კოაბიტაციიდან იმპლიმენტაციამდე

კოაბიტაციიდან იმპლიმენტაციამდე

ვერ წარმოიდგენთ, როგორ შემიყვარდა ეს სიტყვა - კოჰაბიტაცია. სიმართლე გითხრათ, თვითონაც ვერ წარმოვიდგენდი. ხომ არის ხოლმე, რომ ამოიჩემებ რაღაცას, აგეკვიატება და ვეღარ იცილებ - სიტყვას, ფრაზას, მელოდიას. ამ უცხო სიტყვებსაც როგორი მიზიდულობა ჰქონიათ. აი, სულ რამდენიმე სტრიქონი დავწერე და უკვე საბაბს ვეძებ, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო.

საქმე საქმეზე თუ მიდგება, ბოლომდე ვერც გავერკვიე, რას ნიშნავს, როდის უნდა ვთქვა, როდის უნდა დავწერო და, საერთოდ, ღირს თუ არა, მაგრამ რომ ამოიჩემებ და აღარ მოგეშვება, რა უნდა ქნა? რა და - დამშვიდდე, დაწყნარდე და მიყვე დინებას. მოკლედ,  საჭიროა კოჰაბიტაცია.

ა, ბატონო, მაინც წამომცდა...

ეს სიტყვა პირველად ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციაზე გავიგე, "როიტერის" მაკა ანთიძემ ახსენა - კოჰაბიტაციაო, და იქვე "რუსთავი-2"-ის ნათია გოქსაძემაც გაიმეორა, ოღონდ "ჰაე"-ს გარეშე - კოაბიტაცია. გულში გამეცინა. ივანიშვილმა - ჰო, ეგ ახალი სიტყვაა და მეც გამიგიაო. მეგონა ამით დასრულდებოდა, მაგრამ თურმე სად ხარ? თურმე მხოლოდ იწყებოდა და ახლა, მგონი, ვახტანგურად სმასაც კოჰაბიტაციას უწოდებენ. ეს - ახლა, თორემ, სანამ ჯერ კიდევ ახალი იყო და კანტიკუნტად ისმოდა, სანამ თანაცხოვრებასა და თანაარსებობას შორის  ეს უკანასკნელი გაიმარჯვებდა, კარგა ხანს ვიფიქრე და ისე ვიყავი, როგორც პეპი გრძელიწინდა, როდესაც ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძა, გამოიგონა სიტყვა "ფუსუსუნა" და მერე, იმ მშვენიერ დილას მოყოლილი მშვენიერი შუადღე და მშვენიერ საღამო, ანუ მთელი დღე, იმის გარკვევას მოანდომა, თუ რას ნიშნავდა "ფუსუსუნა". წიგნში ისეა, რომ საღამოხანს, დაღლილმა ბავშვებმა ხოჭო ნახეს და ვერაფრით გაარკვიეს, რომელი ჯიშისა იყო - არც მაისის ხოჭოაო, არც ნეხვისა და არც ვერცხლისაო. "უცებ, პეპის სახე გაუბრწყინდა: "მე ვიცი რა ჰქვია. ეს ფუსუსუნაა" - გვიყვება ასტრიდ ლინდგრენი.

პეპი რომ იყოს, იოლად გაგვარკვევდა კოჰაბიტაციის არსში, თუმცა... ქართული პოლიტიკური ელიტის კაი მოზრდილ ნაწილს "პეპი" რომ წაეკითხა და გადაეკითხა, იქნებ არც დამდგარიყო თანაცხოვრებისა და თანაარსებობის პრობლემა. აი, სადამდე მიგვიყვანა მატარებლის ლიანდაგმა! ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

კოჰაბიტაციის ამბავია...

"თანაარსებობამ" გაიმარჯვა, ეტყობა, "თანაცხოვრებაში" სექსიზმის ელემენტი დაინახეს და ისევ "თანაარსებობა" არჩიეს. არადა, ცხოვრება ბევრად საინტერესოა, ვიდრე არსებობა. ცხოვრება არის სიყვარული, შენება, სიკეთე, მეგობრობა, მეზობლობა, თანადგომა, გაგება, კარგი მუსიკა, კარგი წიგნი, კარგი ფეხბურთი, ღვინო, დუდუკი და კიდევ ათასი კარგი სხვა რამ. ცხოვრება არის შრომა და ბრძოლა და რა არის არსებობა? არსებობა არის "შენ შენთვის, მე ჩემთვის", "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი", "აი დარდი, აი ბოღმა" (სად გამახსენდა!) და ა.შ.

ეტყობა, ეს სიტყვა - კოჰაბიტაცია, იმიტომაც განვმარტეთ თანაარსებობად, რომ უკვე ოცი წელია ჩვენს ლამაზ ქვეყანაში ადამიანები ლამაზად ცხოვრებაზე კი ოცნებობენ, მაგრამ არსებობისთვის იბრძვიან.

მაშ, კოჰაბიტაცია, ანუ თანაარსებობა? ანუ, შენ შენთვის და მე ჩემთვის?

ჰო, მაგრამ ეგრე არ გამოდის, პეპლის ეფექტისა არ იყოს - დედამიწის ერთ კუთხეში პეპლის ფრენა დედამიწის მეორე კუთხეში ქარიშხალს წარმოშობს, და რად გვინდა პეპლის ეფექტი, როდესაც ჩვენი ლამაზი, მაგრამ პაწაწინა ქვეყნის ყველა კუთხეში ქარია დათესილი და თუ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ქარიშხალს მოვიმკით.

