კალიფორნიის შტატში სპეციალური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, შტატის მოქმედმა გუბერნატორმა, „დემოკრატმა“ გევინ ნიუსომმა თანამდებობა შეინარჩუნა.
2020 წლის ზაფხულში „რესპუბლიკელებმა“ კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კენჭისყრის ჩატარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საბოლოოდ, 1.7 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს, რაც საკმარისი იყო სპეციალური არჩევნების ჩასატარებლად.
„რესპუბლიკელები“ გევინ ნიუსომს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური პოლიტიკის გატარებასა და კრიმინალის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ.
სპეციალური არჩევნების ფარგლებში, კალიფორნიის შტატის ამომრჩევლებს ორ კითხვაზე უნდა ეპასუხათ: „გსურთ თუ არა გუბერნატორ ნიუსომის გადაყენება?“ და „თუ გუბერნატორს თანამდებობიდან გადააყენებენ, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ის?“.
წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩევლების 67%-მა უპასუხა, რომ გევინ ნიუსომი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, ხოლო 33 %-მა მის გაწვევას დაუჭირა მხარი.