უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველ თანაშემწეზე, სერგეი შეფირზე თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
„საქმეში გვყავს მოწმეები და უკვე შედგენილია მსროლელის პირობითი პორტრეტი. თავდასხმა პროფესიონალმა განახორციელა და ის მარტო არ ყოფილა. დამნაშავეები სერგეი შეფირს ავტომობილს ჩაუსაფრდნენ და 4 წამის განმავლობაში ავტომობილს 20-მდე ტყვია ესროლეს, რომელთაგან 15 მანქანას, 2 კი მძღოლს მოხვდა. აღარ გვიწევს ვინმესთვის იმის მტკიცება, რომ ეს იყო ინსცენირება. გეგმის მიხედვით, მძღოლის ნეიტრალიზებისა და ავტომობილის გაჩერების შემდეგ ბოროტმოქმედები სერგეი შეფირს დაესხმებოდნენ თავს“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა.
უცნობმა პირებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი კიევის მახლობლად 22 სექტემბერს გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა სერგეი შეფირის მძღოლი, თავად პრეზიდენტის თანაშემწე კი არ დაშავებულა.