მმართველი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს იმის მიუხედავად, თუ ხმების რა რაოდენობას აიღებს მმართველი პარტია 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ასეთი ტიპის განცხადებები „ქართული ოცნების" მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ" ამ დოკუმეტით გათვალისწინებული 43% ვერ გადალახა, ოპოზიცია იძულებული გახდება რაღაცა იმოქმედოს, თუმცა ვერც საპროტესტო გამოსვლებით და ვერც დასავლეთის ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ 1%-ც რომ აიღოს, მაინც არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ „ოცნება" 43%-ს ვერ გადალახავს და ვადამდელს არ ჩანიშნავს, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს, რადგან დღეს საზოგადოებაში ეს განწყობა არაა.
„ქართული ოცნება" რაც მიშელის დოკუმენტიდან გავიდა, აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. გასვლის არგუმენტად გამოიყენეს, რომ „ნაციონალებს" ხელი არ ჰქონდათ დოკუმენტზე მოწერილი. ოპოზიცია კი თვლის, რომ ეს მთლად ასე არაა.
„რეალურადაც ეს მთლად ასე არაა, რადგან „ენმ" ხელს რომ არ აწერდა მათ ეს იცოდნენ და ამის გარდა სხვა პოლიტიკური პარტიები და ჩვენი პარტნიორებია.
„მთავარი ისაა, რომ თუ „ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს, მაშინ ოპოზიცია იძულებული იქნება რაღაც მოიმოქმედოს. ოპოზიციას კი რაც შეიძლება დაანონსებული ჰქონდეს, ესაა საპროტესტო აქციები. მაგრამ დღეს ეს რელევანტური არაა, რადგან მოსახლეობაში პროტესტის განწყობა არაა, სხვა პრობლემები და მოთხოვნები აქვთ.
„შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული მთელი გაზაფხული ოპოზიციის პროტესტი ვიხილეთ, რამაც არანაირი შედეგი არ მოიტანა. ახლაც არ მგონია, რომ რაიმე შედეგს მოიტანს.
„არ ვიცი რა იქნება სექტემბრის ბოლოს, მაგრამ ოპოზიციამ ეს კარტი ახლა არ უნდა აათამაშოს, რადგან დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ქუჩის აგორება მათთვის მომგებიანი სვლა არაა. ბრძოლა უნდა გააგრძელონ, მაგრამ სხვა უფრო მშვიდი მეთოდები უნდა მოისინჯოს, რაღაცნაირად სხვა გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი, მაგრამ ამას ოპოზიციას ვერ ახერხებს.
„თუ ამას სააკაშვილის განცხადებას დავუმატებთ, რომლის შემდეგაც არ გამიკვირდება „ოცნებამ" 43 კი არა 50%-იც რომ აიღოს, მით უმეტეს თუ იგი არჩევნებამდე ჩამოივა, ჩათვალეთ, რომ მმართველი პარტია 43%-ს ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაძლევს.
„ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ალბათ მოინდომებს, მაგრამ მისი მასშტაბები არ იქნება ისეთი, რომ ხელისუფლება აიძულოს დათმობებზე წავიდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს," - თქვა ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სხვა ფაქტორი, რაც აიძულებს „ოცნებას", რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს, მაგალითად, დასავლეთის ზეწოლა, ძაბირაძემ განაცხადა:
„ამ შემთხვევაში დასავლეთის ზეწოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მეეჭვება, რომ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში დასავლეთმა მოისურვოს, რომ არასტაბილური ვითარება შექმნას. მეორეც, ხომ გახსოვთ ბაიდენმა ავღანეთთან დაკავშირებით რა თქვა? - ავღანელები თვითონ არ იბრძვიან და მათ მაგივრად რატომ უნდა ვიბრძოლოთო.
„დასავლეთს არა მხოლოდ ახლა, საბჭოთა კავშირის დროსაც ასეთი პოლიტიკა ჰქონდა. დასავლ;ეთმა მშვენივრად იცის, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს ისეთი, რომ ძაფზე ეკიდოს. დღეს მოსახლეობაში არაა ისეთი განწყობები, როგორიც 2003 და 2012 წლებში იყო. როცა ასეთი განწყობა გაჩნდება დასავლეთის ფაქტორი იმუშავებს, სხვა შემთხვევაში არა და არც არასდროს უმუშავია," - განაცხადა ძაბირაძემ.