ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ბოდიში მოიხადა მისი მთავრობის უეცარი დაცემის გამო, თუმცა უარყო, რომ ქვეყნიდან გაქცევისას მილიონობით დოლარი თან წაიღო.
აშრაფ ღანის თქმით, მან ქვეყანა უსაფრთხოების გუნდის მოთხოვნით დატოვა.
„ქაბულის დატოვება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო იარაღის გაჩუმებისა და ქაბულისა და მისი 6 მილიონი მოქალაქის გადასარჩენად“, - ნათქვამია ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ კორუფცია ის ჭირია, რომელიც ავღანეთს ათწლეულების განმავლობაში ანადგურებს, ხოლო კორუფციასთან ბრძოლა მისი ძალისხმევის ცენტრში იყო.
18 აგვისტოს ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ავღანეთის მოქალაქეებს განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის თავიდან აცილება იყო.
„ქაბულში სისხლისღვრა არ მსურდა, როგორც ეს სირიასა და იემენში მოხდა. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა და ქაბულის დატოვება. ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ და ეს ჩვენს ისტორიაში საშინელი კატასტროფა იქნებოდა. ღირსეული სიკვდილის არ მეშინია და ავღანეთის დამცირება ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ წასვლა მომიწია. ავღანეთიდან გამიყვანეს, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთის განადგურება“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.