სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჩჟე ინი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ფხენიანს, სეულსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი აღდგება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ლიდერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ორ კორეას შორის და შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის სწრაფად განახლების მოწოდებით გამოვდივარ. ვიმედოვნებ, რომ კორეის ნახევარკუნძული დაამტკიცებს დიალოგისა და თანამშრომლობის ძალას მშვიდობის დამყარების საქმეში“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მუნ ჩჟე ინი კვლავ გამოვიდა კორეის ნახევარკუნძულზე ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადების მოწოდებით.
„ომის დასრულების გამოცხადება გადამწყვეტი მომენტი იქნება კორეის ნახევარკუნძულზე შერიგებისა და თანამშრომლობის ახალი წესრიგის შესაქმნელად“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.