ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი, რომელიც ქვეყნის მართვაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები სამხრეთთან, თუ ეს უკანასკნელი „მტრულ პოლიტიკას“ შეწყვეტს, - ამის შესახებ BBC წერს.
„საჭიროა, შეწყდეს არალოგიკური ცრურწმენები, ცუდი ჩვევები და მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს წინაპირობა დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნებოდა პირისპირ დაჯდომა და ომის შეწყვეტილად გამოცხადება“, - აღნიშნა მან.
ამით, კიმ იო ჩჟონი გამოეხმაურა სამხრეთ კორეის ოფიციალურ პოზიციასა და მზადყოფნას კორეის ომის დასრულებულად გამოცხადების შესახებ.
კონფლიქტი, რომელმაც ნახევარკუნძული ორ სახელმწიფოდ გაყო, 1953 წელს დროებითი ზავით დასრულდა, თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა.
სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო. 1953 წლის 27 ივლისს, საზავო ხელშეკრულებით, ორ კორეას შორის საზღვარი დადგინდა.