კატალონიის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ სარდინიაზე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
ევროპარლამენტმა 2021 წლის მარტში კარლეს პუჩდემონს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. კატალონიის ყოფილი ლიდერი რამდენიმე წელია ბელგიაში ცხოვრობს. ესპანეთის ხელისუფლება კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციას ითხოვს.
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა. სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხეს.
2018 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.