„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციის თუ მათი გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მსგავსი რამ მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანს შეუძლია და ეს მიზნად, წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას ისახავს.
„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას; თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.