბიზნესმენებს სახლ-კარი წაართვეს, ღიად ხდება ჟურნალისტების ცემა-ტყეპა. ამას რეგიონების ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ. უკანონო პატიმრები გვყავს. ვიღაცამ ხომ უნდა ილაპარაკოს ამაზე?

რა გინდათ, სახალხო დამცველი თავისთვის იჯდეს და კრება მხიარული დარჩეს? საზოგადოებრივი აზრი ხომ უნდა შეიქმნას?”.

ბაღათურიას “კორექტულად” გაეპასუხა ვიცე-სპიკერი მაჭავარიანი: “ახლა წყალი დალიე, ალტერნატივა უნდა წარმოადგინო და იგივე უნდა თქვა”. დეპუტატს წყალი არ დაულევია და ალტერნატიული ცვლილება ისე შესთავაზა კოლეგებს უმრავლესობიდან. თანაც დააყოლა, თუ სახალხო დამცველი არ ილაპარაკებს დარღვევებზე, წყალში ჩაგეყრებათ ყველა პოზიტიური ინიციატივაო. მან თავის გამოსვლაში დეპუტატი დარჩიაშვილი ახსენა, ერთად ვმუშაობდით ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხებზეო.

დარჩიაშვილის ხსენებას უმრავლესობის ორ მაგიდასთან მსხდომი დეპუტატების სიცილი მოჰყვა. განსაკუთრებით გულიანად გაეცინა ხათუნა ოჩიაურს, რომელსაც, ეტყობა, ნაკლებად ადარდებს, რას მოახსენებს პარლამენტს სახალხო დამცველი, მით უმეტეს – რამდენჯერ წელიწადში. დარჩიაშვილმაც ხელები გაშალა ადგილზე...

ბაღათურია კი, გულმოდგინედ ცდილობდა, როგორმე “ნაცები” დაერწმუნებინა უფლებადარღვეული ადამიანების უფლებებს თუ არ დავიცავთ, ბრძოლის უნარს კარგავს ასეთი საზოგადოებაო. ისე, ბაღათურიას მართლა ჰგონია, მმართველ ძალას მებრძოლი და რევოლუციონერი საზოგადოება რამეში სჭირდება?

ბაღათურიას დარჩიაშვილი შეეწინააღმდეგა – მე მირჩევნია სახალხო დამცველისგან წელიწადში ერთხელ მოვისმინო დასაბუთებული ანგარიში, რომლის შესრულებასაც დრო სჭირდებაო. “მე მართლაც ვინტერესდებოდი ასეთი საკითხებით. რატომ ხართ წინააღმდეგი ერთხელ იყოს სრულფასოვანი მოხსენება? მერე ისეთ შემთხვევებს არ ექნება ადგილი, წინა სახალხო დამცველის დროს რომ ჰქონდა. როცა საკითხებით ვინტერესდებოდი, ერთი წყაროს და გადაუმოწმებელი ინფორმაციები იყო ხოლმე”, - ბაღათურიას და სუბარს ერთად გადაჰკრა მათრახი დარჩიაშვილმა.

თუმცა, ამჯერად, არც ბაღათურია დარჩა ვალში დარჩიაშვილს: “რა მნიშვნელობა აქვს თქვენს პოლიტიკურ აქტივობას? ერთხელ გამოიყენებთ, თუ 31-ჯერ ამ ტრიბუნას, რა მნიშვნელობა აქვს? სახალხო დამცველის 400-გვერდიანი მოხსენება 2 საათში გავიარეთ. ეს სრულფასოვანი განხილვა იყო? როგორ უნდა გავიაროთ ერთ სხდომაზე ერთი წლის პრობლემები? ვერ ხვდებით, აქტივობას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ხომ მებრძოლი საზოგადოება გვჭირდება და არა – თავშიჩარტყმული?”.

დარჩიაშვილმა ადგილზე გაშალა ხელები. მაჭავარიანმა კი ანჯაფარიძისა და ბაღათურიას ინიციატივებს უყარა კენჭი. “არ მისცეთ ხმა”, - დაიძახა დარბაზში ერთმა “ნაციონალმა”, როცა ბაღათურიას ინიციატივა იდგა კენჭისყრაზე. 106 დეპუტატიდან სახალხო დამცველის კვარტალში ერთხელ პარლამენტში მისვლას მხოლოდ 11-მა დაუჭირა მხარი. საინტერესო ის იყო, რომ დარბაზში 10 ოპოზიციონერი იჯდა, მე-11 მხარდამჭერი, უეჭველი რომელიღაც მოაზროვნე “ნაციონალი” იყო.

სხდომის შემდეგ კი, პრესა.გე-სთან საუბარში ბაღათურიამ გაღიზიანებულმა თქვა: “ესენი ყველაფრის ჩაკეტვისთვის ემზადებიან”. ვინ იცის, შეიძლება ასეცაა, რადგან ასეთი რამ მმართველ ძალას ხშირად ემართება ხოლმე, არჩევნების მოგების შემდეგ.