უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
„მე პირდაპირ ვკითხე პრეზიდენტ ბაიდენს ნატოზე, ნატოში უკრაინის გაწევრიანებასა და იმაზე, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. მან მიპასუხა: „ვფიქრობ, თქვენ ნატოში უნდა იყოთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული“. მე მას ვუთხარი: „ბატონო პრეზიდენტო, მართალი ბრძანდებით, თუმცა, თქვენი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა უფრო მოკლე იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1-ელ სექტემბერს, ეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის მიღება ის გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც აშშ იღებს.
1-ელ სექტემბერს თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
„უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ღირებულებები აქვთ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინაშე. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.