იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა

იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთი „თალიბანის“ ხელში ადგილობრივი მთავრობის ჩამოშლის გამო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის ჩამოშლაში დაადანაშაულა.

„ჩვენ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრული მარცხის მოწმენი გავხდით, რამაც შემდეგ „თალიბანთან“ ბრძოლის ყველა ფრონტზე მარცხი გამოიწვია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, რა გავლენა იქონია ქაბულის დაცემაზე აშშ-ისა და ნატოს გასვლამ ავღანეთიდან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში მკვლევარები შეაფასებენ.

„ჩემთვის მთავარი ამოცანა - ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანეთიდან ხალხის გამოყვანაა“, - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. 7 სექტემბერს რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, დროებით მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს. მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახუნდის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, „თალიბანმა“ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად სირაჯუდინ ჰაკანი დანიშნა, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ არის ძებნილი.