ჩვენ კი დავარქმევთ, მაგრამ აქ სხვა ამბავია - ყველამ თვითონ უნდა დაირქვას, ოღონდ სხვის მიერ დარქმეული უნდა გაითვალისწინოს. მაშინ უკვე თანაარსებობაც შეიძლება და შემდეგ - თანაცხოვრებაც, და რადგან მე თანაარსებობა არ მომწონს, ვიღაცას კი თანაცხოვრება ეხამუშება, იყოს მავანის ნება - ავწიოთ სასმისი და კოჰაბიტაციის სადღეგრძელო შევსვათ.

კაცი საკუთარი (საკუთარი!!!) მილების ქურდობაზე დაიჭირეს და 2000 ლარი მიატანინეს. კმაყოფილი იყო - იოლად გამოვძვერიო.

წესიერ, პატიოსანი კაცს, მრავალშვილიანი მამას, ეკლესიების მშენებელს, ათლარიანი ჩინური პულტის ქურდობა დააბრალეს. მიატანინეს 2000 ლარი. ბედნიერი იყო - იოლად გამოვძვერიო.

შვიდ და-ძმას შორის უფროსს, 19 წლის სტუდენტს, სასამართლომ - რომ გკლავდნენ, თავი რატომ დაიცავიო და, 8 წელი მიუსაჯეს. 7 წელი იჯდა, ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გაატარა... პირველი ოქტომბრის არჩევნებმა მოუსწრო.

ჩემს გარშემო სხვაც ბევრი მოხდა ასეთი, ყველა ოჯახს შეეხო, ყველა სამეგობროს. ისეთებიც ბევრი მოხდა, ერთის უბედურება ყველას რომ შეეხო და მიზანიც ეს იყო - ყველას უნდა შეხებოდა. ყველას ვერ დაიჭერ, ყველას ვერ მოკლავ, ყველას ყველაფერს ვერ წაართმევ, მაგრამ ყველას შეშინება შეიძლება, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მაგრამ გამონაკლისი ხომ წესს ადასტურებს?

რა უნდა ვუწოდოთ მათ, ვინც ეს წესი წესად დარგო? რაღაცას მოვიფიქრებთ და უკვე მოფიქრებულია კიდეც შინაურულ და ნახევრადშინაურულ საუბრებში, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს.

არის რაღაც, რასაც უნდა კვლევა-ძიება, მოწმეები, ექსპერტიზა და მოწმეები, მაგრამ ისეთებიც გვახსოვს, რომელთა შეფასებაც სულაც არ საჭიროებს ბევრი ლაპარაკს და თითების ანაბეჭდებს, ის რაც ყველას თვალწინ მოხდა. მაგალითები გნებავთ? ინებეთ რამდენიც... რამდენიც არ გვნებავს.

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, მერე სამარცხვინო გადარჩევნები, ისევ არჩევნები, ისევ გადარჩევნები. კურდღელი კაპიტანი

ვეტერანთა აქციის დარბევა. კურდღელი გენერლები.

ოკუპირებულ, გაუბედურებულ ქვეყანაში ჩამოყვანილი ძვირადღირებული კურტიზან-მასაჟისტი. კურდღელი მთავარსარდალი.

ფოტოგრაფების საქმე. თუ ჯაშუშები იყვნენ, რატომ გაათავისუფლეს, თუ არ იყვნენ და, რატომ არ უხდიან ბოდიშს? მათთვის მოხდილი ბოდიში იქნებ ყველასთვის ბოდიშის მოხდად აღქმულიყო კიდეც, მაგრამ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და იმ ერთი, აუტიდან თუ კუთხურიდან ჩაწოდებული სიტყვით გულმოცემულები ბოდიშს არასოდეს მოიხდიან.

ეს ერთი სიტყვა არის „კოჰაბიტაცია“, რომლის მნიშვნელობაც ვიცით, ბოლო-ბოლო არსსაც ჩავწვდებით როგორმე, მაგრამ ცხოვრება სიყვარული, მეგობრობა და თანადგომაა და ყველასთან თანაცხოვრება არ გამოვა, ხოლო თუ არსებობა არის „შენ შენთვის და მე ჩემთვის“, მაშინ მე ჩემთვის, ჩვენ ჩვენთვის, მე თქვენთვის, თქვენ ჩვენთვის, ჩვენ თქვენთვის და ჩვენ ერთმანეთისთვის, ასევე არ გამოვა, სანამ ისინი თავისთვის იქნებიან, ისინი კი ყოველთვის თავისთვის იქნებიან, ოღონდ ყოველთვის სხვის ხარჯზე.

სხვის ხარჯზე ცხოვრება კი, დასჯადია.

რომელი კოჰაბიტაცია?.. იქნებ, არასწორად ვამბობ  და სწორი ფორმა არის „კოაბიტაცია“? ეგრე იყოს. იყოს „კოაბიტაცია“, მაგრამ ის ერთი ხორხისმიერი ბგერაც რომ მენანება? რა გვაქვს ქართველებს დასაკარგი?! ნუ დავკარგავთ და, ჯერჯერობით ასე ვთქვათ: კოაბიტაცია? ჰმ...

სენსიტიური თემაა და კავშირშია იმპლიმენტაციასთან.