საფრანგეთის ქალაქ ტულონში მცხოვრები აქტივისტი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადოლფ ჰიტლერის როლში გამოსახა, 10 000 ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
62 წლის მიშელ-ანჟ ფლორი ქვეყნის მეთაურის საჯაროდ შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს, თუმცა აქტივისტი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. მისი ადვოკატის, ბერანჟე ტურნეს განცხადებით, „პრეზიდენტი, რომელიც ასე აქტიურად იცავს გამოხატვის თავისუფლებას, თვლის, რომ ეს თავისუფლება მის პერსონაზე მთავრდება“.
ემანუელ მაკრონმა ფლორის სასამართლოში ივლისის ბოლოს უჩივლა, როდესაც ტულონის ქუჩებში სარეკლამო ბანერზე ის ჰიტლერის როლში გამოსახეს. სარეკლამო ბანერს ერთვის წარწერა - „დანებდი. გაიკეთე აცრა“, რითაც პოსტერის ავტორი კარანტინის გამკაცრებას აპროტესტებდა.