უახლოეს მომავალში აშშ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა აშშ ავღანეთში თალიბების ხელისუფლების აღიარებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
არა. აქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.
2 სექტემბერს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ რადიკალური მოძრაობა „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას არ განიხილავს.
„არავინ უნდა მიიჩნევდეს, რომ ამჟამად ჩვენ „თალიბანისთვის“ სანქციების შემსუბუქებას განვიხილავთ. ეს საკითხი აქტიურად არ განიხილება და ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
31 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის თითოეული ნაბიჯი დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს „თალიბანის“ ხელმძღვანელობა, არამედ იმაზე, რას აკეთებს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.