გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მხოლოდ დაპირისპირება გვაქვს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონალური ურთიერთობები. აუცილებელია ვაქცინაციის პრობლემების, კლიმატის ცვლილებისა და მრავალი სხვა გლობალური გამოწვევის მოგვარება, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობაში და ძირითადად ზესახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების გარეშე“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, ორი დაპირისპირებული გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია საფრთხეს შეუქმნის და გაჰყოფს მსოფლიოს.
„ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ცივი ომი, რომელიც წარსული ცივი ომისგან განსხვავებული და ალბათ, უფრო საშიში და უფრო ძნელად სამართავი იქნება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.